back to top

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) ბავშვებში

გააზიარე

ბავშვებში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო ჩვევები ან შფოთვა. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბავშვი ებრძვის არასასურველ, შემაწუხებელ აზრებსა და განმეორებით ქმედებებს, რომლებიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას აფერხებს. OCD-ის ადრეული ამოცნობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დროული მკურნალობით შეგვიძლია მათ დავეხმაროთ სრულფასოვანი მომავლის შექმნაში.

რას წარმოადგენს ობსესიები და კომპულსიები?

ობსესიები – ეს არის შემაწუხებელი აზრები, რომელთა გაკონტროლება ბავშვს არ შეუძლია. მაგალითად, მას შეიძლება ეშინოდეს მიკრობების, მუდმივად წუხდეს ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე ან გრძნობდეს, რომ ვიღაცას ზიანს მიაყენებს.

კომპულსიები კი არის იძულებითი ქმედებები, რომლებსაც ბავშვი ასრულებს შფოთვის შესამცირებლად. ეს შეიძლება იყოს მუდმივი შემოწმება კარები ჩაკეტილია თუ არა, ხელების გადამეტებული დაბანა, საგნების იდეალურად დალაგება ან სიტყვების გამეორება.

ამ რიტუალების ვერ შესრულების შემთხვევაში ხშირია გაღიზიანება, სევდა ან იმედგაცრუება.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა  ბავშვების დაახლოებით 1%-ს აწუხებს. აღსანიშნავია, რომ ბიჭებში სიმპტომები უფრო ხშირად ბავშვობაში ვლინდება, ხოლო გოგონებში – მოზარდობის ან ახალგაზრდობის პერიოდში. OCD-ის ზუსტი მიზეზი სრულად შესწავლილი არ არის, მაგრამ მიიჩნევა, რომ მის პათოგენეზში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს.

OCD-ის განვითარებაში გენეტიკური წინასწარგანწყობა მნიშვნელოვანია. კვლევების თანახმად, მშობლისგან შვილზე OCD-ის გადაცემის ალბათობა 10-20%-ია. მიუხედავად ამისა, ბევრ ბავშვს, რომელსაც ეს აშლილობა აქვს, ოჯახში მსგავსი შემთხვევები არ ფიქსირდება. 

პროცესში ჩართულია ნეირობიოლოგიური ფაქტორებიც, რადგან ტვინის გარკვეული უბნები და ნერვული კავშირები OCD-ის სიმპტომებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია “ნასწავლი ქცევებიც”: ბავშვები ქმნიან რუტინებსა და ჩვევებს შფოთვის შესამცირებლად, რაც დროთა განმავლობაში ძლიერდება. 

როგორ დიაგნოსტირდება OCD?

ბავშვებში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) დიაგნოსტირებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები იყენებენ სპეციალურ კითხვარებს, რათა შეაფასონ ბავშვის ობსესიური აზრები და კომპულსიური ქცევები. ისინი ასევე სწავლობენ, რამდენად ხშირია ეს სიმპტომები, იწვევს თუ არა მნიშვნელოვან სტრესს და რამდენად უშლის ხელს ბავშვის ფუნქციონირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. სრულყოფილი წარმოდგენისთვის ექიმები ხშირად ესაუბრებიან მშობლებსა და მასწავლებლებსაც. დიაგნოზი ისმება მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა აშლილობების გამორიცხვის შემდეგ და ეფუძნება ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM-5) კრიტერიუმებს.

მკურნალობა და მშობლების როლი

ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი კოგნიტურ-ქცევითი თერაპიაა (CBT), კერძოდ, ექსპოზიციური თერაპია (ERP), რომლის დროსაც ბავშვები სწავლობენ, როგორ დაუპირისპირდნენ თავიანთ შიშებს რიტუალების გარეშე, რათა მიხვდნენ, რომ შფოთვა დროთა განმავლობაში თავისით გაივლის. ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომების შესამცირებლად შეიძლება დაინიშნოს მედიკამენტები, მაგალითად, სეროტონინის უკუშეწოვის სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs), რაც თერაპიის პროცესს კიდევ უფრო აადვილებს.

მშობლების როლი ამ პროცესში გადამწყვეტია. მათ უნდა მოუსმინონ შვილებს, სერიოზულად აღიქვან მათი  შიშები,  მიმართონ სპეციალისტს და სახლში გაამყარონ თერაპიის დროს შეძენილი უნარები. მნიშვნელოვანია, მშობლებმა ბავშვს დაანახონ, რომ გამოჯანმრთელება შესაძლებელია. OCD თავისით არ გაივლის, ამიტომ ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა და მკურნალობა, რათა თავი დააღწიოს ამ მანკიერ წრეს.

წყარო: Johns Hopkins 



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები