ჩიკაგოში გამართულ კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASCO) ყოველწლიურ კონფერენციაზე წარდგენილი ახალი კვლევების თანახმად, წონის კლების GLP-1 კლასის მედიკამენტებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს კიბოს განვითარებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი. ექიმების განცხადებით, პრეპარატები, რომლებიც თავდაპირველად დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა და ახლა მილიონობით ადამიანი სიმსუქნის წინააღმდეგ იყენებს, ონკოლოგიაში ახალ, მძლავრ პრევენციულ იარაღად ყალიბდება.
პირველმა მასშტაბურმა რეტროსპექტულმა ანალიზმა, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ელიზაბეტ მაკდონალდმა წარადგინა და 110,000 ქალს მოიცავდა, აჩვენა, რომ GLP-1 მედიკამენტების მიმღებ პირებში ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობა 30%-ით ნაკლები იყო მათთან შედარებით, ვინც ამ პრეპარატებს არ იყენებდა. დოქტორ მაკდონალდის თქმით, მიუხედავად დაკვირვებითი ხასიათისა, ეს მონაცემები მყარ საფუძველს იძლევა, რომ წონის კორექციის წამლები კიბოს პრევენციის კონტექსტშიც დეტალურად იქნას შესწავლილი.
მეორე კვლევამ, რომელიც იტალიის კიბოს ცენტრის (IRCCS) მიერ ჩატარდა და მასში 27,000 პაციენტი მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ ძუძუს კიბოს სტანდარტულ თერაპიასთან წონაში დასაკლები პრეპარატების კომბინირება პაციენტთა სიკვდილის რისკს დამატებით 30%-ით ამცირებს. ეს მიგნებები მიუთითებს, რომ მედიკამენტებს მკურნალობის პროცესის ხელშემწყობი ეფექტიც გააჩნიათ.
მესამე ნაშრომმა, რომელიც კლივლენდის კლინიკის ბაზაზე 12,000 პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა, გამოავლინა, რომ GLP-1 პრეპარატების მიღებისას ძუძუს, ფილტვის, ნაწლავისა და ღვიძლის კიბოს მქონე პირებში დაავადების მეოთხე სტადიაში გადასვლისა და მეტასტაზირების რისკი 38%-დან 50%-მდე მცირდება. აღნიშნული შედეგი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მეტასტაზების პრევენცია ონკოლოგიაში გადარჩენის მთავარი პირობაა.
მეცნიერთა განმარტებით, ამგვარი თერაპიული ეფექტის მიზეზი მხოლოდ წონის კლება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ჭარბი წონა ძუძუს კიბოს ცნობილი რისკ-ფაქტორია. GLP-1 რეცეპტორების აგონისტები ორგანიზმში აქტიურად თრგუნავენ სისტემურ ანთებით პროცესებს, ახდენენ იმუნომოდულაციას და იწვევენ სპეციფიკურ მეტაბოლურ თუ ეპიგენეტიკურ ცვლილებებს, რომლებიც პირდაპირ აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას.
დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შორის ონკოლოგი მარცინ ჩვისტეკი ფილადელფიიდან, ხაზს უსვამენ, რომ ეს მედიკამენტები არასდროს ყოფილა მხოლოდ სისხლში შაქრის დონის დამწევი საშუალებები. მათი ფართო ანთების საწინააღმდეგო თვისებები ექიმებს დიდი ხანია აძლევდა საფუძველს ეეჭვათ, რომ პრეპარატებს გაცილებით მასშტაბური გავლენა ჰქონდათ სხვადასხვა ქრონიკულ პათოლოგიაზე, მათ შორის კიბოზე.
წყარო: The Guardian

