სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ქალებისა და კაცების კანი ერთნაირი მექანიზმით არ ახლდება. ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტისა (ULB) და კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ქალის ორგანიზმში კანის ღეროვანი უჯრედები გაცილებით კოორდინირებულად მოქმედებს, ვიდრე კაცისაში. სასქესო ჰორმონებით მართული ეს სხვაობა ჭრილობების უფრო სწრაფ შეხორცებასაც განაპირობებს.
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ სქესთა შორის ბიოლოგიური განსხვავებები ძირითადად რეპროდუქციული ორგანოებით შემოიფარგლებოდა. თუმცა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ სქესი კანზეც კი ახდენს გავლენას. მეცნიერებმა სპეციალური მიკროსკოპული ტექნიკა გამოიყენეს და საცდელი თაგვების კანის ღეროვან უჯრედებსა და მათ “შთამომავლებს” უპრეცედენტოდ დიდი დროის, 5 თვის, განმავლობაში უწყვეტად აკვირდებოდნენ, შემდგომ კი მექანიზმი ადამიანის კანის ლაბორატორიულ მოდელზეც გადაამოწმეს.
კანის გარეთა შრე მუდმივად ახლდება. მის ყველაზე ღრმა ფენაში ღეროვანი უჯრედებია განლაგებული, რომლებიც მრავლდება. ზოგიერთი ახალი უჯრედი ისევ ღეროვან უჯრედად რჩება, ნაწილი კი სპეციალიზებულ უჯრედად გარდაიქმნება (ამ პროცესს დიფერენციაცია ეწოდება), რაც კანს ბარიერულ ფუნქციას უნარჩუნებს. ეს სპეციალიზებული უჯრედები ზედაპირისკენ მიიწევს და ბოლოს იქერცლება. ხუთთვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღეროვანი უჯრედები ზრდასრულ უჯრედებად პირდაპირ არ გარდაიქმნება. ისინი ჯერ შუალედურ ეტაპს გადიან, რომლის დროსაც გაყოფა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შეუძლიათ.
კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქალის ორგანიზმში ერთი უჯრედის გაყოფის შედეგად წარმოქმნილი ორი “დობილი” უჯრედი გადაწყვეტილებას სინქრონულად იღებს. ისინი ერთდროულად ან ხელახლა იყოფიან, ან სპეციალიზაციას გადიან. კაცებში კი თითოეული უჯრედი უფრო დამოუკიდებელი, საკუთარი რიტმით მოქმედებს.
“თავდაპირველად გვსურდა გაგვეგო, როგორ ახლდება კანი და არსებობს თუ არა იერარქია, რომლის სათავეშიც ღეროვანი უჯრედები დგას. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ქალებსა და კაცებში კანის განახლების მექანიზმებს შორის ასეთი მკვეთრი განსხვავებების აღმოჩენა”, — განმარტავს კვლევის პირველი ავტორი, ექიმი დან ენგელმანი.
ამ განსხვავების მიზეზის დასადგენად მეცნიერებმა სასქესო ჰორმონების როლი შეისწავლეს. საცდელ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ტესტოსტერონის ძირითადი წყაროს მოცილების შემდეგ კანი ქალის კანის მსგავსად იწყებს მოქმედებას, ხოლო ტესტოსტერონის აქტიური ფორმის (დიჰიდროტესტოსტერონის) შეყვანა საწყის მდგომარეობას აღადგენს. საპირისპიროდ, საკვერცხეების ამოკვეთა ღეროვანი უჯრედების გამრავლებას ამცირებს და უჯრედებს შორის სინქრონულობას თითქმის აქრობს, მაგრამ ქალის ჰორმონით (ესტრადიოლით) მკურნალობა ამ ეფექტს აბათილებს.
მარტივად რომ ვთქვათ, ტესტოსტერონი, რომელიც კაცის ორგანიზმში ჭარბადაა, კანის უჯრედების მომწიფების სისწრაფეს აკონტროლებს, ხოლო ესტროგენები ქალებში ღეროვანი უჯრედების გამრავლებასა და მათ კოორდინირებულ მუშაობას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიაში რეკონსტრუირებულ ადამიანის კანზეც ტესტოსტერონმა ღეროვანი უჯრედების დიფერენციაცია დააჩქარა, რაც ადასტურებს, რომ ანალოგიური მექანიზმი ადამიანებშიც მოქმედებს.
მკვლევრებმა ისიც დააფიქსირეს, რომ ღეროვანი უჯრედების ნაადრევი გააქტიურებისა და მათი სინქრონული მუშაობის წყალობით, ქალის ჰორმონების გავლენით ჭრილობა გაცილებით სწრაფად ხორცდება, განსაკუთრებით პირველ დღეებში. ექიმები დიდი ხანია ამჩნევენ, რომ ჭრილობების შეხორცება, ანთებითი დაავადებების სიმძიმე და კანის ზოგიერთი სიმსივნის სიხშირე ქალებსა და კაცებში განსხვავდება, მაგრამ ამის ზუსტი ბიოლოგიური მიზეზი აქამდე უცნობი იყო.
“ეს კვლევა ტექნოლოგიური თვალსაზრისით უდიდესი მიღწევაა, ხოლო კაცისა და ქალის კანის ღეროვან უჯრედებს შორის აღმოჩენილი განსხვავებები — გამაოგნებელი და სრულიად მოულოდნელი. ის ნათელს ჰფენს არაერთ კლინიკურ დაკვირვებას, რომლებსაც აქამდე ბიოლოგიური ახსნა არ ჰქონდა”, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი სედრიკ ბლანპენი.
მისივე თქმით, “სქესი არის პარამეტრი, რომელსაც ბიოლოგიასა და მედიცინაში ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა”. მეცნიერები გეგმავენ, მომავალში დეტალურად შეისწავლონ ქალებსა და კაცებს შორის არსებული განსხვავებები კანის სიმსივნეების ჩამოყალიბებისა და პროგრესირების პროცესში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს აღმოჩენა დამწვრობის, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისა თუ დიაბეტის მქონე პაციენტებში ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ პაციენტის სქესზე მორგებული, პერსონალიზებული თერაპიების შექმნას დაუდებს საფუძველს.
წყარო: Nature

