NHS-ის ახალი სტრატეგია: დიდ ბრიტანეთში 2035 წლისთვის მინიმალურად ინვაზიური ოპერაციების 90% რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება

გააზიარე

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) რობოტული ქირურგიის დარგის განვითარების მიზნით ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ინგლისის მთავრობის მიზანია, 2035 წლისთვის მინიმალურად ინვაზიური ოპერაციების 90% რობოტული ტექნოლოგიების დახმარებით განხორციელდეს. აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს როგორც ჯანდაცვის სისტემის ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას, ისე მომავალი თაობის ქირურგების სპეციალიზებულ მომზადებას.

ლონდონის „წმინდა ბართლომეს სახელობის ჰოსპიტალში“ უკვე გამოიყენება აშშ-ში დაფუძნებული კომპანია „ინტუიტივის“ ახალი da Vinci 5-ის რობოტული ქირურგიული სისტემა. სისტემის გამოყენებით გულმკერდის ქირურგმა საშა სტამენკოვიჩმა ფილტვის სიმსივნის მოცილების ოპერაცია ჩაატარა. ქირურგის განცხადებით, რობოტული ტექნოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული ანატომიური სტრუქტურების, მათ შორის მცირე ზომის სისხლძარღვებისა და სასუნთქი გზების მაქსიმალურად ზუსტი დამუშავებისთვის, რაც ხელს უწყობს ფილტვის ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალურად შენარჩუნებას.

რობოტ-ასისტირებული ოპერაციის დროს ქირურგი პაციენტთან უშუალო კონტაქტის ნაცვლად სპეციალურ კონსოლთან მუშაობს. მისი ხელის მოძრაობები რობოტულ მკლავებს გადაეცემა, რომლებიც ქირურგიულ ინსტრუმენტებს მართავენ. მაღალი გარჩევადობის კამერა ოპერაციული ველის სამგანზომილებიან გამოსახულებას ქმნის, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს, მცირე ზომის ანატომიური სტრუქტურები უფრო მკაფიოდ დაინახოს და მაღალი სიზუსტით დაამუშაოს. სისტემის კონსტრუქცია ასევე საშუალებას იძლევა, ინსტრუმენტებმა შეასრულონ რთული და ზუსტი მოძრაობები, რომელთა განხორციელებაც ადამიანის ხელით, განსაკუთრებით შეზღუდულ სივრცეში, რთულია.

რობოტული ქირურგია ძირითადად მინიმალურად ინვაზიური მიდგომის განვითარებას ემსახურება. ლაპაროსკოპიული ოპერაციების მსგავსად, ჩარევა მცირე ზომის განაკვეთებიდან ხორციელდება, რაც, როგორც წესი, დაკავშირებულია ნაკლებ პოსტოპერაციულ ტკივილთან, ნაკლებ ნაწიბუროვან ცვლილებებთან და აღდგენის შედარებით მოკლე პერიოდთან. რობოტული სისტემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ქირურგიული ინსტრუმენტების მოძრაობის მაღალი სიზუსტე და ოპერაციული ველის გაუმჯობესებული ვიზუალიზაცია.

რობოტული ტექნოლოგიები გამოიყენება სხვადასხვა ქირურგიულ მიმართულებაში, მათ შორის უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, კოლორექტულ, გულმკერდის, მუცლისა და ზოგად ქირურგიაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათი გამოყენება ისეთ ოპერაციებში, სადაც საჭიროა მცირე სივრცეში ზუსტი მანიპულაციები და ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნება.

რობოტული ქირურგიის შესაძლო უპირატესობები მხოლოდ ტექნიკურ სიზუსტეს არ უკავშირდება. უფრო მცირე ქირურგიული ტრავმა და სწრაფი პოსტოპერაციული აღდგენა შესაძლოა ამცირებდეს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და ხელს უწყობდეს პაციენტების უფრო სწრაფ დაბრუნებას ყოველდღიურ საქმიანობაში. NHS-ისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირება პოტენციურად ხელს შეუწყობს საწოლფონდის უფრო ეფექტიან გამოყენებას და დატვირთვის შემცირებას.

St Bartholomew’s Hospital-ში ჩატარებული რობოტული ფილტვის ოპერაციის ერთ-ერთი პირველი პაციენტის, 76 წლის იან მაკლეოდის გამოცდილებაც სწრაფ აღდგენაზე მიუთითებს. პაციენტის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ იგი დაახლოებით 30 წუთში უკვე ფეხზე იდგა, ხოლო საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ყოველდღიურ აქტივობას სწრაფად დაუბრუნდა. თუმცა, ცალკეული პაციენტის გამოცდილება ვერ განიხილება როგორც რობოტული ქირურგიის ეფექტიანობის ზოგადი მტკიცებულება და მისი კლინიკური უპირატესობები უნდა შეფასდეს შესაბამისი კლინიკური კვლევებისა და შედეგების სისტემური ანალიზის საფუძველზე.

რობოტული ქირურგიის ფართო დანერგვის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად გაერთიანებულ სამეფოში სპეციალისტების მომზადება განიხილება. St Bartholomew’s Hospital-ში რობოტული ქირურგიისა და კვლევის მიმართულებას ხელმძღვანელობს საშა სტამენკოვიჩი, რომელიც ასევე ატარებს სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებს. მისი შეფასებით, ახალგაზრდა ქირურგები, რომლებიც ტექნოლოგიებთან მუშაობას უკვე რეზიდენტურისა და სპეციალიზებული ტრენინგის ეტაპზე იწყებენ, შესაძლოა ახალი სისტემების ათვისებაში უფრო სწრაფად ადაპტირდნენ.

რობოტულ პლატფორმაზე გადასვლა ქირურგებისთვის გარკვეულ გამოწვევებსაც ქმნის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პაციენტთან ფიზიკური სიახლოვის შემცირებაა. ქირურგი ოპერაციას კონსოლიდან მართავს და პაციენტის სხეულთან უშუალო მანიპულირების ნაცვლად ტექნოლოგიურ ინტერფეისს იყენებს. შესაბამისად, სპეციალისტის მომზადება მოითხოვს არა მხოლოდ ტრადიციული ქირურგიული უნარების, არამედ რობოტული სისტემის მართვის, სამგანზომილებიან ვიზუალიზაციასთან მუშაობისა და გუნდის კოორდინაციის განვითარებას.

რობოტული ქირურგიის ინტეგრაცია NHS-ში მნიშვნელოვან ორგანიზაციულ და ფინანსურ გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული. ინგლისის ქირურგთა სამეფო კოლეჯი აფრთხილებს, რომ რობოტული ოპერაციების ხელმისაწვდომობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არათანაბარია. ორგანიზაციის შეფასებით, რობოტული სისტემებისთვის დაფინანსების ერთიანი და სტაბილური მოდელის არარსებობის გამო ზოგიერთი საავადმყოფო მათი შესაძენად საქველმოქმედო დაფინანსებაზეც არის დამოკიდებული. ასეთი უთანაბრობა ქმნის რისკს, რომ თანამედროვე ქირურგიული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა პაციენტის საცხოვრებელ რეგიონზე იყოს დამოკიდებული.

ამ პირობებში რობოტული ქირურგიის განვითარება მხოლოდ ახალი მოწყობილობების შეძენას არ გულისხმობს. მისი ეფექტიანი ინტეგრაციისთვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ქირურგების, ექთნებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის სპეციალიზებული მომზადება, კლინიკური პროტოკოლების განვითარება, ხარისხის კონტროლი და გრძელვადიანი დაფინანსების მდგრადი მექანიზმების შექმნა.

დიდი ბრიტანეთის გამოცდილება მიუთითებს, რომ ქირურგიის მომავალი შესაძლოა სულ უფრო მეტად იყოს დაკავშირებული ადამიანისა და რობოტული ტექნოლოგიის თანამშრომლობასთან. ამ მოდელში რობოტი არ ანაცვლებს ქირურგს, არამედ ზრდის მისი შესაძლებლობების ტექნოლოგიურ რესურსს. შესაბამისად, „მომავლის ქირურგის“ მომზადება გულისხმობს როგორც მაღალი დონის კლინიკური და ქირურგიული ცოდნის შენარჩუნებას, ისე თანამედროვე რობოტული პლატფორმების უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოყენების უნარის განვითარებას.

წყარო: www.euronews.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები