ყოველდღიური ქრონიკული სტრესი, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ფსიქოლოგიური დისტრესი ორგანიზმში ფარულ ანთებას იწვევს, რაც გულის სტრუქტურას შეუქცევადად აზიანებს. ჟურნალ European Journal of Preventive Cardiology-ში გამოქვეყნებული ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, ეს ფარული პროცესი წლების განმავლობაში ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს და ინფარქტისა თუ ინსულტის რისკს მკვეთრად ზრდის.
ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და სამედიცინო მეცნიერებათა საბჭოს (MRC) მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის (UK Biobank) თითქმის 480 000 ზრდასრული ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. სისხლში ანთების მარკერის (GlycA), გულის მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებისა და გენეტიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ქრონიკული, დაბალი ინტენსივობის ანთება გულის კუნთის კედლების გასქელებას, საკნების დაპატარავებასა და სისხლით ავსების გაუარესებას იწვევს. ბიოლოგიურ დონეზე ამ დაზიანების მთავარი მამოძრავებელი ინტერლეიკინ-1-ისა და TNF ოჯახის სპეციფიკური ანთებითი ცილებია.
სწორედ აქ გამოიკვეთა სტრესის როლი: როდესაც მეცნიერებმა მონაწილეთა სოციალური და ფსიქოლოგიური ფონი მათ სისხლის ანალიზებს შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ანთების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომლებიც მუდმივ სტრესში, სიღარიბესა და ფსიქოლოგიურ წნეხში ცხოვრობდნენ. ანთების ამ მაღალი მაჩვენებლის მქონე ჯგუფს ინფარქტისა და ინსულტის 43%-ით უფრო მაღალი რისკი აღმოაჩნდა, თანაც ისე, რომ მანამდე გულის არანაირი დაავადება არ ჰქონიათ. ამან დაადასტურა უხილავი ჯაჭვი — ფსიქოლოგიური პრობლემები ორგანიზმში ფარულ ანთებას იწვევს, რაც პირდაპირ ითარგმნება ფიზიკურ დაზიანებაში და გულს შეუმჩნევლად ცვლის.
მეცნიერების დასკვნით, სოციალურ ფაქტორებთან და გენეტიკურ მიდრეკილებასთან ერთად, ფარულ ანთებას აძლიერებს ისეთი კარგად ცნობილი რისკფაქტორებიც, როგორიცაა, მაგალითად, თამბაქოს მოხმარება, ფიზიკური უმოქმედობა და ჭარბი წონა. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ სამომავლოდ, გენეტიკურ სკრინინგთან ერთად, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად უნდა იქცეს, მანამდე კი უმთავრეს თავდაცვად ცხოვრების წესის შეცვლა რჩება.
წყარო: MedicalXpress

