გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჩატარებულმა „დემოგრაფიული მომავლის კვლევამ“ (Demographic Futures Survey, 2025) აჩვენა, რომ ახალგაზრდებისთვის ოჯახი და შვილების ყოლა კვლავ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მიზნებად რჩება. კვლევის შედეგები ეწინააღმდეგება გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს თანამედროვე ახალგაზრდებს ოჯახური ცხოვრება და მშობლობა ნაკლებად აინტერესებთ. კვლევის მიხედვით, მთავარი გამოწვევა არა შვილების ყოლის სურვილის შემცირება, არამედ ის სოციალური, ეკონომიკური და ინსტიტუციური ფაქტორებია, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი გეგმების განხორციელებაში უშლის ხელს.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18-39 წლის ასაკის 13 ათასზე მეტმა რესპოდენტმა, მათ შორის საქართველოდან. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის ქორწინება და შვილების ყოლა კვლავ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და სამომავლო გეგმებს შორის რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შექმნისა და მშობლობის სურვილი ახალგაზრდებში კვლავ ძლიერია, ამ მიზნების განხორციელება ხშირად დამოკიდებულია მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ გარემო პირობებზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდების რეპროდუქციულ გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა, დამოუკიდებელი საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, განათლებისა და კარიერული განვითარების დასრულების სურვილი, ასევე ოჯახურ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული გენდერული მოლოდინები.
საქართველოში ახალგაზრდები განათლების დასრულებასა და კარიერულ დამკვიდრებას მშობლობის მნიშვნელოვან წინაპირობებად განიხილავენ. ქართველი ახალგაზრდების 60% განათლების დასრულებას შვილის გაჩენამდე „ძალიან მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს, ხოლო 58% ანალოგიურ მნიშვნელობას ანიჭებს კარიერულ სტაბილურობას. აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდები მშობლობის გადაწყვეტილებას მხოლოდ სუბიექტურ სურვილებს არ უკავშირებენ; მათთვის უპირველესი პრიორიტეტია პერსონალური განვითარების, პროფესიული საქმიანობისა და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა.
საქართველოში მშობლობის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში საკუთარი საცხოვრებლის ქონა ერთ-ერთ გადამწყვეტ სოციალურ-ეკონომიკურ წინაპირობად სახელდება. ახალგაზრდებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, სტაბილური დასაქმება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ურთიერთდამოკიდებულ და კომპლექსურ საკითხებს წარმოადგენს. კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მაღალი ქირის ღირებულება, დაბალი შემოსავლები და ეკონომიკური არასტაბილურობა ართულებს ოჯახის შექმნისა და მშობლობის გეგმების განხორციელებას.
ფინანსური უზრუნველყოფა საქართველოში მშობლობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობად რჩება. კვლევის მიხედვით, ფინანსური პრობლემები შვილის ყოლისგან თავის შეკავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამასთან, ახალგაზრდები მნიშვნელოვან ბარიერებად ასახელებენ ჯანმრთელობის პრობლემებს, შესაფერისი პარტნიორის არყოლასა და სათანადო საცხოვრებლის ნაკლებობას. აღნიშნული გარემოებები განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება ქალი რესპონდენტების მიერ, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ბავშვის მოვლისა და ფინანსური პასუხისმგებლობების არათანაბარი გადანაწილების ტვირთზე.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში დემოგრაფიული გამოწვევები მჭიდროდ არის დაკავშირებული გენდერულ სტერეოტიპებსა და როლებთან. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები ოჯახურ პასუხისმგებლობებში აქტიური ჩართულობის მზაობას გამოხატავენ, მათ იდენტობაში კვლავ დომინირებს ტრადიციული „მარჩენლის“ ფუნქცია. თავის მხრივ, ქალებში ფიქსირდება შიში, რომ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ტვირთი კვლავ მათზე იქნება კონცენტრირებული, რაც მათ ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობისკენ უბიძგებს.
ამასთან, მცირეწლოვანი ბავშვის დედების დასაქმების საკითხი კვლავ საზოგადოებრივი ნორმებისა და სტერეოტიპების გავლენის ქვეშ რჩება. კერძოდ, ქალი რესპონდენტების 39% უარყოფითად აფასებს 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედის სრულ განაკვეთზე მუშაობის პრაქტიკას. აღსანიშნავია, რომ მამების შემთხვევაში მსგავსი ნეგატიური დამოკიდებულება ნაკლებად ვლინდება, რაც ცალსახად მიუთითებს ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობის განაწილების საკითხში არსებულ გენდერულ ასიმეტრიასა და საზოგადოებრივ მოლოდინთა დიფერენციაციაზე.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ქორწინება საქართველოში კვლავ პარტნიორული ურთიერთობის ლეგიტიმურ და სასურველ ფორმად რჩება, სადაც ოჯახი და შვილები პერსონალური რეალიზაციისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენს. ამ მიზნების განხორციელება კი პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე, კერძოდ კი — ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, დასაქმების სტაბილურობასა და საცხოვრებელ უსაფრთხოებაზე.
არსებული სისტემური გამოწვევების მიუხედავად, ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი ოპტიმისტურად უყურებს მომავალს. ამასთან, კვლევა ცხადყოფს, რომ სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა ვერ იქნება ეფექტური, თუ ის მხოლოდ ფინანსური წახალისების მექანიზმებით შემოიფარგლება. როგორც UNFPA-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი, ფლორენს ბაუერი აღნიშნავს, აუცილებელია ისეთი სისტემური გარემოს ფორმირება, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, რეალურად განახორციელონ საკუთარი ცხოვრებისეული გეგმები, უზრუნველყონ რა სტაბილური დასაქმება, ღირსეული საცხოვრებელი პირობები და ოჯახური პასუხისმგებლობების გენდერულად სამართლიანი გადანაწილება.
აღსანიშნავია, რომ UNFPA-ის კვლევა ონლაინ ფორმატში განხორციელდა და, შესაბამისად, ასახავს ინტერნეტთან წვდომის მქონე 18-39 წლის ახალგაზრდების პერსპექტივებს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები ქვეყნის მთლიან მოსახლეობაზე სრულად ვერ განზოგადდება, იგი მნიშვნელოვან ანალიტიკურ სურათს ქმნის იმ სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების ოჯახურ და რეპროდუქციულ გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას.
წყარო: www.unfpa.org

