როგორ შეძლეს ესპანელმა მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს სრული რეგრესია?

გააზიარე

პანკრეასის კიბო მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და მკურნალობისადმი რეზისტენტულ პათოლოგიად მიიჩნევა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სიმსივნის წინააღმდეგ არა ცალკეული პრეპარატები, არამედ სამმაგი კომბინირებული თერაპია მუშაობს. PNAS-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა ადასტურებს, რომ გადარჩენის ყველა გზის ერთდროული ბლოკირება პათოლოგიური უჯრედების სრულ განადგურებას იწვევს.

მკვლევრებმა პანკრეასის სადინარის ადენოკარცინომის (PDAC) წინააღმდეგ სამმაგი თერაპია თაგვებსა და პაციენტების სიმსივნურ ნიმუშებზე გამოსცადეს. მეცნიერულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ KRAS, EGFR და STAT3 ცილებზე ერთდროული დარტყმა სიმსივნის სრულ უკუგანვითარებასა და რეზისტენტობის საბოლოო შეჩერებას რთულ შემთხვევებშიც კი იწვევს. 

გენეტიკური ანალიზით დადასტურდა, რომ სიმსივნური უჯრედების კვდომისთვის RAF1, EGFR და STAT3 კომპონენტების ერთობლივი ბლოკირებაა აუცილებელი. ლაბორატორიულ პირობებში ამ შედეგის მიღწევა პრეპარატების – დარაქსონრასიბის, აფატინიბისა და SD36-ის,  კომბინაციით გახდა შესაძლებელი.

რეზისტენტობის დაძლევა

პანკრეასის ადენოკარცინომის შემთხვევათა 90%-ში წამყვან როლს KRAS მუტაცია ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციური პრეპარატები, მათ შორის დარაქსონრასიბი, პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობას საგრძნობლად ზრდის, სიმსივნური უჯრედები მათ მიმართ რეზისტენტობას მაინც ივითარებენ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ RAF1-ისა და EGFR-ის ბლოკირების პირობებში სიმსივნე გადასარჩენად ალტერნატიულ, STAT3 სასიგნალო გზას ააქტიურებს. შესაბამისად, მდგრადი კლინიკური შედეგის მისაღწევად STAT3 ცილის დეგრადაცია გარდამტეხ ფაქტორად მიიჩნევა.

მკვლევრებმა სპეციალური მოდელები შეიმუშავეს, რომლებშიც Raf1, Egfr და Stat3 გენები ერთდროულად დაიბლოკა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ რეზისტენტული უჯრედების აპოპტოზი (კვდომა) მხოლოდ სამივე კომპონენტის სინქრონული დეაქტივაციის პირობებში იწყებოდა. ტესტირების ფარგლებში, სიმსივნური მასები 3-4 კვირაში გაქრა. საგულისხმოა, რომ თაგვები 300 დღის განმავლობაში ინარჩუნებდნენ სიცოცხლისუნარიანობას, ხოლო პანკრეასის ჰისტოლოგიურმა კვლევამ სიმსივნური უჯრედების სრული ელიმინაცია და ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა დაადასტურა.

ადამიანის სიმსივნური მოდელები (PDX)

კვლევა შვიდი სხვადასხვა პაციენტისგან აღებულ ნიმუშებზეც ჩატარდა. სამმაგმა კომბინაციამ სიმსივნის პროგრესირება ყველა შემთხვევაში შეაჩერა. 60 დღეზე ნაკლებ დროში სიმსივნური მასები სრულად გაქრა, რეციდივი კი მომდევნო 80 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. საგულისხმოა, რომ თერაპია ორგანიზმისთვის კარგად ასატანი აღმოჩნდა და გვერდითი მოვლენები მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნდა.

წყარო: PNAS



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები