ფარმაცევტულმა კომპანიამ Merck-მა აივ-ის ექსპერიმენტული მედიკამენტის გენერიკული ვერსიების წარმოების ლიცენზია 129 ქვეყნისთვის გასცა

გააზიარე

მიმდინარე წლის 24 ივლისს ფარმაცევტულმა გიგანტმა Merck-მა ოფიციალური განაცხადება გაავრცელა შვიდი ნებაყოფლობითი სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების შესახებ სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან. შეთანხმებები ითვალისწინებს აივ-ის ექსპერიმენტული მედიკამენტის — ალიმატრავირის (Alimatravir) — გენერიკული ვერსიების წარმოებასა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას 129 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაში.

ექსპერიმენტული პრეპარატი ალიმატრავირი ამჟამად III ფაზის კლინიკურ კვლევებს გადის. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის, კომპანია Merck უკვე ახორციელებს ადრეულ ინვესტიციებს საწარმოო სიმძლავრეების გაფართოების მიმართულებით, რათა პრეპარატის შესაძლო რეგისტრაციის შემდეგ მისი ფართომასშტაბიანი წარმოება დროულად დაიწყოს. კლინიკური კვლევების ფარგლებში მიღებული წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეპარატი მიღებიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იწყებს მოქმედებას და უზრუნველყოფს HIV-1 ინფექციისგან დაახლოებით ერთთვიან პრევენციულ დაცვას.

ჰონორარისგან თავისუფალი სალიცენზიო შეთანხმებები მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორს. შეთანხმებებში ჩართულია სამი ფარმაცევტული კომპანია საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის რეგიონიდან — Aspen Pharmacare, Quality Chemical Industries და UCL, აგრეთვე ოთხი ფარმაცევტული კომპანია ინდოეთიდან — Aurobindo, Cipla, Emcure და Viatris. Merck-ის ვაქცინებისა და ინფექციური დაავადებების გლობალური განყოფილების ხელმძღვანელის გრეგ საბოს განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის რეგიონის ფარმაცევტული კომპანიები სალიცენზიო პროცესში პრეპარატის განვითარების საწყისი ეტაპიდანვე არიან ჩართულნი.

მიუხედავად იმისა, რომ III ფაზის კლინიკური კვლევების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება 2027 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, ადრეული ლიცენზირება კომპანიებს საშუალებას მისცემს, წინასწარ დაიწყონ წარმოების სიმძლავრეების გაფართოება და მოემზადონ პრეპარატის ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის. მსგავსი მიდგომა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება. მაგალითად, 2024 წელს Gilead Sciences-მა ჰონორარისგან თავისუფალი ლიცენზიები გასცა მედიკამენტ ლენაკაპავირზე (Lenacapavir) გენერიკული წარმოებისთვის, რაც 120 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანას მოიცავდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და UNAIDS მრავალი წელია მოუწოდებენ მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს, გააუმჯობესონ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მოსახლეობისთვის, ნებაყოფლობითი ლიცენზირებისა და წარმოების ტექნოლოგიების გადაცემის ხელშეწყობის გზით. UNAIDS-ის მონაცემებით, 2025 წლისთვის მსოფლიოში აივ-ით დაახლოებით 40.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მათგან ნახევარზე მეტი სუბსაჰარულ აფრიკაზე მოდის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსი მასშტაბური სალიცენზიო შეთანხმებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს  მედიკამენტებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც აივ-ის ეპიდემიის ტვირთი ყველაზე მაღალია.

წყარო: www.reuters.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები