შეკრულობა (ქრონიკული ყაბზობა) ადამიანისთვის თითქმის ისეთივე ჩვეულებრივი მდგომარეობაა, როგორც თავის ტკივილი ან დაღლილობა. ხშირად მას დროებით უსიამოვნებად აღიქვამენ, რომელსაც ბოჭკოთი მდიდარი საკვები, მეტი მოძრაობა და საჭიროების შემთხვევაში საფაღარათო საშუალებები მარტივად მოაგვარებს. უმეტეს შემთხვევაში ეს მართლაც ასეა. თუმცა, უამრავი ადამიანისთვის ნაწლავების ნორმალური მოქმედების დარღვევა ქრონიკული ყაბზობის დიაგნოზით სრულდება და სწორედ ეს მოასწავებს სერიოზულ საფრთხეს.
ახალი სამეცნიერო კვლევა მიუთითებს, რომ ქრონიკული შეკრულობა შეიძლება თავად გახდეს სხვა დაავადების გამომწვევი ფაქტორი. განსაკუთრებით საყურადღებოა კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან. კვლევამ, რომელიც დაფუძნებულია დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემებზე (400 000+ ადამიანი), დაადგინა: მათ, ვისაც ყაბზობა აწუხებს, გულისა და სისხლძარღვთა საგანგებო შემთხვევების, მათ შორის, ინფარქტისა და ინსულტის 2-3-ჯერ მაღალი შანსი აქვთ.
ქრონიკული ყაბზობა კავშირშია კოგნიტურ დარღვევებთანაც. ნაწლავის მუშაობის დარღვევა გავლენას ახდენს „ნაწლავ-ტვინის ღერძზე“, რაც შესაძლოა ზრდიდეს დემენციისა და მეხსიერების გაუარესების ალბათობას. კვლევამ, სადაც დაახლოებით 113 000 ადამიანის მონაცემები გაანალიზეს, აჩვენა, რომ ქრონიკული ყაბზობის შემთხვევაში, კოგნიტური დაქვეითების რისკი 73%-ით მაღალია და მათი ტვინის დაბერებაც საშუალოდ 3 წლით უსწრებს იმ ადამიანების ტვინის ასაკს, ვისაც ეს პრობლემა არა აქვს. ამ ეფექტს მეცნიერები ნაწლავის მიკრობიომის ცვლილებებით ხსნიან: იმ ბაქტერიების ნაკლებობით, რომლებიც ბუტირატს აწარმოებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისთვის. მეცნიერები ამ კავშირების არსებობას ნაწილობრივ იმითაც ხსნიან, რომ შეკრულობისას ნაწლავებში გროვდება მეტაბოლური ნარჩენები და ტოქსინები, რომლებიც ანთებით პროცესებს იწვევს არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მთელს ორგანიზმში.
ბევრი ადამიანი ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდის, როცა მდგომარეობა აუტანელი ხდება. ხშირად იგნორირება ხდება სიმპტომების, რომლებიც უკვე ქრონიკულ პრობლემაზე მიუთითებს: დეფეკაციის სიხშირის მკვეთრი შემცირება და გართულება, ძლიერი წელისა და მუცლის ტკივილი, ფიზიკური დისკომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მედიკოსები პრობლემის მოსაგვარებლად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე გვირჩევენ, ესენია:
კვების კორექცია:მეტი ბოჭკოვანი ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული.
ჰიდრატაცია: წყლის საკმარისი რაოდენობა აუცილებელია ნაწლავების ნორმალური მუშაობისთვის.
ფიზიკური აქტივობა: ყოველდღიური მოძრაობა აჩქარებს ნაწლავთა პერისტალტიკას
და ბოლოს, მედიკამენტური ჩარევა, საფაღარათო საშუალებების გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, რათა თავიდან ავიცილოთ დამოკიდებულება და ნაწლავის მოქმედების ბუნებრივი რიტმის დარღვევა.
შეკრულობა უბრალოდ უსიამოვნო სიმპტომი არ არის. ის შეიძლება იყოს ორგანიზმის სიგნალი, რომლის იგნორირებამ შეიძლება მძიმე დაავადებები გამოიწვიოს. პრობლემის დროული ამოცნობა და მართვა სწორი კვებით, ცხოვრების წესის ცვლილებითა და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებით არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, არამედ შესაძლოა გახდეს სიცოცხლის გადარჩენის მიზეზიც.
წყარო: NIH

