საერთაშორისო ეპილეფსიის ლიგისა (ILAE) და საერთაშორისო ეპილეფსიის ბიუროს (IBE) ორგანიზებით, ქალაქ ლისაბონში, ეპილეფსიის 36-ე საერთაშორისო კონგრესი (36th International Epilepsy Congress) ჩატარდა, რომელშიც 4000-ზე მეტი ეპილეპტოლოგი მონაწილეობდა. მათ შორის იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გზირიშვილი, რომელსაც Medscriptum-ი კონგრესის მიმდინარეობისას განხილულ საკითხებზე ესაუბრა.
ნინო გზირიშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი”-ს ეპილეფსიის და ძილის დარღვევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
“ეპილეფსიის მრავალფეროვანი ასპექტებიდან, გამორჩეულად საინტერესო ნაწილი მიეძღვნა ეპილეფსიის ნეიროქირურგიას, ნეირობილოგიას, გენეტიკას, მოზრდილთა და პედიატრიულ ეპილეფტოლოგიას, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
კონგრესის უახლესი და მეტად მნიშვნელოვანი სიახლეები შეეხებოდა ფარმაცევტულ ინოვაციებს, საზოგადოების ცნობადობის ამაღლებას ეპილეფსიისა და SUDEP-ის (უეცარი გარდაცვალება ეპილეფსიური გულყრის დროს) მიმართ, ეპილეფსიის სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.
ჩემთვის, კონგრესის პროგრამაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სესია ეძღვნებოდა ეპილეფსიის იმ ფორმებს, სადაც მედიკამენტებს არ აქვთ შედეგი და პაციენტებს ვერ უტარდებათ ნეიროქირურგიული ჩარევა. სესიაზე მოხსენებებით წარდგნენ მსოფლიო ექსპერტები:
Kristl Vonck (Belgium) „ნეირომოდულაციის მექანიზმები“, Lawrence Hirsch (USA) — „ბიომარკერები ნეირომოდულაციაში“, Arthur Cukiert (Brazil) — „ნეირომოდულაცია ფოკალური ეპილეფსიის სამკურნალოდ“, Mark Richardson (USA) — „ნეირომოდულაცია გენერალიზებული ეპილეფსიის სამკურნალოდ“, Linda Dalic (Australia) — „მომავლის გზები: საჭიროა თუ არა თალამუსის ჩანაწერები ნეირომოდულაციის მართვისთვის?“
სამწუხაროდ, ნეიროოდულაციის მართვა ჩვენს ქვეყანაში ჯერ-ჯერობით არ არის დანერგილი, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები დაინტერესდებიან ეპილეფსიური გულყრების მართვის ამ უმნიშვნელივანესი მიდგომით.
ყველაზე მწვავე რეზონანსი გამოიწვია სესიამ თემაზე: ინტრაკრანიალური ელექტროენცეფალოგრამის საჭიროება ნეირომოდულაციის პროცედურებამდე. ამ დებატში ფართოდ განიხილვის საგანი იყო ორი განსხვავებული პოზიცია: Dr. Fabrice Bartolomei კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ ინტრაკრანიალური ენცეფალოგრამა აუცილებელია ეპილეპტოგენური ზონის განსაზღვრაში, მაშინაც კი, თუ MRI, კლინიკური სიმპტომები, სემიოლოგია და scalp EEG ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო ჩემი მენტორი Dr. Michael Sperling, კი პირიქით, კონკრეტულ მაგალითებზე დაფუძნებით ასაბუთებდა, რომ ინტრაკრანიალური ელექტროენცეფალოგრამა შესაძლოა არ იყოს საჭირო, როდესაც სხვა ყველა მეთოდი თანხვედრილია. ცხადია, მე სრულად ვიზიარებ ჩემი მენტორის Dr. Michael Sperling-ის პოზიციას.
კონგრესი ისე დასრულდა, რომ მეცნიერებმა საკუთარი პოზიციები ისევ ვერ შეაჯერეს ამ საკითხთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, საბოლოოდ შეთანხმებული გაიდლაინი ჯერ-ჯერობით ისევ არ არსებობს”.
საერთაშორისო ეპილეფსიის ლიგისა (ILAE) და საერთაშორისო ეპილეფსიის ბიუროს (IBE) ორგანიზებით ჩატარებულ 36-ე საერთაშორისო ეპილეფსიის კონგრესის პლენარული სესიებზე წარმოდგენილი იყო ძირითადი მოხსენებები. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა თემატური სამუშაო შეხვედრები, საგანმანათლებლო ვორქშფები და ტრენინგები, პოსტერებისა და ზეპირი პრეზენტაციების სესიები, რომელზეც ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტმა ქ-ნმა სოფიო კასრაძემ პოსტერ-პრეზენტაცია წარმოადგინა.

