ინტერვალური შიმშილი თრომბის წარმოქმნის რისკს ამცირებს

გააზიარე

ამ დრომდე ინტერვალური შიმშილი წონისა და სისხლში შაქრის დონის სამართავად გამოიყენებოდა. ახლა კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის, შესაძლოა, სისხლის შედედების რისკსაც ამცირებდეს.

ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს, როგორ მოქმედებს ინტერვალური შიმშილი სისხლის შედედებაზე. კვლევაში მონაწილეობდა გულის პათოლოგიის მქონე 160 პაციენტი, აგრეთვე თაგვები, რომლებიც ვასკულარული დაავადების შესასწავლად გამოიყენეს.

კვლევის პროცესში მეცნიერები მხოლოდ კალორიების დათვლით არ შემოფარგლულან. ისინი აკვირდებოდნენ მიკრობიომს. აღმოჩნდა, რომ კვებისგან თავის შეკავების პერიოდში ნაწლავის ბაქტერიები იცვლებიან, რის შედეგადაც იზრდება სასარგებლო ნივთიერების – IPA-ს (ინდოლ-3 პროპიონის მჟავა) რაოდენობა.

როგორ გვეხმარება ეს ქიმიური ნაერთი?

შიმშილის დროს ნაწლავის ბაქტერიები IPA-ს გამოიმუშავებენ. ეს ნივთიერება არეგულირებს თრომბოციტების აქტივობას. როცა თრომბოციტები ნაკლებად აქტიურები არიან, თრომბის წარმოქმნის ალბათობაც მცირდება. კვლევის მიხედვით, იმ ადამიანებსა და თაგვებს, რომლებიც შიმშილობდნენ, აღენიშნებოდათ: 

ნაკლები თრომბი არტერიებში

თრომბოციტების ერთმანეთთან ნაკლები შეკავშირება

გულისა და ტვინის შედარებით მცირე ნაწილის დაზიანება სისხლის ნაკადის ბლოკირების შემთხვევაში 

მეტიც, IPA თრომბოციტებში სპეციალურ „გამორთვის“ სიგნალს ააქტიურებს, რაც თრომბების წარმომქმნელ ჯაჭვურ რეაქციას აჩერებს.

ეს პირველი მკაფიო მტკიცებულებაა, რომ კვების ინტერვალების ცვლილებას წამლების გარეშეც კი შეუძლია შეამციროს სისხლის შედედების რისკი. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ, კვლევის შედეგების მიუხედავად, კვების ეს ტიპი ყველასთვის უსაფრთხო არ არის. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებმა ინტერვალური კვების დაწყებამდე აუცილებლად უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია.

 

წყარო: Life Metabolism

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები