რატომ არ ვართ უკვდავები — რას გვიმალავს დაბერების მექანიზმები?

გააზიარე

ბავშვობაში ერთი სული გვაქვს, როდის გავიზრდებით. გვინდა, დამოუკიდებლები ვიყოთ, გვიან დავიძინოთ და არავინ გვითხრას, რომ ხვალ სკოლაში ვართ წასასვლელები.

შემდეგ ოცდაათს გადავცდებით და უცებ აღმოვაჩენთ, რომ ღამის გათენების შემდეგ ორგანიზმს აღსადგენად ორი დღე სჭირდება. ორმოცისკენ პირველი ჭაღარა თმაც ჩნდება, ხოლო ერთ დღეს სარკეში ისეთ ნაოჭს ვამჩნევთ, რომელიც “გუშინ” ნამდვილად არ გვქონდა.

რა ხდება ჩვენს ორგანიზმში? რატომ ვბერდებით და რატომ არ შეუძლია სხეულს საკუთარი თავის უსასრულოდ აღდგენა?

რატომ ვერ აღადგენს ორგანიზმი საკუთარ თავს უსასრულოდ?

ადამიანის სხეული დაახლოებით 30 ტრილიონი უჯრედისგან შედგება. ზოგი მათგანი ყოველდღიურად ახლდება, ზოგი წლების განმავლობაში ცოცხლობს, ზოგი კი თითქმის მთელი სიცოცხლე გვემსახურება.

ჩვენი ორგანიზმი უზარმაზარ ქალაქს ჰგავს, სადაც ტრილიონობით თანამშრომელი მუდმივად მუშაობს. ზოგი დაზიანებულ სტრუქტურებს აღადგენს, ზოგი უჯრედულ ნარჩენებს შლის, ზოგი კი ენერგიის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი.

ჩვენს სხეულშიც მუდმივად მიმდინარეობს უჯრედების განახლება, დაზიანებების გამოსწორება და სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის რეგულირება.

პრობლემა ისაა, რომ დროთა განმავლობაში დაზიანებები გროვდება, ხოლო მათი გამოსწორების სისტემები ყოველთვის სრულყოფილად ვერ მუშაობს. ეს დაბერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

დნმ-შიც გროვდება შეცდომები

ჩვენი დნმ ორგანიზმის ერთგვარი ინსტრუქციაა. მასში წერია, როგორ უნდა წარმოქმნას უჯრედმა სხვადასხვა ცილა და როგორ შეასრულოს საკუთარი ფუნქციები.

ყოველდღიურად დნმ უამრავ დაზიანებას განიცდის. ამის მიზეზი შეიძლება იყოს უჯრედის ჩვეულებრივი მუშაობა, ულტრაიისფერი გამოსხივება ან სხვადასხვა ქიმიური პროცესი.

საბედნიეროდ, უჯრედებს სპეციალური მექანიზმები აქვთ, რომლებიც დაზიანებებს ამოიცნობენ და ასწორებენ.

წარმოიდგინეთ კომპიუტერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობს. სისტემას შეცდომების აღმოჩენა და გამოსწორება შეუძლია, თუმცა დროთა განმავლობაში პრობლემები მაინც შეიძლება დაგროვდეს.

დნმ-ის დაზიანებებიც დაბერების პროცესის ნაწილია, თუმცა მხოლოდ მათით ყველაფერი არ აიხსნება.

ტელომერები — უჯრედების დამცავი დაბოლოებები

აქ სცენაზე ტელომერები გამოდიან!

ტელომერები ქრომოსომების ბოლოებზე არსებული დამცავი უბნებია. მათი ფუნქციის გასაგებად ფეხსაცმლის თასმები გაიხსენეთ. თასმის ბოლოებში პატარა პლასტმასის დამცავებია, რომლებიც მას დაშლისგან იცავს. ტელომერებიც დაახლოებით ასეთ როლს ასრულებენ ქრომოსომებისთვის.

უჯრედების გაყოფისას ტელომერები, როგორც წესი, მოკლდება. როდესაც ისინი კრიტიკულად მოკლე ხდება, უჯრედმა შეიძლება გაყოფა შეწყვიტოს.

ერთი შეხედვით, გამოსავალი მარტივია: გავახანგრძლივოთ ტელომერები და სამუდამოდ ახალგაზრდები დავრჩეთ… სამწუხაროდ, ასე არ მუშაობს. ტელომერების სიგრძე დაბერების მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია. თანაც უჯრედების შეუზღუდავი გაყოფა კიბოს განვითარების რისკთანაც არის დაკავშირებული.

უჯრედები, რომლებიც პენსიაზე გადიან, მაგრამ სამსახურს არ ტოვებენ

დაბერების კიდევ ერთი საინტერესო მონაწილე სენესცენტური უჯრედებია. ეს უჯრედები გაყოფას წყვეტენ, თუმცა ორგანიზმში რჩებიან. ზოგჯერ ისინი სასარგებლოც არიან, მაგალითად, დაზიანებული ქსოვილის აღდგენისას.

პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ასეთი უჯრედები ზედმეტად გროვდება. ზოგი მათგანი გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც ანთებით პროცესებს უწყობს ხელს და მეზობელი უჯრედების მუშაობაზეც მოქმედებს.

წარმოიდგინეთ თანამშრომელი, რომელიც აღარ მუშაობს, სამსახურიდანაც არ მიდის და თან დანარჩენებს ხელს უშლის. დაახლოებით ესაა სენესცენტური უჯრედი.

მეცნიერები სწავლობენ პრეპარატებს, რომლებსაც სენოლიტიკები ეწოდება. მათი მიზანი გარკვეული სენესცენტური უჯრედების მოცილებაა. ცხოველებზე მიღებული ზოგიერთი შედეგი იმედისმომცემია, თუმცა ადამიანებში დაბერების შესანელებლად მათი ეფექტიანობა ჯერ დადასტურებული არ არის.

რატომ ცოცხლობს ზოგი ცხოველი რამდენიმე საუკუნე?

ბუნებაში დაბერების ტემპი საოცრად განსხვავდება. მაგალითად, გრენლანდიურ ზვიგენს რამდენიმე საუკუნე შეუძლია იცოცხლოს. მეცნიერების შეფასებით, ზოგი მათგანი, შესაძლოა, 400 წელსაც აღწევდეს.

არსებობს კიდევ უფრო უცნაური მაგალითი: მედუზა Turritopsis dohrnii, რომელსაც გარკვეულ პირობებში განვითარების ადრეულ სტადიაზე დაბრუნება შეუძლია.

თითქოს ზრდასრულმა ადამიანმა ერთ დღეს გადაწყვიტოს, რომ ისევ ბავშვად გადაიქცევა და ცხოვრება თავიდან დაიწყოს.

ეს მედუზას უკვდავს არ ხდის; მასაც შეუძლია დაავადდეს ან სხვა ცხოველის მსხვერპლი გახდეს. და მაინც, მისი ბიოლოგია აჩვენებს, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს სიცოცხლის ციკლები.

რატომ არ შეგვქმნა ევოლუციამ უკვდავები?

ყველაზე საინტერესო კითხვა ალბათ ესაა: თუ ორგანიზმს საკუთარი თავის აღდგენა შეუძლია, რატომ არ აკეთებს ამას უსასრულოდ?

პასუხის ნაწილი ევოლუციაში იმალება: ბუნებრივი გადარჩევა ორგანიზმებს მარადიული სიცოცხლისთვის არ ქმნის. ის ხელს უწყობს ისეთი თვისებების გავრცელებას, რომლებიც გადარჩენასა და გამრავლებას ეხმარება.

ბუნებაში ცხოველების დიდი ნაწილი სიბერემდე ვერც აღწევს. მათ მტაცებლები, დაავადებები, შიმშილი და სხვა საფრთხეები ემუქრებათ.

მაგალითად, თუ ცხოველს ბუნებრივ გარემოში საშუალოდ მხოლოდ რამდენიმე წელი აქვს გადარჩენის შანსი, ასწლიანი სიცოცხლისთვის საჭირო ბიოლოგიური მექანიზმების განვითარება შეიძლება ევოლუციურად ნაკლებად მომგებიანი აღმოჩნდეს. ბუნებრივი გადარჩევა ხშირად უპირატესობას ანიჭებს იმ თვისებებს, რომლებიც ორგანიზმს გამრავლებაში ეხმარება, და არა აუცილებლად მათ, რომლებიც მაქსიმალურად ხანგრძლივ სიცოცხლეს უზრუნველყოფს.

სწორედ ამიტომ, ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა ორგანიზმები, რომლებსაც დაზიანებების აღდგენის შთამბეჭდავი შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ეს მექანიზმები უსასრულოდ ეფექტიანი არ არის..

შევძლებთ ოდესმე დაბერების შეჩერებას?

დღეს მეცნიერები დაბერების მრავალ მექანიზმს სწავლობენ: დნმ-ის დაზიანებებს, უჯრედულ სენესცენციას, მეტაბოლურ ცვლილებებსა და სხვა პროცესებს.

ზოგიერთმა ექსპერიმენტმა ცხოველებში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაც შეძლო. ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ ადამიანებისთვის დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური მკურნალობა არსებობს.

შესაძლოა, მომავალში დაბერებასთან დაკავშირებული დაავადებების გადავადება და ჯანმრთელი სიცოცხლის გახანგრძლივება შევძლოთ.

და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ასი წლის ასაკში ღამის გათენების შემდეგ თავი ისევე მხნედ ვიგრძნოთ, როგორც ამას 20 წლის ასაკში ვიზამდით.

მანამდე კი მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ისაა, რომ დაბერება მხოლოდ კალენდარში წლების მატება არ არის. ეს რთული ბიოლოგიური პროცესია, რომლის მექანიზმებსაც სულ უფრო უკეთ ვიგებთ.

და რაც მთავარია, ამ პროცესის სიჩქარე ბუნებაში უცვლელი არ არის.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები