პირველმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალმა „ფოტოგადამრთველმა“ (Photoswitch) მედიკამენტმა მძიმედ დაზიანებული ბადურის მქონე პაციენტებში სინათლის მიმართ მგრძნობელობის აღდგენის ნიშნები გამოავლინა.
ადელაიდისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მეცნიერებმა ადამიანებზე ახალი ტიპის პრეპარატის პირველი პილოტური ტესტირება წარმატებით ჩაატარეს. აღნიშნული პრეპარატი მოლეკულურ დონეზე მოქმედებს და სინათლის მოხვედრისას თვალის გადარჩენილ, თუმცა ფუნქციადაკარგულ უჯრედებს ტვინისკენ მხედველობითი სიგნალის გაგზავნას აიძულებს.
კვლევის სამიზნეს პიგმენტური რეტინიტი წარმოადგენდა — გენეტიკური პათოლოგია, რომელიც ბადურის სინათლის დეტექტორი უჯრედების ფუნქციის დარღვევასა და პროგრესირებად სიბრმავეს იწვევს. დღეისათვის დაავადების გვიან სტადიებზე მკურნალობის მეთოდები უკიდურესად შეზღუდულია.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თვალში მცირე მოლეკულის ინექციის შემდეგ, დაზიანებული უჯრედების ნაწილი გამოცოცხლდა და სინათლის აღქმის უნარი დაიბრუნა, იმ პირობებშიც კი, როდესაც ნორმალური რეცეპტორები უკვე სრულად იყო დაკარგული.
კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ რობერტ კასონის განმარტებით, გენური თერაპიისგან განსხვავებით, რომელიც კონკრეტულ მუტაციებზეა ფოკუსირებული, ეს მიდგომა ბადურის დეგენერაციის მრავალი სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ გამოდგება და ამასთანავე, გამორიცხავს გენეტიკური მოდიფიკაციის საჭიროებას.
მკურნალობამ გართულებების გარეშე ჩაიარა და პაციენტებში სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. უსაფრთხოების ტესტირების გარდა, გამოვლინდა პირველი დადებითი ბიოლოგიური სიგნალებიც. კერძოდ, რამდენიმე მონაწილემ მხედველობითი ტესტების შესრულებისას მოკლევადიანი გაუმჯობესება აჩვენა, ერთ-ერთმა პაციენტმა კი ინექციიდან ორ დღეში სინათლის აღქმის გაძლიერება შეამჩნია. ამასთან, ტვინის ვიზუალიზაციამ დაადასტურა, რომ მკურნალობის შემდეგ ტვინის მხედველობით ზონებში აქტივობა გაიზარდა.
კვლევის შედეგები ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. ავტორების თქმით, მიუხედავად იმედისმომცემი პირველადი მონაცემებისა, ამჟამად უკვე მიმდინარეობს მეორე ფაზის უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა, რათა მედიკამენტის ეფექტურობა საბოლოოდ დადასტურდეს.
წყარო: Nature

