წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მკვლევრების ახალი კვლევა აჩვენებს, რომ გამოსავალი არაა ეჭვების უბრალოდ იგნორირება, ამის ნაცვლად, ჯობს სერიოზულად შეაფასო ყველა არგუმენტი.
ჟურნალში Self and Identity გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ე.წ. „მეტა-კოგნიტური ეჭვი“ ანუ საკუთარი ფიქრების სისწორეში დაეჭვება შესაძლოა ადამიანს დასახული მიზნისადმი ერთგულების განმტკიცებაში დაეხმაროს.
კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექსპერიმენტები, სადაც მონაწილეებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი პიროვნული მიზნების მიმართ „მოქმედების კრიზისი“ (ყოყმანი) ახასიათებდათ, ხელოვნურად აღუძრეს ეჭვი საკუთარი აზრების მიმართ.
ექსპერიმენტს კვლევის წამყვანი ავტორი პროფესორი პატრიკ ქეროლი უძღვებოდა. თავდაპირველად, ქეროლმა 267 მონაწილეს სთხოვა დაესახელებინათ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნული მიზანი (მაგალითად, კარიერული წინსვლა). მონაწილეებს სპეციალური შკალის მეშვეობით უნდა შეეფასებინათ, რამდენად ეპარებოდათ ეჭვი ამ მიზნის მიღწევაში. ამით მკვლევარმა გამოყო ის ადამიანები, რომლებსაც ე.წ. „მოქმედების კრიზისი“ ჰქონდათ ანუ ყოყმანობდნენ, ღირდა თუ არა მიზნისთვის ბრძოლის გაგრძელება.
შემდეგ ეტაპზე პროფესორმა მონაწილეები ორ ჯგუფად გაყო და მათ ვითომდა „სხვა კვლევის“ ფარგლებში წერითი დავალება მისცა. პირველ ჯგუფს დააწერინეს ისტორია იმ შემთხვევაზე, როდესაც ისინი დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ აზროვნებაში. მეორე ჯგუფს კი სთხოვეს გაეხსენებინათ მომენტი, როდესაც მათ საკუთარ ფიქრებში ეჭვი შეეპარათ და მიხვდნენ, რომ შეცდნენ. ამ სავარჯიშოს მიზანი იყო ადამიანის ტვინი გარკვეულ განწყობაზე დაეყენებინათ, აღეძრათ მათში საკუთარი ფიქრებისადმი ნდობა ან უნდობლობა.
ექსპერიმენტის დასასრულს მონაწილეები ისევ თავიანთ მთავარ მიზანს მიუბრუნდნენ. შედეგები ერთი შეხედვით პარადოქსული, თუმცა ფსიქოლოგიურად ლოგიკური აღმოჩნდა:
პირებმა, რომლებმაც დაწერეს ისტორია საკუთარ აზროვნებაში დაეჭვების შესახებ, უფრო მეტი მონდომება გამოიჩინეს მიზნის მისაღწევად. მათმა „მეტა-კოგნიტურმა ეჭვმა“ (ეჭვმა საკუთარ ფიქრებში) კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მათივე თავდაპირველი შიში. მათმა ტვინმა დაასკვნა: „თუ ჩემი ფიქრები ხშირად მცდარია, იქნებ ჩემი ეჭვიც, რომ მიზანს ვერ მივაღწევ, ტყუილია?“.
კვლევის მონაწილეებმა, რომლებმაც საკუთარ ფიქრებში დარწმუნებულობაზე დაწერეს, პირიქით უფრო მარტივად თქვეს უარი მიზნებზე. მათმა თავდაჯერებულობამ გაამყარა მათივე ეჭვი, რომ მიზანს ვერ მიაღწევდნენ. მათ ქვეცნობიერად დაიჯერეს: „მე ჩემი ფიქრების მჯერა; ჩემი ფიქრები მეუბნება, რომ ვერ შევძლებ, ესე იგი ეს სიმართლეა“.
როგორც პროფესორი ქეროლი განმარტავს: „ეჭვს პლუს ეჭვი, ნაკლებ ეჭვს უდრის“. ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ როდესაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გვეპარება, გამოსავალი ამ ეჭვის იგნორირება კი არა, არამედ თავად ამ ეჭვის ვალიდურობაზე დაფიქრებაა.
მეორე ექსპერიმენტში მკვლევარმა ეჭვის აღსაძვრელად ორიგინალური მეთოდი გამოიყენა: მონაწილეებს ტესტი არადომინანტური ხელით შეავსებინეს. არამყარი კალიგრაფია ქვეცნობიერად აღიქმებოდა, როგორც ნიშანი იმისა, რომ მათი ფიქრებიც (მათ შორის ეჭვი მიზნის მიმართ) არასწორი ან არავალიდური იყო.
პროფესორი ქეროლი აღნიშნავს, რომ ამ მეთოდის დამოუკიდებლად გამოყენება რთულია, რადგან ეფექტი მაშინ მუშაობს, როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს კავშირს ამ ორ მოვლენას შორის. ამაში ადამიანს შესაძლოა თერაპევტი, მეგობარი ან მშობელი დაეხმაროს, რომელიც მას საკუთარი ეჭვების სისწორეში დააეჭვებს.
ამასთანავე, მკვლევარი გვაფრთხილებს, რომ ეს ტექნიკა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რათა თავმდაბლობა ზედმეტი თავდაჯერებულობით არ შეიცვალოს და ადამიანმა საღი განსჯის უნარი არ დაკარგოს.
წყარო: Self And Identity

