„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2026 წლის 5 ნოემბერს დაარსდა საქართველოს ტკივილის მედიცინის ფედერაცია Georgian Pain Medicine Federation (GPMF)
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კონსულტაციები ქართველ და ევროპელ კოლეგებთან. რატომ ფედერაცია და არა სამეცნიერო ან კლინიკური საზოგადოება? იმიტომ, რომ ტკივილი, განსაკუთრებით ქრონიკული, კომპლექსური პრობლემაა და მისი ეფექტური მართვა მულტიდისციპლინურ მიდგომას მოითხოვს.
ფედერაცია გააერთიანებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ინსტიტუციურ წევრებს.
GPMF-ის სახელით, ვიწვევთ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ნევროლოგებს, ფსიქოლოგებს, ონკოლოგებს, რეაბილიტოლოგებს, ნეიროქირურგებს, ორთოპედ-ტრავმატოლოგებსა და ყველა იმ სპეციალისტს, ვისაც პროფესიული შეხება აქვს ტკივილის მართვასთან. თანამშრომლობისთვის ვიწვევთ პროფესიულ ასოციაციებსა და სხვა შესაბამის ორგანიზაციებსაც.
ფედერაციაში შეიქმნება მულტიდისციპლინური საბჭო და დარგობრივი კომიტეტები, რომლებიც იმუშავებენ მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის საქართველოში ტკივილის მედიცინის ეროვნული მოდელის შემუშავებასა და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობაზე.
ბოლო 2 წლის ტკივილის სტატისტიკა საქართველოში დრამატულია, რესურსები უსუსური. შესაბამისად, ამ მხრივ სამუშაო საკმაოდ ბევრია.
დეტალურ ინფორმაციას წლის ბოლომდე გაგიზიარებთ“, — წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ტკივილის მედიცინის ფედერაცია (GPMF).

