რა გამოავლინა ენდომეტრიოზის უმსხვილესმა გენეტიკურმა კვლევამ

გააზიარე

მასშტაბურ საერთაშორისო კვლევაში მეცნიერებმა ენდომეტრიოზთან დაკავშირებული 58 გენეტიკური უბანი იპოვეს, მათგან 27-ის კავშირი ამ დაავადებასთან მანამდე უცნობი იყო. თუმცა ეს შედეგები ჯერჯერობით არც სამკურნალო საშუალებას გვთავაზობს და არც სადიაგნოსტიკო ტესტს, ის სპეციალისტებს გაცილებით სრულ სურათს აძლევს იმ ბიოლოგიური და გენეტიკური მექანიზმების შესახებ, რომელიც ამ ქრონიკული მდგომარეობის ჩამოყალიბებაში შეიძლება მონაწილეობდეს.

კვლევამ, რომელიც ჟურნალ Nature Genetics-ში გამოქვეყნდა და აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) მხარდაჭერით ჩატარდა, მსოფლიოს 14 ბიობანკის 1 მილიონზე მეტი ქალის მონაცემები გააანალიზა. მონაწილეთა 30%-ზე მეტი არაევროპული წარმოშობის იყო, რის გამოც ნაშრომი ენდომეტრიოზის მიმართულებით ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან გენეტიკურ კვლევად ითვლება.

ენდომეტრიოზი მაშინ ჩნდება, როდესაც ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოს შიდა შრის, მსგავსი ქსოვილი მის ფარგლებს გარეთ იწყებს ზრდას. გლობალურად ეს დაავადება რეპროდუქციული ასაკის ქალთა მეათედში გვხვდება. დღეისთვის სრულად განკურნების გზა ჯერჯერობით არ არსებობს, ხოლო მისი წარმოშობის ძირითადი მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. სწორედ ამიტომ ჭირს როგორც დიაგნოსტიკური მეთოდების, ისე ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების შემუშავება.

რა აღმოაჩინეს მკვლევრებმა

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ენდომეტრიოზთან დაკავშირებული გენომის 58 უბანი გამოავლინეს, რომელთაგან 27 აქამდე სრულიად უცნობი გენეტიკური კავშირი აღმოჩნდა. გარდა ამისა, სტატისტიკურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა 37 სავარაუდო ეტიოლოგიური ვარიანტი, რომელსაც დაავადების ჩამოყალიბებაში შესაძლო როლი აქვთ. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს 135 სხვა ნიშან-თვისება, რომელიც ენდომეტრიოზთან საერთო გენეტიკურ საფუძველს იზიარებს და გამოყვეს 314 გენი, რომელთა ბიოლოგიური მონაცემებიც ამ დაავადებაში მათ პოტენციურ ჩართულობაზე მიანიშნებს.

ამ შედეგების მისაღებად სპეციალისტებმა სრული გენომის ასოციაციის კვლევები (GWAS) სხვადასხვა ბიოლოგიურ მონაცემს დაუკავშირეს – მათ შორის გენების ექსპრესიას, ცილებს, რნმ-ის სპლაისინგს, დნმ-ის მეთილირებასა და რნმ-ის რედაქტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა არ ადასტურებს თითოეული გამოვლენილი გენის უშუალო ეტიოლოგიურ კავშირს, იგი მეცნიერებს ეხმარება, მომავალი კვლევებისთვის ყველაზე პრიორიტეტული გენები და ბიოლოგიური პროცესები გამოყონ.

რატომ აღმოჩნდა მონაწილეთა წარმომავლობა გადამწყვეტი

აქამდე ჩატარებული ენდომეტრიოზის გენეტიკური კვლევები ძირითადად ევროპული წარმომავლობის პირებზე იყო კონცენტრირებული, მცირე რაოდენობით კი აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობას მოიცავდა. ასეთი მიდგომა ართულებდა იმ გენეტიკური თავისებურებების დანახვას, რომელიც სხვა ეთნიკურ ჯგუფებში უფრო ხშირი ან საყურადღებოა.

კვლევაში სხვა ეთნიკური ჯგუფების ჩართვამ მეცნიერებს საშუალება მისცა, სრულიად ახალი გენეტიკური კავშირები ეპოვათ. კერძოდ, გამოვლინდა სამი გენომური უბანი, რომელიც მხოლოდ აფრიკული წარმომავლობის პირებისთვისაა დამახასიათებელი და ერთი უბანი – შერეული ამერიკული წარმომავლობისთვის; მათი გენეტიკური ვარიანტები სხვა პოპულაციებში იშვიათად გვხვდება.

ავტორების თქმით, მონაცემთა ასეთი მრავალფეროვნება აუცილებელი იყო გენების ზუსტი ლოკალიზაციისთვის, მიღებული შედეგების უფრო ფართო მასებზე განზოგადებისა და მედიცინაში არსებული უთანასწორობის შესამცირებლად. ამასთანავე, მკვლევრები აღიარებენ, რომ კვლევის სტატისტიკური მასშტაბი ჯერ კიდევ არასაკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ნაკლებად შესწავლილ ჯგუფებში გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი კანონზომიერება გამოევლინათ.

რაზე მიანიშნებს გენეტიკური მონაცემები

კვლევის მიხედვით, ენდომეტრიოზი საერთო გენეტიკურ კავშირს ავლენს ჯანმრთელობის 135 სხვა მდგომარეობასთან თუ მახასიათებელთან. მათ შორის მოხვდა პირველი შვილის გაჩენის ასაკი, უძილობა, თავის ტკივილი და ანტიდეპრესანტების დანიშვნის ფაქტები.

მეცნიერებმა ასევე მოიპოვეს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ენდომეტრიოზს შეუძლია იმოქმედოს შემდგომ ბიოლოგიურ პროცესებზე, რომელიც ხანგრძლივ დაავადებებს, მათ შორის კარდიომეტაბოლურ პრობლემებს, უკავშირდება. ეს დაკვირვებები მხოლოდ წინასწარ ვარაუდებს ქმნის და დამატებით კვლევას მოითხოვს; ის არ ადასტურებს, რომ თავად ენდომეტრიოზი იწვევს ამ დარღვევებს.

გამოვლენილ ბიოლოგიურ მექანიზმებს შორის მკვლევრები განსაკუთრებით უჯრედების ადჰეზიასა და ფოკალური ადჰეზიის რეგულაციას გამოყოფენ. ენდომეტრიოზის კერების ჩამოყალიბება უჯრედების გადაადგილებასა და უჯრედშორის მატრიქსთან მათ ურთიერთქმედებას უკავშირდება. მიღებული შედეგები ამყარებს მოსაზრებას, რომ ფოკალური ადჰეზიის რეგულირება მომავალი თერაპიული საშუალებების ძიებისთვის ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებად იქცეს.

ჰორმონალური ცვლილებები

კვლევამ ასევე აჩვენა გარკვეული გენეტიკური და მოლეკულური ნიშნები, რომელიც შესაძლოა ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის დარღვევაზე მიუთითებდეს. კერძოდ, ერთ-ერთი გენი – GREB1, რომელიც ქალის სასქესო ჰორმონის, ესტროგენის, მოქმედებასთან არის დაკავშირებული – ენდომეტრიოზის მქონე ადამიანების უჯრედებში ჩვეულებრივზე უფრო აქტიურად მუშაობდა.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ამ გენის მუშაობის გარკვეული ვარიაციები (სპლაისინგის პროცესი) ენდომეტრიოზის განვითარების რისკს ზრდის, ზოგი კი პირიქით, ამცირებს. ავტორები აღნიშნავენ, რომ ენდომეტრიოზის სიმპტომების შესამსუბუქებლად ექიმები პირველ რიგში სწორედ ჰორმონალურ პრეპარატებს ნიშნავენ, თუმცა საჭიროა მეტი კვლევა იმის გასარკვევად, როგორ მოქმედებს ეს წამლები იმუნურ უჯრედებსა და ანთებით პროცესებზე.

ამ ეტაპზე კვლევის მთავარი ღირებულება ისაა, რომ მან ენდომეტრიოზის უფრო მრავალფეროვანი და სიღრმისეული გენეტიკური სურათი შექმნა. ნაშრომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკურ კვლევებში ნაკლებად შესწავლილი ჯგუფების მონაწილეობა და ქმნის საყრდენს იმ შემდგომი სამუშაოებისთვის, რომელმაც ეს აღმოჩენები საბოლოოდ პრაქტიკულ, კლინიკურ მიდგომად უნდა აქციოს.

წყარო: NIH; nature genetics



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები