შესაძლებელია თუ არა ჩვენი ყოველდღიური მენიუ ფილტვის კიბოს რისკს ზრდიდეს? ჩონგქინგის უნივერსიტეტის (Chongqing University Cancer Hospital) ახალმა მასშტაბურმა კვლევამ ულტრადამუშავებული საკვების ხშირ მიღებასა და ფილტვის კიბოს შორის კავშირი დაადგინა. ამ დრომდე ფილტვის კიბოს მთავარ რისკ-ფაქტორად თამბაქოს მოწევა ითვლებოდა, მაგრამ კვლევის თანახმად, კვების რაციონი მის განვითარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ფილტვის კიბო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დაავადებაა, რომელიც ხშირად მწეველებში ვითარდება. თუმცა, რადგან სიმსივნის ეს ფორმა არამწეველებშიც ხშირია, საჭირო გახდა სხვა პოტნეციური რისკ-ფაქტორების ძიება. სწორედ ამიტომ, კვლევამ შეისწავლა მოქმედებს თუ არა ულტრადამუშავებული საკვები (გაზიანი სასმელები, ჩიფსები, დამუშავებული ხორცი) ფილტვის კიბოს განვითარებაზე.
კვლევისთვის გამოიყენეს აშშ-ში ჩატარებული PLCO (პროსტატის, ფილტვის, კოლორექტალური და საკვერცხეების) კიბოს სკრინინგის მონაცემები. პროცესში 55-დან 74 წლამდე ასაკის 155 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია დეტალური კითხვარებით შეგროვდა.
რაც მთავარია, ულტრადამუშავებული საკვების გავლენას მაქსიმალურად იზოლირებულად სწავლობდნენ, რომ მინიმუმადე დაეყვანათ სხვა ფაქტორების (თამბაქო, ასაკი, სქესი…) მოქმედება.
ულტრადამუშავებული საკვები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ცნობილი ფაქტია, რომ ის სიმსუქნის, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებების რისკს ზრდის. შესაძლოა ამ სიას მალე ფილტვის კიბოც დაემატოს.
ძირითადი მიგნებები:
ფილტვის კიბოს რისკი 41%-ით მატულობს იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად მოიხმარენ ულტრადამუშავებულ საკვებს.
ფილტვის კიბოსა და ულტრადამუშავებულ საკვებს შორის კავშირი განსაკუთრებით გამოვლინდა არამწეველებში, რაც მიუთითებს, რომ ეს მავნე პროდუქტები დამოუკიდებლად მოქმედებენ ფილტვის კიბოს განვითარებაზე.
ყველაზე მეტად რისკს ზრდიდა: დამუშავებული ხორცპროდუქტები და შაქრის შემცველი გამაგრილებელი სასმელები.
მკვლევრები ეჭვობენ, რომ რისკის ზრდა შესაძლოა გამოწვეული იყოს მავნე დანამატებით, გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი ქიმიური ნივთიერებებით და შეფუთვიდან გამოყოფილი ტოქსინებით.
ულტრადამუშავებულმა საკვებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ქრონიკული ანთების განვითარებას და დააზიანოს ორგანიზმის იმუნური სისტემა.
დოქტორი დევიდ კაცი, პრევენციული მედიცინის წამყვანი ექსპერტი, აცხადებს: „ეს კვლევა ამყარებს მზარდ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ულტრადამუშავებული საკვები არ არის მხოლოდ ცარიელი კალორიები – ის უშუალოდ უწყობს ხელს სერიოზული დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ფილტვის კიბო.“
ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, თუმცა სრულყოფილი სურათის შესაქმნელად საჭიროა უფრო სიღრმისეული კვლევები, რომლებიც მოწევის ინტენსივობასა და ხანგრძლივობასაც გაითვალისწინებს. ამის მიუხედავად, მთავარი გზავნილი ნათელია – უნდა შევამციროთ ულტრადამუშავებული საკვების მიღება.
პრაქტიკული რჩევები მკითხველებისთვის:
ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტები: მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებსაც გრძელი და გაუგებარი ინგრედიენტების სია აქვთ.
აირჩიეთ ნაკლებად დამუშავებული საკვები: უპირატესობა მიანიჭეთ ახალ ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, პარკოსნებს, თხილეულსა და მჭლე ცილებს.
შეზღუდეთ რაციონში შაქრიანი სასმელები და დამუშავებული ხორცი.
თანდათანობით შეცვალეთ კვების რაციონი: ჯანსაღ კვებაზე ეტაპობრივად გადასვლა უფრო გრძელვადიან შედეგებს მოგცემთ.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა პირდაპირ არ ამტკიცებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, მიღებული შედეგები ნათლად მიუთითებს ულტრადამუშავებული საკვების მოხმარების შემცირების აუცილებლობაზე. კვების რაციონის შეცვლა მარტივი, მაგრამ ეფექტური გზაა ფილტვის კიბოს რისკის შესამცირებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
წყარო: BMJ Journals Thorax

