ახალი კვლევის მიხედვით, მკითხველები ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილ მოთხრობებს ხარისხითა და შინაარსით უფრო მაღალ შეფასებას აძლევენ, ვიდრე ადამიანის შექმნილ ტექსტებს. ჟურნალ Judgment and Decision Making-ში გამოქვეყნებული ექსპერიმენტის ფარგლებში 1 600-ზე მეტმა ზრდასრულმა წაიკითხა როგორც რეალური ავტორების, ისე ChatGPT-ის გენერირებული ტექსტები. შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს ტექნოლოგიისა და ადამიანის ნაწერის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ.
კვლევამ ერთი საინტერესო პარადოქსი გამოავლინა: როდესაც მკითხველებმა არ იცოდნენ ნამდვილი ავტორის ვინაობა, ყველაზე მაღალი შეფასება ხელოვნური ინტელექტის გენერირებულ ტექსტებს მიანიჭეს, რადგან მათი წაკითხვა და გაგება უფრო მარტივი იყო. თუმცა, როგორც კი მონაწილეებს ეუბნებოდნენ, რომ მოთხრობა ადამიანის დაწერილი იყო, ისინი მას მაშინვე უფრო მაღალი ქულით აფასებდნენ.
დამატებითი ექსპერიმენტებისას მეცნიერებმა სცადეს გაერკვიათ, შეეძლოთ თუ არა ადამიანებს ავტორის ვინაობის გამოცნობა. დადგინდა, რომ მკითხველთა უმრავლესობას არ აქვს უნარი, ზუსტად განასხვავოს ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნაშრომები, ხოლო გამოცნობის მაჩვენებელი შემთხვევითობის პრინციპს უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიის მიერ გენერირებული ტექსტების ხარისხი ადამიანისას უტოლდება ან აღემატება, კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ეს წერის ადამიანური უნარების დაკნინებას არ ნიშნავს.
ექსპერტების აზრით, წერა თვითგამოხატვის ფორმაა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება ამ პროცესს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა არსებული პროგრესი უკვე მოითხოვს ლიტერატურულ სივრცეში AI-ის მიერ შექმნილი ან თანაავტორობით დაწერილი ნაწარმოებებისთვის ადგილის დამკვიდრებას. მეორე მხრივ, სპეციალისტების ნაწილი მწერლობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მკაცრად აკრიტიკებს. ისინი მიუთითებენ, რომ ტექნოლოგია რეალური ავტორების უზარმაზარ მონაცემთა ბაზებზეა დაფუძნებული და ლიტერატურაში მსგავსი სისტემების ინტეგრაცია მწვავე ეთიკურ პრობლემებს ქმნის.
წყარო: The Guardian

