back to top

ქართული პედიატრიული ინტერვენციული კარდიოლოგიისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ექიმ ნიკოლოზ ლაბარტყავას პუბლიკაცია

გააზიარე

2025 წლის 5 ნოემბერს, ქართული პედიატრიული კარდიოლოგიის სფეროსათვის
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ექიმ ნიკოლოზ ლაბარტყავას
სამედიცინო კვლევა, სახელწოდებით “ჰიბრიდული პროცედურები გულის
მარცხენამხრივი ჰიპოპლაზიის სინდრომის მენეჯირებისთვის” (Hybrid procedures in
the management of hypoplastic left heart syndrome), კემბრიჯის უნივერსიტეტმა
გამოაქვეყნა მსოფლიოს წამყვან სამედიცინო-სამეცნიერო ჟურნალში – Cardiology in the young-ში. ჟურნალი ცნობილია თანდაყოლილი და პედიატრიული გულ-
სისხლძარღვთა მედიცინის სფეროში თავისი მაღალი ავტორიტეტითა და
რეპუტაციით.
სტატია, სახელწოდებით “ჰიბრიდული პროცედურები გულის მარცხენამხრივი
ჰიპოპლაზიის სინდრომის მენეჯირებისთვის“, პედიატრიული ინტერვენციული
კარდიოლოგიის მიმართულებთ ქართველი ავტორის პირველ კვლევას წარმოადგენს,
რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ პუბლიკაციაში გამოქვეყნდა.
ექიმი ნიკოლოზ ლაბარტყავა ამ კვლევაზე იტალიაში, ბერგამოს უნივესიტეტისა და
რომის ბამბინო ჯეზუს პედიატრიული ჰოსპიტალის ბაზაზე მუშაობდა. ის ფლობს
საერთაშორისო მაგისტრის ხარისხს ბერგამოს უნივერსიტეტიდან (იტალია) და
მილანის ბიკოკა უნივერსიტეტიდან (იტალია), კარდიოლოგიისა და კარდიო-
ქირურგიაში გამოყენებული ტექნიკების მიმართულებით.
პუბლიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავისი სამეცნირეო შინაარსით, არამედ
იმითაც, რომ ასახავს საქართველოს მზარდ ნაბიჯებს საერთაშორისო აკადემიურ
საზოგადოებაში და ხაზს უსვამს ქართველი მკვლევარების შესაძლებლობას –
განავითარონ ქართული პედიატრიული ინტერვენციული კარდიოლოგია და წვლილი
შიეტანონ სფეროში არსებულ გლობალურ დებატებში.

კვლევა და მისი სამეცნიერო მნიშვნელობა

გულის მარცხენამხრივი ჰიპოპლაზიის სინდრომი (HLHS) ერთ-ერთ ყველაზე რთულ
და მაღალი რისკის მქონე თანდაყოლილ გულის მანკად რჩება, რომელიც გულის
თანდაყოლილი დეფექტების დაახლოებით 2-3%-ს შეადგენს. ნორვუდის
პროცედურა პალიატიური მკურნალობის სტანდარტულ მიდგომად ითვლება,

რომელიც სიცოცხლის პირველივე დღეებში ფართომასშტაბიან ქირურგიულ
რეკონსტრუქციას გულისხმობს. ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული
გაუმჯობესებების მიუხედავად, ეს პროცედურა, მისი ინვაზიური ბუნებისა და
ნეონატებში (ახალშობილებში) კარდიოპულმონალური ბაიპასის სირთულეების
გამო, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, როგორებიცაა ადრეული სიკვდილიანობა და
ნევროლოგიური რისკები.
ბოლო წლებში ჰიბრიდული პროცედურები ნორვუდის პროცედურის პოტენციურ
ალტერნატივად გამოჩნდა. ჰიბრიდული პროცედურები აერთიანებს მცირე-
ქირურგიულ და ინტერვენციულ (მინი-ინვაზიურ) ტექნიკებს, როგორიცაა ფილტვის
არტერიის ტოტების შევიწროება და ღია არტერიული სადინრის სტენტირება.
ექიმ ლაბარტყავას ნაშრომი აერთიანებს თერთმეტ (11) უმსხვილეს საერთაშორისო
კვლევას, რომლებიც მოიცავს HLHS-ის მქონე 934 ნეონატს (ახალშობილს),
რომელთაგანაც 371-ს ჰიბრიდული პროცედურა ჩაუტარდა, ხოლო 563-ს – ნორვუდის
პროცედურა. ნაშრომი წარმოადგენს მაღალი დონის, სანდო და კარგად
სტრუქტურირებულ შეჯამებას, რომელიც აანალიზებს ჰიბრიდული მიდგომების
ეფექტურობასა და უსაფრთხოებას (სიკვდილიანობის მაჩვენებლებისა და
გრძელვადიანი შედეგების თვალსაზრისით) HLHS-ის მართვაში.
ანალიზმა აჩვენა, რომ გრძელვადიანი გადარჩენის მაჩვენებელი – ერთი, სამი და
ხუთი წლის განმავლობაში – ჰიბრიდული და ტრადიციული ქირურგიული
მეთოდების გამოყენებისას შედარებადი იყო. ანალიზმა არ გამოავლიანა
მნიშვნელოვანი სხვაობა სიკვდილიანობის მაჩვენებელში ჰიბრიდულ და ნორვუდის
პროცედურებს შორის (ახალშობილის წონის გათვალისწინებით).
პუბლიკაციამ ასევე ხაზი გაუსვა სტანდარტიზებული პროტოკოლების, პაციენტების
შერჩევის კრიტერიუმების დახვეწისა და შედეგების ოპტიმიზაციის მიზნით
შემდგომი გრძელვადიანი კვლევის აუცილებლობას.
ეს სისტემატური მიმოხილვა, არსებული მონაცემების შედარებით ჩარჩოში
კონსოლიდაციით, ავსებს სფეროს ლიტერატურაში არსებულ მნიშვნელოვან
დანაკლისს. ნიკოლოზ ლაბარტყავას კვლევა წარმოადგენს პრაქტიკულად ღირებულ
მიმოხილვას, რომელიც პედიატრიული ინტერვენციული კარდიოლოგიის
თანამედროვე ცოდნაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

კვლევის მნიშვნელობა საქართველოსთვის

ჟურნალ Cardiology in the Young-ში ქართველი ექიმის კვლევის გამოქვეყნება ქვეყნის
სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენას
წარმოადგენს. ეს ასახავს საქართველოში სფეროს განვითარებასა და ქართველი

მკვლევარების წარმატებული ინტეგრაციას მსოფლიოს აკადამიურ წრეებში. ამ
პუბლიკაციით შეიქმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტი ქართველი ექიმების მომავალი
საერთაშორისო აღირებებისათვის.
ქართული პედიატრიული ინტერვენციული კარდიოლოგიის სფერასთვის ეს მიღწევა
წარმოადგენს ხელშესახებ პროგრესს სამეცნიერო შესაძლებლობებისა და
კლინიკური წარმატების მიმართულებით. თანდაყოლილი გულის მანკების
მართვაში ჰიბრიდული პროცედურების ანალიზით, კვლევა ხელს უწყობს
საქართველოში მიკრო-ინვაზიური ტექნიკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და
ხაზს უსვამს კარდიოლოგებს, ქირურგებსა და ანესთეზიოლოგებს შორის
მულტიდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
პუბლიკაცია ასევე მაგალითის მიმცემია ახალგაზრდა ქართველი ექიმებისა და
მკვლევარებისთვის – რომ აკადემიური სიზუსტისა და საერთაშორისო
სტანდარტებისადმი ერთგულებამ შეიძლება მნიშვნელოვანი, გლობალურად
აღიარებული შედეგები მოგვცეს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები