მხედველობის საიდუმლო ამოხსნილია: როგორ ახერხებს თვალი სამყაროს მაქსიმალური სიზუსტით აღქმას

გააზიარე

მეცნიერები წლების განმავლობაში დავობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს ადამიანი სახეების ამოცნობას, წვრილი შრიფტის კითხვასა და ბუნების დეტალების აღქმას უმაღლესი სიზუსტით. ალაბამას უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ ის ბიოლოგიური მექანიზმი გამოავლინა, რომელიც ადამიანის მხედველობის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს განაპირობებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი გამორჩეულად მკვეთრი მხედველობა იმ სინათლის მიმღები უჯრედების დამსახურებაა, რომლებსაც კონუსური ფოტორეცეპტორები ან, უბრალოდ, გირჩები ეწოდება. ეს უჯრედები თვალის ბადურის ცენტრშია თავმოყრილი და პასუხისმგებელია როგორც ფერების აღქმაზე, ისე გამოსახულების მაღალ სიზუსტეზე.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თითოეული ასეთი გირჩი ტვინს ინფორმაციას ინდივიდუალურად, ერთგვარი „პირადი ხაზით“ აწვდის. აქამდე მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ამ უჯრედებიდან წამოსული სიგნალები ტვინამდე მისვლამდე მეზობელ უჯრედებს ერეოდა, რაც გამოსახულების მკვეთრ დეტალებს „დღაბნიდა“. თუმცა, ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ სინამდვილეში ინფორმაცია სრული სიზუსტით, ყოველგვარი შერევის გარეშე გადაეცემა, რაც საშუალებას გვაძლევს, უმცირესი დეტალებიც კი მკაფიოდ აღვიქვათ.

რატომ არის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი?

კვლევამ გასცა პასუხი ფუნდამენტურ კითხვას იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს მხედველობის სიმახვილეს – თვალის აგებულება, ტვინი თუ ორივე ერთად. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც თვალის ოპტიკური ხარვეზები, მაგალითად, ახლომხედველობა გასწორებულია, ბადურა ინფორმაციას იმ მაქსიმალური სიზუსტით აწვდის, რისი ფიზიკური შესაძლებლობაც ცალკეულ უჯრედებს გააჩნიათ, ტვინი კი, თავის მხრივ, სრულად ინარჩუნებს და იყენებს ამ დეტალურ მონაცემებს.

სწორედ ეს ხსნის იმ გაოცების მომენტს, როდესაც პაციენტი პირველად ირგებს სწორად შერჩეულ სათვალეს და მოულოდნელად მკაფიო გამოსახულებას ხედავს. აღმოჩნდა, რომ ტვინი კი არ „ეჩვევა“ ცუდ მხედველობას, არამედ ბადურა ყოველთვის მზად არის მაქსიმალურად მკაფიო სიგნალის გადასაცემად, რისთვისაც მხოლოდ გამოსახულების სწორი ფოკუსირებაა საჭირო.

კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა

ეს აღმოჩენა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ანატომიურ და ფიზიოლოგიურ ცოდნას აერთიანებს. ოპტომეტრისტებისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რამდენად კრიტიკულია მხედველობის მაქსიმალურად ზუსტი კორექცია. ბადურას აქვს პოტენციალი, მოგვცეს იდეალური გამოსახულება, თუკი მას ოპტიკურად ამის საშუალებას მივცემთ.

მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა საფუძველს ჩაუყრის თვალის მოვლისა და მხედველობის კორექციის ახალ კვლევებს, რაც მომავალში პაციენტებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას დაჰპირდება.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები