ფსილოციბინის როლი ნიკოტინდამოკიდებულების მართვაში- ახალი თერაპიული პერსპექტივა

გააზიარე

ნიკოტინი ძლიერი ადიქციური პოტენციალის მქონე ნივთიერებაა, რომლის ნეირობიოლოგიური ზემოქმედება კოკაინისა და ჰეროინის მიერ გამოწვეული დამოკიდებულების ანალოგიურია. მიუხედავად იმისა, რომ მწეველთა 70% გამოხატავს მოწევის შეწყვეტის მზაობას, სტანდარტული თერაპიული ინტერვენციების (ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია, ვარენიკლინი) დაბალი ეფექტურობის გამო, წლიური აბსტინენციის მაჩვენებელი 10%-ს არ აღემატება.

აღნიშნული მოცემულობა ახალი, უფრო ეფექტური ფარმაკოლოგიური და ფსიქოთერაპიული მიდგომების განვითარების აუცილებლობას უსვამს ხაზს, სადაც ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ფსილოციბინის გამოყენება განიხილება.

ფსილოციბინის თერაპიული ეფექტი ეფუძნება არა ნიკოტინის აბსტინენციის სიმპტომების დროებით დათრგუნვას, არამედ ტვინის ფუნქციურ ტრანსფორმაციას ნეიროპლასტიკურობის სტიმულირების გზით. ნეირომეცნიერ გული დოლენის (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი) 2023 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფსიქოდელიკებს შეუძლიათ ტვინში „კრიტიკული პერიოდების“ ხელახლა გახსნა. ეს არის მაღალი ნეირონული მოქნილობის ფაზა, რომელიც ჩვეულებრივ მხოლოდ ბავშვობის ასაკშია აქტიური და ინდივიდს ახალი ქცევითი მოდელების ათვისებაში ეხმარება.

ფსილოციბინი („ჯადოსნური სოკოების“ ძირითადი ფსიქოაქტიური ნივთიერება) სპეციფიკურ რეცეპტორებზე ზემოქმედებით დროებით ცვლის ადიქტურ ჩვევებზე პასუხისმგებელი ნეირონული ქსელების მუშაობას. ამგვარად, ტვინი თავისუფლდება ადიქციური რიგიდულობისგან, რაც ფსიქოთერაპიას საშუალებას აძლევს, ეფექტურად დანერგოს ახალი, ჯანსაღი ჩვევები.

კლინიკური მტკიცებულებები ამ მიგნებებს ნაწილობრივ ადასტურებს. 2017 წელს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში ფსილოციბინის მაღალი დოზის (დაახლოებით 30 მგ/70 კგ) გამოყენებამ, ინტენსიური ფსიქოთერაპიის ფონზე, აჩვენა აბსტინენციის 52%-იანი მაჩვენებელი ექვსთვიანი დაკვირვებისას. შედარებისთვის, საკონტროლო ჯგუფში, რომელიც ნიკოტინის პლასტირებსა და თერაპიას იყენებდა, წარმატების მაჩვენებელი მხოლოდ 25% იყო.

დამატებით, ადრეულ პილოტურ კვლევებში, რომლებიც მოიცავდა 15-კვირიან სტრუქტურირებულ თერაპიულ პროტოკოლს, მონაწილეთა დაახლოებით 80%-მა შეინარჩუნა აბსტინენცია მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტული ფარმაკოთერაპიული მეთოდების შედეგებს, მათ შორის ვარენიკლინის საშუალო ეფექტურობას.

ბიოლოგიურ და კლინიკურ ეფექტურობასთან ერთად, თერაპიული წარმატების ფუნდამენტური კომპონენტია ინდივიდის ღირებულებათა სისტემის ფენომენოლოგიური რეკონსტრუქცია. ფსილოციბინით აღძრული სუბიექტური განცდის ინტენსივობა ხშირად აჭარბებს ნიკოტინზე დამოკიდებულების ძალას, რაც იწვევს ადიქტური ქცევის ფუნქციურ დევალვაციას. კვლევის მონაწილეები აღწერდნენ თვითაღქმის ისეთ ფუნდამენტურ ცვლილებას, რომლის დროსაც თამბაქოს მოხმარება კარგავდა სუბიექტურ მნიშვნელობას და აღარ შეესაბამებოდა მათ პიროვნულ იდენტობას. სწორედ ეს „კოგნიტური გადანაცვლება“ უზრუნველყოფს ქცევითი ცვლილების მდგრადობას — ნაცვლად ნებისყოფით ბრძოლისა, ინდივიდი განიცდის შინაგან ტრანსფორმაციას, სადაც მოწევა აღქმულია როგორც მისი ახალი იდენტობისთვის შეუსაბამო, უცხო ელემენტი.

ფსიქოდელიკების სამედიცინო პოტენციალის კვლევა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო. 1950-იან წლებში LSD წარმატებით გამოიყენებოდა ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ, თუმცა 1970-იან წლებში დაწყებულმა „ომმა ნარკოტიკების წინააღმდეგ” კვლევები ათწლეულობით შეაჩერა. 

დღეისათვის ფსიქოდელიკების მიმართ არსებული მაღალი სამეცნიერო ინტერესი, ე.წ. „ფსიქოდელიური რენესანსი“, ახალი ემპირიული მონაცემების დაგროვებით არის განპირობებული. კვლევების განახლება პირდაპირ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ფარმაკოთერაპიამ ვერ უზრუნველყო ადიქციისა და დეპრესიის მკურნალობის საკმარისად ეფექტური მეთოდების შემუშავება. შესაბამისად, ფსიქოდელიკების თერაპიული პოტენციალის ხელახალი შესწავლა თანამედროვე მედიცინისთვის პრიორიტეტად იქცა.

არსებული მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ფსილოციბინზე დაფუძნებული თერაპიული მიდგომები შეიძლება გახდეს ინოვაციური ინსტრუმენტი ნიკოტინდამოკიდებულების მართვაში. მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, ფსილოციბინით თერაპიის ფართო კლინიკური გამოყენება საჭიროებს დამატებით ვალიდაციას. აუცილებელია კვლევების ჩატარება უფრო დივერსიფიცირებულ პოპულაციებში, რათა ობიექტურად შეფასდეს მეთოდის ეფექტურობა, უსაფრთხოება და გრძელვადიანი შედეგები. ასევე აუცილებელია გვერდითი ეფექტებისა და რისკ-პროფილის დეტალური ანალიზი სხვადასხვა სოციო-დემოგრაფიულ ჯგუფებში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ კონტექსტში, ამგვარი ინტერვენციების ინტეგრირებამ შესაძლოა გადამწყვეტი წვლილი შეიტანოს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ტვირთის შემცირებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

წყარო:bbc.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები