ინფლუენსერების უხილავი გავლენა: როგორ აღძრავს სოციალური ქსელები ალკოჰოლის მოხმარების სურვილს

გააზიარე

სოციალურ მედიაში ხშირად ვხვდებით ე.წ. ცხოვრების სტილის (lifestyle) ამსახველ კონტენტს, სადაც ინფლუენსერები ყოველდღიურ აქტივობებს, მაგალითად, ვახშმის მომზადების პროცესს, ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ფონზე წარმოგვიდგენენ. 

ერთი შეხედვით, მსგავსი ვიზუალები აშკარა სარეკლამო ხასიათს არ ატარებს და აღიქმება, როგორც ყოველდღიურობის ორგანული ნაწილი. თუმცა, ახალი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მსგავსი არაპირდაპირი მინიშნებები ინდივიდის ფსიქოლოგიაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნებული კვლევა პირველი რანდომიზებული ცდაა, რომელმაც სოციალური მედიის კონტენტსა და დალევის სურვილს შორის პირდაპირი კავშირი დაამტკიცა. მკვლევრებმა 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდები ორ ჯგუფად დაყვეს:

  • პირველ ჯგუფს აჩვენეს ინფლუენსერების პოსტები, სადაც ფიგურირებდა ალკოჰოლი (მაგალითად, ვახშმის მომზადება ღვინის თანხლებით).
  • მეორე ჯგუფს აჩვენეს ზუსტად იგივე ინფლუენსერების მსგავსი ვიდეოები, ოღონდ ალკოჰოლის გარეშე (მაგალითად, ღვინის ნაცვლად წყვილი კაკაოს მიირთმევდა).

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც ალკოჰოლის შემცველ კონტენტს უყურა:

  1. 73%-ით მეტად გაუჩნდათ დალევის სურვილი ვიდეოს ნახვისთანავე.
  2. თუ ახალგაზრდები კონკრეტულ ინფლუენსერს ენდობოდნენ და მას პატიოსან, მცოდნე ადამიანად მიიჩნევდნენ, დალევის სურვილი 5-ჯერ უფრო ძლიერი იყო.

მკვლევრების თქმით, თანამედროვე სამყაროში მხოლოდ „ეკრანთან გატარებული დროის“ (screen time) კონტროლი საკმარისი აღარ არის. მნიშვნელოვანია თავად კონტენტი, რომელიც ალკოჰოლის მოხმარების ნორმალიზებას, გლამურიზებასა და მის პოზიტიურად წარმოჩენას ახდენს. ონლაინ სამყაროს აქვს ძალა, ჩვენი ქცევა რეალურ ცხოვრებაში შეცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ალკოჰოლის მოხმარების საერთო მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა, მათ შორის, ვინც სვამს, მძიმე და ჭარბი მოხმარება (binge drinking) კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. მეცნიერები ყურადღებას ალკოჰოლსა და კიბოს რისკებს შორის კავშირზე განსაკუთრებით ამახვილებენ. 

ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, პირის ღრუს, საყლაპავისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების განვითარების ალბათობას ზრდის. რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყებს ადამიანი დალევას, მით მეტია მომავალში ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების რისკი.

წყარო: JAMA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები