80 წელზე მეტია, რაც წყალში ფტორის დამატება კბილების სიჯანსაღის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. ის ამცირებს კარიესის რაოდენობას 25%-ით და აძლიერებს კბილებს. ეს პრაქტიკა იცავს მილიონობით ადამიანს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც რეგულარულ სტომატოლოგთან ვიზიტზე ხელი არ მიუწვდება. თუმცა, აშშ-ში ზოგიერთმა შტატმა ფტორის წყლიდან ამოღება დაიწყო, რამაც შესაძლოა ათწლეულების პროგრესი შეაჩეროს. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მომდევნო 5 წელიწადში 25 მილიონზე მეტი კარიესი და დამატებით 10 მილიარდი დოლარის ხარჯი გამოიწვიოს.
კბილების კარიესი გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ფტორი იცავს კბილებს, რადგან ამაგრებს მათ მინანქარს და ეხმარება ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი მჟავებით გამოწვეული დაზიანების აღდგენაში. მის გარეშე კარიესის რაოდენობა მკვეთრად მატულობს, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიან ოჯახებში, რომელთა შვილებიც ამ უფასო დაცვას ყველაზე მეტად საჭიროებენ.
მიუხედავად ძლიერი სამეცნიერო კონსენსუსისა და ისეთი მსხვილი ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერისა, როგორებიცაა ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ზოგიერთ შტატში წყლის ფტორირება შეწყდა. ეს ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ წყალში ფტორი რეკომენდებული შემცველობით უსაფრთხო, ეფექტური და ეკონომიურია. სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ და კონსპირაციულმა თეორიებმა, რომლებიც ფტორირებას ბავშვებში ნეიროგანვითარების პრობლემებთან აკავშირებს, ამის შეზღუდვა განაპირობა. თუმცა ეს განცხადებები იმ კვლევებს ეყრდნობა, სადაც ფტორის დონე გაცილებით მაღალია და არ შეესაბამება აშშ-ში არსებულ სტანდარტებს, ისევე როგორც ცრუინფორმაციის ფართომაშტაბიან კამპანიებს.
ჟურნალ JAMA Health Forum-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ იწინასწარმეტყველა, რომ წყლის ფტორირების შეწყვეტა გამოიწვევს კარიესის და სტომატოლოგიური მკურნალობის ხარჯების მკვეთრ ზრდას. Medicaid, რომელსაც უკვე უჭირს დაუცველი ბავშვებისთვის მომსახურების გაწევა, რესურსების ნაკლებობის გამო სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. იმ რეგიონებში, სადაც ფტორირების პრაქტიკა შეჩერდა, სტომატოლოგიური მკურნალობის ხარჯები თითქმის 50%-ით გაიზარდა.
ხარჯების გარდა, ფტორის მოცილება ამწვავებს სოციალურ უთანასწორობას. ის იშვიათ პრევენციულ სარგებელს იძლევა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად. ამ დამცავი ფაქტორის დაკარგვა გაზრდის სხვაობას მაღალშემოსავლიან ოჯახებს, რომლებსაც კერძო სტომატოლოგთან მისვლის შესაძლებლობა აქვთ, და დაბალშემოსავლიანებს შორის, სადაც სტომატოლოგიური მომსახურება ნაკლებად ხელმისაწვდომია.
წყარო: JAMA Health Forum

