„მაშინ როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, თბილისში არა თუ მეცნიერება, შუქი და წყალიც კი ფუფუნება იყო. ვაკეთებდით რაღაცას, რასაც კონტურებიც კი არ ჰქონდა. წლების შემდეგ ამ ყველაფერს ქსოვილოვანი ინჟინერია უწოდეს, თუმცა მაშინ მე და ჩემნაირები ნახევარ მსოფლიოს გიჟები ვეგონეთ..“
გვიანი 90-იანების თბილისიდან ნიუ-იორკში მოხვედრილი ახალგაზრდა მეცნიერის თვალთახედვას პირველი რაც შეეჯახა, რა გასაკვირია რომ ცათამბჯენები იყო. მეხუთე ავენიუზე მდგომს, როდესაც ამ გიგანტებს შორის მომწყვდეულ ცის ვიწრო ზოლს შევხედე, პირველი რაც ვიგრძენი ჩემი სიპატარავე იყო – იხსენებს წლების შემდეგ ეკა ბერიშვილი. თუმცა უფრო დიდი საოცრებათა სამყარო აქედან მოშორებით, იეშივას უნივერსიტეტის, ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის ღეროვანი უჯრედებისა და ღვიძლის კვლევით ცენტრში შებიჯება იყო. მიუხედავად იმისა რომ შორეული და ტრანსფორმაციის მძიმე გზაზე გაჭედილი საქართველოდან ჩასულ ახალგაზრდა მეცნიერებს აკვირვებდა ყველაფერი რასაც ხედავდნენ, მთავარი იყო კვლევა და იდეა, რომელიც ატლანტიკის იქეთ ჩაიტანეს.
„იმ პერიოდში არა თუ მეცნიერება, ზოგადი განათლებაც უმძიმეს კრიზისში იყო საქართველოში. ფაქტობრივად არაფერი გვქონდა 90-იანი წლების თბილისში. რაღაც შუშის პირწატეხილი პეტრის ფინჯანი და ასეთივე სახელდახელოდ „გადაბინტული“ – როგორც ვხუმრობდით – პიპეტი. ჩემთვის იქ ჩასვლა საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრის ტოლფასი იყო. ჯიბეში 100 თუ 150 დოლარი გვედო, მაგრამ შევძელით ჩაგვეტანა კვლევა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებოდა. ასე გავიცანით პროფესორი სანჯივ გუფთა..“
მთავარია გჯეროდეს იმის რასაც აკეთებ, თუნდაც არავის მთელ სამყაროში ამის არ სჯეროდეს – გვპასუხობს კითხვაზე – რა იყო მთავარი მოტივაცია მისი მეცნიერად ჩამოყალიბების გზაზე. ჩვენ ვართ ადამიანის სიცოცხლისთვის მებრძოლები და ერთადერთი იარაღი რაც ხელთ გვაქვს მეცნიერებაა. მეცნიერებას კი ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს. ცნობისმოყვარე, ცელქი და საოცრად ხიფათიანი ბავშვი – ასე იხსენებს თავის ბავშვობას, ახლა ჟენევის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერია და საკვლევ ობიექტადაც ასეთივე სახიფათო პრობლემა აირჩია – პირველი ტიპის დიაბეტი, ოღონდ სულ სხვა პერსპექტივით – გახდეს ორგანოს არქიტექტორი!
პირველი ტიპის დიაბეტი მსოფლიო გამოწვევაა, რომელსაც 9 მილიონზე მეტი ადამიანი ებრძვის. ებრძვის – როდესაც ამ სიტყვას ვიყენებთ, გვახსენდება გზა, რომელიც მეცნიერებამ ამ დაავადების დამარცხებისკენ ფაქტობრივად ნულიდან სრულ მართვამდე ბოლო ათწლეულებში გამოიარა. ინსულინის სინთეზით დაწყებული ეს მოგზაურობა დღეს ავტომატიზებული დოზატორებით გრძელდება, რომლებსაც სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრასთან ერთად ინსულინის ზუსტი რაოდენობის გამოთავისუფლება შეუძლია. ამ რევოლუციამ დიაბეტი დამარცხებად დაავადებად აქცია, თუმცა მეცნიერებას დღეს სხვა ამოცანა აქვს – ააშენოს ორგანო, რომელიც ინსულინს თავად გამოიმუშავებს.
ორგანოთა შენება მართლაც ინჟინერიაა ბიოლოგიური მეცნიერების ზღვარზე. არქიტექტურა, რომელიც განსაზღვრას ფორმას და ქმნის ფუნქციას. დიაბეტის შემთხვევაში ეს ფორმა და შინაარსი კუჭქვეშა ჯირკვლის კონსტრუირებას გულისხმობს, თუმცა არა სრულად, არამედ მისი ცალკეული ნაწილების – ლანგერჰანსის კუნძულების. კუჭქვეშა ჯირკვლის ეს უნიკალური უჯრედების გროვა მილიონობით დამოუკიდებელ კუნძულაკებად არის მიმოფანტული მთელ ორგანოში და მის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა უჯრედები სისხლში გლუკოზის დონის ნატიფ რეგულაციას უზრუნველყოფენ.
„როდესაც ვსაუბრობთ ბეტა უჯრედებზე, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ უნდა გვახსოვდეს რომ ისინი აი ამ პაწაწინა კუნძულების შემადგენელი ნაწილები არიან, მაგრამ არა მხოლოდ ისინი. ეს არის მიკროსამყარო სხვა უჯრედებთან, მატრიქსთან, სისხლძარღვებთან ერთად. ეს ურთიერთდაკავშირებული მიკრო-გარემოა, რომელიც სულ მთელი კუჭქვეშა ჯირკვლის 1-2 პროცენტს თუ შეადგენს, თუმცა იმდენად მძლავრია რომ მთელი ორგანოს სისხლის მომარაგების 20 პროცენტამდე იყენებს. მათი გამოყოფა და შეგროვება, რომელიც დღეს ჩვენ შეგვიძლია, ურთულესი ტექნიკაა, რომლის დაუფლებასაც წლები დასჭირდა.“
ლანგერჰანსის კუნძულების იზოლირების ტექნიკას ეკა ბერიშვილი 2003 წელს ისევ შეერთებულ შტატებში, მაიამიში ყოფნის პერიოდში პროფესორ კამილო რიკორდისთან დაეუფლა. დღეს ეს უკვე მის საკუთარ ლაბორატორიაში – ფაქტობრივად რუტინული პრაქტიკაა. თითო ასეთი კუნძული ქვიშის მარცვლის ზომას როდი აღემატება. გვამური ორგანოდან ასე მარცვალ-მარცვალ კუნძულაკების შეგროვებას დაახლოებით 8 საათი სჭირდება, შემდეგ კი ის პაციენტის ღვიძლში გადააქვთ, რადგან კუჭქვეშა ჯირკვლისგან განსხვავებით, რომელიც ამავდროულად საჭმლის მომნელებელ აგრესიულ ფერმენტებსაც გამოიმუშავებს, ღვიძლის გარემო ამ კუნძულაკებისთვის უფრო ხელსაყრელია.
„ჩვენი უჯრედების იზოლაციისა და ტრანსპლანტაციის ლაბორატორია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია, ჩვენ, არა მხოლოდ შვეიცარიას, არამედ საფრანგეთის კლინიკებსაც ვემსახურებით. წელიწადში 100 იზოლაციას და დაახლოებით 50 გადანერგვას ვასრულებთ.“
ხელსაყრელი არ ნიშნავს იდეალურს. ხშირ შემთხვევაში მეცნიერების ათწლეულების შრომას ანადგურებს ის, რაც ევოლუციისა და ყველაფერი ცოცხალის უნიკალური თავდაცვის მექანიზმს ქმნის – იმუნური სისტემა! სისტემა, რომლის „ბრალეულობაც“ არის თავად პირველი ტიპის დიაბეტი. ის, რასაც ექიმები ავტოიმუნურ დაავადებას უწოდებენ – როდესაც საკუთარივე მცველები საკუთარი უჯრედების, ჩვენ შემთხვევაში კი – ლანგერჰანსის ბეტა უჯრედებს ანადგურებენ და, მაშასადამე, ინსულინის გამომუშავების მინიმალურ შანსსაც სპობენ. ეს სისტემა მოდარაჯე ძაღლს ჰგავს, რომელსაც არა მხოლოდ ქურდის და შემოპარულის დაჭერა უნდა შეეძლოს, არამედ, უპირველესად, პატრონის სხვისგან გარჩევაა. თუ ძაღლი პატრონსაც ისე კბენს, როგორც ქურდს – ამ ძაღლისგან სარგებელი როდია.
„დიაბეტის მართვაში დღეს ორი სტრატეგია გვაქვს. პირველი ინსულინ ჩანაცვლებითი თერაპია, რაც ოქროს სტანდარტია. არ გვაქვს ბეტა უჯრედები, რომლებიც ინსულინს უნდა გამოიმუშავებდნენ, შესაბამისად ჩვენ ამ ინსულინს გარედან ვაწვდით ორგანიზმს. მეორე, უჯრედული თერაპია – ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვა. თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ პაციენტს გადავუნერგოთ ეს კუნძულაკები და ბეტა უჯრედებმა თავად გამოიმუშაონ ინსულინი, რატომ არ ვთავაზობთ ამ მეთოდს ყველა პაციენტს?“
რისკი და სარგებელი – ყველა ექიმისთვის სიტყვათა საკრალური კომბინაციაა. სად აჭარბებს რისკი და სად არის მეტი სარგებელი. ისევე როგორც ნებისმიერი ტრანსპლანტაციის დროს, ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვისას ორგანიზმის იმუნური პასუხი დაუნდობელია. ყველაფერ უცხოზე აუცილებლად იქნება იმუნური პასუხი, რაც ტრანსპლანტაციის შემთხვევაში გადანერგილი ორგანოს თუ უჯრედების მოშორებას გამოიწვევს – გვიხსნის ეკა ბერიშვილი. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი იმუნოსუპრესიაა, მედიკამენტების იმ კომბინაციის გამოყენება, რომელიც ხელოვნურად დაწევს პაციენტის იმუნიტეტს და ხელს შეუშლის ტრანსპლანტატის მოშორებას. აქ გვიწევს დაფიქრება, რომელია უფრო მეტი – რისკი თუ სარგებელი – რადგან იმუნოსუპრესიას ბევრი სხვა პრობლემა მოაქვს.
2019 წელს როდესაც ევროპულმა კომისიამ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა რეგენერაციულ მედიცინაში, ეკას ესმოდა რომ კონკურსში გამარჯვება და დაფინანსების მოპოვება მარტივი არ იქნებოდა. პროექტის წერა დაიწყო. წამყვანი სპეციალისტებისგან შემდგარ მულტიდისციპლინურ ჯგუფს ჰქონდა იდეა, არა უჯრედების გადანერგვა, არამედ ორგანოს აშენება – ნულიდან. 217 პროექტიდან 14 პროექტი დაფინანსდა. ეკა ბერიშვილის პროექტი სამეულში მოხვდა და 7 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო. ჟენევის უნივერსიტეტში ქსოვილოვანი ინჟინერიისა და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორია დაფუძნდა.
როდესაც ორგანოთა ინჟინერიაზე ფიქრობ ეს მართლაც არა თუ სახლის, არამედ უფრო ქალაქის შენებას ჰგავს. საკმარისი არ არის მხოლოდ ცალკეული შენობები აშენო, საჭიროა დაგეგმარება, კომუნიკაციები, კონცეფცია… აქაც ეგრეა. ორგანო არ არის მხოლოდ უჯრედების გროვა მოქცეული კარკასში – ეს ციტოარქიტექტურაა, სადაც ფორმა და ფუნქცია ერთმანეთის განმსაზღვრელია და თუ განიზრახე „ააშენო“ ორგანო ნულიდან, მოგიწევს იფიქრო არა მხოლოდ უჯრედებზე ცალკე, არამედ იმაზეც, როგორ იურთიერთებენ ისინი ერთმანეთთან, როგორ „დაელაპარაკებიან“ და როგორ „იცხოვრებენ“ ამ ხელოვნურ მინი ქალაქში.
„მიკრო გარემო არის განმსაზღვრელი. როდესაც ჩვენ გამოვყოფთ ხოლმე ლანგერჰანსის კუნძულებს და გავწყვეტთ მათ შორის კავშირებს არის შემთხვევები, როდესაც ისინი პროგრამირებულ სიკვდილს – აპოპტოზს განიცდიან. ეს არის რთული 3D სისტემა შემდგარი უჯრედებისგან, მატრიქსისგან და მათი ურთიერთქმედებისგან. ნებისმიერი კომპონენტის გამოთიშვა ამ სისტემას უფუნქციოს ხდის.“

დღეს უკვე ჟენევის ლაბორატორიაში, ეკას ხელმძღვანელობით, იციან როგორ შექმნან ხელოვნურად ეს მინი სისტემა. არის ჰიდროგელი, რომელიც ანაცვლებს ამ უჯრედშორის მატრიქსს და ქმნის კარკასს, შეუძლიათ სისხლძარღვების ჩაშენება და ღეროვანი უჯრედების რეპროგრამირება, ისე რომ მათგან ინსულინის გამომმუშავებელი ბეტა უჯრედები შექმნან. თუმცა გამოწვევები ამით არ მთავრდება. ასეთი „მინი ქალაქის“ შექმნის შემთხვევაშიც მთავარია შეძლო კარგად დაუმალო ის იმუნურ სისტემას. ერთ-ერთი სტრატეგია რომელზეც ეკასთან ერთად ჟენევაში ქართველი დოქტორანტი მუშაობს ამ მატრიქსში ისეთი მოლეკულების ჩაშენებაა, რომელიც თავად განდევნის იმუნურ უჯრედებს ხელოვნურად შექმნილი ორგანოსგან. ფაქტობრივად შექმნის გუმბათს, რომელიც მთელ ამ „მინი ქალაქს“ იმუნური დაბომბვისგან დაიცავს.
ქართველ სტუდენტებზე საუბრისას დიალოგმა მაინც იქეთ წაგვიყვანა – სად არის დღეს ქართული მეცნიერება, უფრო ზუსტად ქმნის კი ქართული მეცნიერება დღეს რაიმე ღირებულს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ალბათ უფრო კითხვის დაკონკრეტებაა საჭირო. სად? თუ ქვეყნის გარეთ – ქართული ინტელექტუალური კაპიტალი ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი შენაძენია – ფიქრობს მეცნიერი, თუმცა წლების განმავლობაში ქვეყნის შიგნით – მეცნიერება დაკონსერვებულია, ისე რომ მას კონკურენტუნარიანობა მომსპარი აქვს. თუ რაიმეს შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის საქართველოს ეს ინტელექტუალური რესურსია – ამბობს ეკა – დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში სიმდიდრის ფუნდამენტურ წყაროებს ცოდნა და კომუნიკაცია წარმოადგენს.
„ეროვნული სიმდიდრეა ის ახალგაზრდები, რომლებიც გვყავს. მაგრამ სამწუხაროა რომ ეს ტვინები ქვეყნიდან გაედინება და ამ კაპიტალს სხვა ქვეყნები იყენებენ. ინტელექტუალური კაპიტალი პირდაპირპროპორციულ გავლენას ახდენს ქვეყნის ინოვაციურ განვითარებაზე, ეკონომიკური პარამეტრების ზრდაზე და კონკურენტუნარიანობის დონეზე. შესაბამისად, ინტელექტუალური ძალის დაკარგვა ურტყამს ქვეყნის განვითარებას. აუცილებელია მაქსიმალური ინვესტიციები და ძალისხმევა ჩაიდოს ინტელექტუალური კაპიტალის განვითარებისათვის და ეს პროცესი სკოლიდან უნდა იწყებოდეს.“
ქართულ მეცნიერებაში დღეს ბევრი პრობლემაა, თუმცა ეკა ენთუზიასტია, რომელიც ჟენევაში აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად საქართველოში, ილიაუნიშიც კითხულობს ლექციებს და ცდილობს ახალგაზრდებს გზა გაუკვალოს დიდი მეცნიერებისკენ. მეცნიერების ვირუსით – როგორც ის უწოდებს – დაავადებაში მასაც შორეულ 90-იანებში, ასევე ენთუზიაზმით სავსე პროფესორი ზურაბ კაკაბაძე დაეხმარა. ახლა კი ის ცდილობს ეს „ვირუსი“ სხვებსაც გადასდოს.
„როდესაც ვიწყებდი სინათლე არსად ჩანდა, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ გვჯეროდა რომ შევძლებდით. დიდი გეგმები გვქონდა. ზოგადად დიდი გეგმები უნდა დაისახო და ჯიუტად დაიწყო სვლა. შეცდომები? შეცდომების არ უნდა გეშინოდეს. ყველა ჩემი შეცდომა ისე წამადგა.. მთავარია გაანალიზო.. და ჰო, მეცნიერების შექმნა შეუძლებელია თავისუფლების გარეშე. თვითმყოფადობა, ცნობისმოყვარეობა და თავისუფლება.. “
სხვათა შორის თავისუფალი დრო ამოგვეწურა. მეცნიერ ქალს, რომელიც ევროპის წამყვან ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ინტერვიუსთვის დრო კვირას წავართვით, იმ ერთადერთ დღეს, რომელსაც ის სრულად ოჯახს უთმობს. ეკას მეუღლე, თიერი ბერნი, ასევე მეცნიერია – ის შვეიცარიაში, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ტრანსპლანტაციის განყოფილებასა და უჯრედული იზოლაციისა და ტრანსპლანტაციის ცენტრს ხელმძღვანელობს. წარმოიდგინე რა ბედნიერი ადამიანი ვარ – ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ამაში თან ფულს მიხდიან – ამის წინად ვუთხარი ჩემს მეუღლეს გზად სამსახურისკენ – გაგვიმხილა ეკამ და გაეცინა – ჰო, მართლა ასეა, მეტი რა შეიძლება უნდოდეს ადამიანს?…
შვებულება რა თქმა უნდა საქართველოში გაატარა. ხვალ დილიდან ისევ სამსახურში უნდა დაბრუნდეს. როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელს ბევრი რუტინა აქვს. ყველაზე მეტად მეილის გახსნის მეშინია ხვალ დილით – გაეცინა – ვინ იცის რამდენ წერილზე მაქვს საპასუხო.. 5 წლიანი პროექტია… კარგად უნდა ავაშენოთ, მერე ამ კონსტრუქციის კლინიკური გამოცდა იქნება საჭირო.. გამძლე კარკასი უნდა იყოს და რაც მთავარია დაცული და ფუნქციით დატვირთული…
საუბრის ბოლოს თავი დავიჭირე რომ გონებაში ნიუ-იორკის ცათამბჯენები წარმომიდგა. ზღვარი დავკარგე, სად გაიჭედა ჩემი ფიქრები დიაბეტსა და ინჟინერიას შორის… მედიცინაზე არქიტექტურის ზღვარზე…
ავტორი: ზურა პეტროსიანი

