წამყვან ქირურგს, დოქტორ ემანუელ “მაიკ” ვლასტოსს, თავისი ორმოცდაორწლიანი კარიერის განმავლობაში ამ სინდრომის მხოლოდ თორმეტი შემთხვევა ჰქონდა ნანახი, რომელთაგან მხოლოდ სამი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.
სამედიცინო გუნდი მუშაობას შეუდგა. თავდაპირველად ექიმებმა საშვილოსნოსშიდა ოპერაცია დაგეგმეს, რათა სპეციალური ლაზერით ბლოკირება მოეშორებინათ, მაგრამ ამ პროცედურამ შედეგი ვერ გამოიღო. სწორედ ამის შემდეგ მიიღო სამედიცინო გუნდმა უნიკალური და უაღრესად სარისკო გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით სიმბოლურად ბავშვის “ორჯერ დაბადება” ეწოდა. ორსულობის ოცდამეხუთე კვირაზე, ორლანდოს სპეციალიზებულ კლინიკაში, ექიმებმა საკეისრო კვეთის დახმარებით დედის საშვილოსნოდან ნაყოფის მხოლოდ თავი და ხელები ამოიყვანეს, ხოლო მისი სხეულის დანარჩენი ნაწილი შიგნით დატოვეს, რათა ბავშვს პლაცენტის მეშვეობით დედისგან ჟანგბადის მიწოდება არ შეწყვეტოდა. ამ უჩვეულო და დაძაბულ მომენტში, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტმა ქირურგიულად შეძლო პატარასთვის სასუნთქი გზის შექმნა. ოპერაციის წარმატებით დასრულებისთანავე, ექიმებმა ჩვილი უკან, საშვილოსნოში დააბრუნეს, კედლები სათუთად გაკერეს და დედას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში დარჩენა მოუწია, რათა ორსულობა ბოლომდე მიეყვანა.
ამ უნიკალური სამედიცინო სასწაულიდან ექვსი კვირის შემდეგ, დედამ ბუნებრივად იმშობიარა და კასიან ჟუბერი საბოლოოდ მოევლინა სამყაროს. ვინაიდან მას დაბადებისთანავე სპეციალური სამედიცინო მხარდაჭერა სჭირდებოდა, პირველი დამოუკიდებელი ჩასუნთქვის გაკეთებამდე ექიმებმა კიდევ ერთი რთული პროცედურა ჩაატარეს. კასიანი სულ რაღაც კილოგრამ-ნახევარს იწონიდა, რის გამოც მას ახალშობილთა რეანიმაციულ განყოფილებაში ხანგრძლივი და მძიმე რეაბილიტაციის გავლა მოუხდა. პატარა მებრძოლმა კლინიკაში ოთხი თვე და ცხრა დღე გაატარა სანამ ექიმები გამოწერდენენ.
მიუხედავად იმისა, რომ კასიანს დღესაც სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი და წინ კიდევ რამდენიმე სამედიცინო პროცედურა ელის სასუნთქი გზების საბოლოო გასაწმენდად, ის თავს კარგად გრძნობს და აქტიურად იზრდება. კასიანის უნიკალური შემთხვევა იმდენად მნიშვნელოვანი მიღწევაა სამედიცინო სფეროში, რომ დოქტორი ვლასტოსი ამ ოპერაციის დეტალების წარდგენას საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე გეგმავს.