MIT-ის მეცნიერებმა ჭკვიანი აბი შექმნეს, რომელიც ექიმს წამლის მიღების შესახებ ინფორმაციას დისტანციურად უგზავნის

გააზიარე

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) ინჟინრებმა ინოვაციური „ჭკვიანი აბი“ შექმნეს, რომელსაც ორგანიზმიდან სიგნალის გამოგზავნა და მედიკამენტის მიღების ფაქტის დადასტურება შეუძლია. ეს ტექნოლოგია მიზნად ისახავს ჯანდაცვის ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე რთულად მოსაგვარებელი გამოწვევის – მკურნალობის რეჟიმის დარღვევის (Non-adherence) პრობლემის გადაჭრას.

რა პრობლემას აგვარებს „ჭკვიანი აბი“?

მედიცინაში არსებობს სერიოზული გამოწვევა. ექიმმა შეიძლება დანიშნოს საუკეთესო მკურნალობა, მაგრამ მისი ეფექტურობა ნულამდე დადის, თუ პაციენტს წამლის მიღება ავიწყდება ან კურსს ნაადრევად წყვეტს. სტატისტიკურად, მკურნალობის რეჟიმის უგულებელყოფა ყოველწლიურად ასობით ათას პრევენცირებად სიკვდილიანობას იწვევს და ჯანდაცვის სისტემას მილიარდობით დოლარი უჯდება.

განსაკუთრებით მძიმეა ეს პრობლემა მაღალი რისკის ჯგუფებში. მაგალითად, ორგანოგადანერგილი პაციენტებისთვის იმუნოსუპრესანტების ერთი დოზის გამოტოვებამაც კი შეიძლება ორგანიზმის მიერ ორგანოს მოცილება (რეჟექცია) გამოიწვიოს. MIT-ის ახალი ტექნოლოგია სწორედ ამ ადამიანურ შეცდომებს აზღვევს. ჭკვიანი აბი ექიმებსა და მომვლელებს საშუალებას აძლევს, დარწმუნებით იცოდნენ, რომ პაციენტმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი ნამდვილად მიიღო.

როგორ მუშაობს სისტემა?

ინოვაციური ტექნოლოგია ეფუძნება ბიოდეგრადირებად რადიოსიხშირულ (RF) ანტენას, რომელიც უშუალოდ მედიკამენტის კაფსულაშია ინტეგრირებული და სპეციალური დამცავი ფენითაა დაფარული. ცელულოზის, მოლიბდენის ან ვოლფრამისგან დამზადებული ეს გარსი ბლოკავს სიგნალის გადაცემას მანამ, სანამ პაციენტი აბს არ გადაყლაპავს, კუჭში მოხვედრის შემდეგ კი გარსი იხსნება და ანტენა გარე მოწყობილობას (მაგალითად, სმარტფონს) დაახლოებით 10 წუთში უგზავნის დადასტურებას.

უფრო დეტალური განმარტებისთვის, „ჭკვიანი“ სისტემა დამოუკიდებელ მედიკამენტს არ წარმოადგენ. ის მინიატურული ელექტრონული კომპონენტია, რომელიც უშუალოდ სამკურნალო კაფსულის შიგნით თავსდება. პაციენტი მას ჩვეულებრივ წამალთან ერთად ყლაპავს, რაც პროცესს მაქსიმალურად მარტივს ხდის.

კაფსულის კუჭში მოხვედრისა და მისი დამცავი გარსის გახსნისთანავე, შიგნით არსებული ანტენა იშლება და პაციენტის სხეულზე მოთავსებული გარე მიმღებისგან (მაგალითად, სამაჯურისგან) მიღებულ რადიოსიხშირულ სიგნალს უკან აბრუნებს.

ეს გარე მოწყობილობა მომენტალურად აფიქსირებს აბის გააქტიურებას და ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ექიმის პლატფორმაზე გადასცემს. ამგვარად, ექიმი ზუსტად აკონტროლებს იმას ნამდვილად მოხვდა თუ არა მედიკამენტი პაციენტის ორგანიზმში.

საგულისხმოა, რომ სისტემის უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული. ანტენა თუთიისა და ცელულოზისგან შედგება და ორგანიზმში ერთ კვირაში სრულად იშლება, ხოლო ერთადერთი არა-ბიოდეგრადირებადი ნაწილი, მიკროსკოპული ჩიპი, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ყოველგვარი გართულების გარეშე, ბუნებრივი გზით ტოვებს.

სამომავლო პერსპექტივები

ცხოველებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ სისტემა წარმატებით გადასცემს სიგნალს კუჭიდან გარე მიმღებზე 60 სანტიმეტრის რადიუსში. მეცნიერები გეგმავენ კლინიკური კვლევების დაწყებას ადამიანებზე, რათა „ჭკვიანი აბი“ ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკაში დაინერგოს.

MIT-ის მკვლევრის, ჯოვანი ტრავერსოს განმარტებით, ახალი „ჭკვიანი აბი“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალი რისკის პაციენტებისთვის, მათ შორის ორგანოგადანერგილი პირებისთვის, რომლებთანაც ერთი დოზის გამოტოვებამაც კი შეიძლება ორგანოს მოცილება გამოიწვიოს, ასევე ქრონიკული ინფექციების (ტუბერკულოზი, აივ-ინფექცია) მქონე პაციენტებისა და ნეიროფსიქიატრიული აშლილობის მქონე პირებისთვის, რომელთაც მკაცრი გრაფიკის დაცვა განსაკუთრებით უჭირთ.

წყარო: Nature

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები