სეროტონინერგული ფსიქოდელიკები (მაგალითად, ფსილოციბინი და LSD), რომლებიც ადამიანის აღქმასა და განწყობას ცვლიან, სამედიცინო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მეცნიერები აქტიურად სწავლობენ მათ პოტენციალს ფსიქიკური და ნევროლოგიური დარღვევების — დეპრესიის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD), პარკინსონის დაავადებისა და მიგრენის სამკურნალოდ.
საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა ახლახან გამოაქვეყნა მეტა-ანალიზი, რომელმაც სეროტონინერგული ფსიქოდელიკების ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური თვისებები უჯრედულ, ცხოველურ და ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში შეაფასა.
რა ბიოლოგიური მექანიზმი უდევს საფუძვლად ფსიქოდელიკების მოქმედებას?
ეს ნივთიერებები სტრუქტურულად ჰგავს სეროტონინს — ნეირომედიატორს, რომელიც განწყობას, ნეირონებს შორის კომუნიკაციასა და იმუნურ პასუხს არეგულირებს. სეროტონინის რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით ფსიქოდელიკები ტვინის ნეიროპლასტიკურობას (ახალი ნერვული კავშირების დამყარების უნარს) ცვლიან. სწორედ ეს პროცესი ცვლის დეპრესიის, შფოთვისა და დამოკიდებულებების თანმხლებ ნერვულ მექანიზმებს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფსიქოდელიკების თერაპიული მოქმედების კიდევ ერთი მექანიზმი ანთებითი პროცესების რეგულაციაა. მართალია, ქრონიკული სისტემური ანთება ფსიქიკურ დარღვევებს უკავშირდება, თუმცა მხოლოდ ეს კავშირი არ ადასტურებს, რომ თერაპიულ ეფექტს უშუალოდ ანთების შემცირება იწვევს.
კვლევის მეთოდოლოგია და ძირითადი მიგნებები
მკვლევრებმა ექვს სამეცნიერო ბაზაში 9195 კვლევა მოიძიეს. კრიტერიუმები მხოლოდ 61-მა დააკმაყოფილა: 24 უჯრედულ კულტურებზე ჩატარდა, 30 — ცხოველებზე, 7 კი — ადამიანებზე (ჯამში 10 ცალკეული კლინიკური ცდა).
უჯრედული და ცხოველური მოდელები
24 უჯრედული კვლევიდან 19-მა, ხოლო 30 ცხოველური კვლევიდან 25-მა ფსიქოდელიკების ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაადასტურა. ეს ეფექტი განსაკუთრებით ძლიერი მაშინ იყო, როცა უჯრედებში ან ცხოველებში ანთებითი პროცესი უკვე მიმდინარეობდა.
თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ სეროტონინერგული ფსიქოდელიკები პროანთებითი ციტოკინების დონეს მხოლოდ მომატებული ანთებითი ფონის დროს ამცირებენ. ჯანმრთელ ცხოველებზე, რომლებსაც ანთება არ აღენიშნებოდათ, პრეპარატებს ციტოკინებზე გავლენა არ მოუხდენიათ.
სპეციფიკური მოქმედების სამიზნეები
ფსიქოდელიკების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება კონკრეტულ ბიოლოგიურ სამიზნეებს უკავშირდება: DOI და ფსილოციბინი ძირითადად სეროტონინის 5-HT2A რეცეპტორის მეშვეობით მოქმედებენ, DMT (დიმეთილტრიპტამინი) კი ანთებას სიგმა-1 (sigma-1) რეცეპტორზე ზემოქმედებით ებრძვის. შესაბამისად, სხვადასხვა ფსიქოდელიკს იმუნურ პროცესებზე ზემოქმედების განსხვავებული მექანიზმი აქვს.
დასტურდება თუ არა ეს ეფექტი ადამიანებში?
ცხოველური მოდელებისგან განსხვავებით, ადამიანებში ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა არაერთგვაროვანი შედეგები აჩვენა. 10 კლინიკური ცდიდან ანთებითი მარკერების შემცირება მხოლოდ 3-ში დაფიქსირდა. თუმცა მკვლევრები ხაზს უსვამენ ერთ მნიშვნელოვან დეტალს: 10 ცდიდან 7-ში აქტიური ანთებითი დაავადების მქონე პაციენტები საერთოდ არ მონაწილეობდნენ.
ეს გარემოება გადამწყვეტია, რადგან ცხოველებში პრეპარატმა ანთების საწინააღმდეგო ეფექტი სწორედ მომატებული ანთების ფონზე გამოავლინა. ვრცელდება თუ არა ეს კანონზომიერება ადამიანებზეც, ჯერ უცნობია. საბოლოო პასუხისთვის დამატებითი კლინიკური კვლევებია საჭირო, უშუალოდ აქტიური ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტების მონაწილეობით.
წყარო: Medicalxpress

