ინსულინრეზისტენტობის ყველა ფორმა ერთნაირი არ არის

გააზიარე

ათწლეულების განმავლობაში ინსულინრეზისტენტობას ერთიან პრობლემად განიხილავდნენ – მთელ ორგანიზმში მიმდინარე დარღვევად, რომელიც სისხლის ანალიზით ვლინდება და ერთ კონკრეტულ დიაგნოზში ერთიანდება. თუმცა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ის, თუ ორგანიზმის რომელ ნაწილში ვითარდება ინსულინრეზისტენტობა, შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც თავად ამ დარღვევის არსებობა. მკვლევართა დასკვნით, ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობა უფრო მჭიდროდ და თანმიმდევრულად შეიძლება უკავშირდებოდეს მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუარესებას, ვიდრე კუნთოვანი ქსოვილისა.

გლობალური პრობლემა, კონკრეტული კითხვა

სიმსუქნე ჩვენი დროის ერთ-ერთ უმთავრეს საზოგადოებრივ გამოწვევად იქცა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2022 წელს დაახლოებით 2,5 მილიარდი ზრდასრული ადამიანი ჭარბწონიანი იყო, მათ შორის 890 მილიონზე მეტი კი სიმსუქნით ცხოვრობდა. ეს მაჩვენებელი მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 43%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ყოველი რვა ადამიანიდან თითქმის ერთს სიმსუქნის პრობლემა აწუხებდა.

ჭარბი წონა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტისა და ინსულინრეზისტენტობის განვითარების რისკს – მდგომარეობისა, როდესაც უჯრედები ვეღარ რეაგირებენ ინსულინზე, ჰორმონზე, რომელიც სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაზეა პასუხისმგებელი.

თუმცა ინსულინრეზისტენტობა ყოველთვის ერთნაირად არ ვლინდება. მან შესაძლოა თავი იჩინოს სხვადასხვა ქსოვილში, მათ შორის ღვიძლში, ჩონჩხის კუნთებში, ცხიმოვან ქსოვილსა და ირიბად, პანკრეასის ბეტა-უჯრედებში, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებს. ადრინდელი კვლევები მიუთითებდა, რომ ამ სხვადასხვა ფორმას განსხვავებული მეტაბოლური შედეგები მოჰყვება. თუმცა აქამდე პირდაპირ არ შესწავლილა, რა ხდება მაშინ, როდესაც ინსულინრეზისტენტობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იჩენს თავს ცხიმოვან ქსოვილსა და ჩონჩხის კუნთებში და უქმნის თუ არა რომელიმე მათგანი საერთო ჯანმრთელობას მეორეზე დიდ საფრთხეს.

კვლევის დეტალები

მკვლევრებმა ნიდერლანდებში ჩატარებული 12-კვირიანი კვებითი ინტერვენციის კვლევის (PERSON) საწყისი მონაცემები გააანალიზეს. პროექტში 40-დან 75 წლამდე ასაკის პირები მონაწილეობდნენ, რომელთა სხეულის მასის ინდექსი (BMI) 25-დან 40-მდე მერყეობდა.

გამოკვლევა რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა: გლუკოზის ტოლერანტობის ორალურ ტესტს, სხეულის შემადგენლობის დასადგენად ორენერგეტიკულ რენტგენულ აბსორბციომეტრიას (DXA), ასევე მთელი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI) ცხიმის განაწილებისა და შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნების შესაფასებლად. გარდა ამისა, 74-კაციან ქვეჯგუფში ჩაატარეს ჰიპერინსულინემიურ-ეუგლიკემიური კლამპი – ინსულინის მიმართ მგრძნობელობის შეფასების მაღალი სიზუსტის კვლევითი მეთოდი.

მკვლევრებმა გამოთვლილი ინდექსები გამოიყენეს ცხიმოვანი ქსოვილისა და კუნთების ინსულინმგრძნობელობის დასადგენად. ამის შემდეგ მათ მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაყვეს:

პირები, რომლებსაც ცხიმოვან ქსოვილსა და კუნთებში ინსულინის მიმართ შედარებით მაღალი მგრძნობელობა აღენიშნებოდათ.

პირები, რომლებსაც ორივე ქსოვილში ინსულინის მიმართ შედარებითი რეზისტენტობა ჰქონდათ.

პირები, რომლებსაც ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობა აღენიშნებოდათ, თუმცა კუნთების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ შედარებით შენარჩუნებული ჰქონდათ.

პირები, რომლებსაც კუნთების ინსულინრეზისტენტობა აღენიშნებოდათ, თუმცა ცხიმოვანი ქსოვილის მგრძნობელობა ინსულინის მიმართ შედარებით შენარჩუნებული ჰქონდათ.

ეს კატეგორიები ეფუძნებოდა უშუალოდ საკვლევი პოპულაციის მონაცემთა განაწილებას და არა საყოველთაოდ მიღებულ კლინიკურ ზღვრულ მაჩვენებლებს. შესაბამისად, ისინი უნდა განვიხილოთ როგორც კვლევითი ფენოტიპები და არა როგორც კლინიკური დიაგნოზები.

ხშირი შეუსაბამობა

კვლევამ აჩვენა, რომ ცხიმოვანი ქსოვილისა და კუნთების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ ყოველთვის თანაბრად არ იცვლება. მონაწილეთა დაახლოებით 42% ორ შეუსაბამო ჯგუფში გადანაწილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილისა და კუნთების სავარაუდო ინსულინრეზისტენტობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

დაახლოებით 21%-ს ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობა აღენიშნებოდა კუნთების შედარებით შენარჩუნებული მგრძნობელობის ფონზე, ხოლო დანარჩენ 21%-ში საპირისპირო სურათი გამოიკვეთა. ეს შედეგები ამყარებს მოსაზრებას, რომ ინსულინრეზისტენტობა სხვადასხვა ქსოვილში იდენტური არ არის.

თუმცა, ვინაიდან ეს კლასიფიკაცია არაპირდაპირ მაჩვენებლებსა და შერჩევით ზღვრულ მნიშვნელობებს ეყრდნობოდა, ეს პროცენტული მაჩვენებლები მოსახლეობაში აღნიშნული კლინიკური მდგომარეობის გავრცელების ზუსტ შეფასებად არ უნდა მივიჩნიოთ.

ამ სხვაობამ ბუნებრივი ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა შექმნა: რა ემართება ადამიანის მეტაბოლურ ჯანმრთელობას, როდესაც პრობლემა მხოლოდ ერთი ტიპის ქსოვილს ეხება?

ცხიმოვანი ქსოვილის რეზისტენტობა 
ცხიმოვანი ქსოვილი
Credit: Steve Gschmeissner/Science Photo Library/Getty Images

იმ მონაწილეებს, რომლებსაც ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობა დაუდგინდათ, ზოგადად, ნაკლებად ხელსაყრელი მეტაბოლური პროფილი ჰქონდათ. მათ აღენიშნებოდათ უზმოზე ინსულინის, HOMA-IR-ისა (ინსულინრეზისტენტობის სტანდარტული მარკერი) და HbA1c-ის შედარებით მაღალი მაჩვენებლები, გლიკემიის მეტი მერყეობა, HDL (ეგრეთ წოდებული „კარგი“) ქოლესტერინის დაბალი დონე, ასევე მეტად გამოხატული აბდომინალური სიმსუქნე და ღვიძლის გაცხიმოვნება.

ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობის მქონე ჯგუფებში ასევე მაღალი იყო ALT-ისა და AST-ის დონე. ეს ფერმენტები შეიძლება თან ახლდეს ღვიძლის მეტაბოლურ დისფუნქციას, თუმცა ისინი არასპეციფიკურია და თავისთავად არ ადასტურებს ღვიძლის დაზიანებას ან მის ცხიმოვან დისტროფიას.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობის მქონე მონაწილეები მეტაბოლური მაჩვენებლებით ძლიერ ჰგავდნენ მათ, ვისაც რეზისტენტობა ცხიმოვან ქსოვილთან ერთად კუნთებშიც ჰქონდა. ორივე ეს ჯგუფი კი მკვეთრად განსხვავდებოდა საკონტროლო ჯგუფისგან, რომელსაც ინსულინის მიმართ კარგი მგრძნობელობა ჰქონდა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხიმოვანი ქსოვილის არსებულ რეზისტენტობასთან კუნთების ინსულინრეზისტენტობის დამატებას საერთო სურათი არსებითად აღარ გაუუარესებია – როგორც ჩანს, მეტაბოლური ზიანის უდიდეს ნაწილს თავად ცხიმოვანი ქსოვილის რეზისტენტობა განაპირობებდა. თუმცა, დაზუსტებით ამის მტკიცება ჯერ კიდევ ადრეა.

კუნთოვანი რეზისტენტობა
კუნთოვანი ქსოვილი; Histology at SIU

იმ მონაწილეებს, რომლებსაც კუნთების ინსულინრეზისტენტობა ჰქონდათ, მაგრამ ცხიმოვანი ქსოვილი ინსულინის მიმართ მგრძნობიარე უნარჩუნდებოდათ, მთელი სხეულის ინსულინმგრძნობელობის დაბალი მაჩვენებელი გამოუვლინდათ. მიუხედავად ამისა, მათი სხვა კარდიომეტაბოლური მაჩვენებლების უმეტესობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა საკონტროლო ჯგუფის მონაცემებისგან.

ეს კანონზომიერება ქალებში უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, ვიდრე მამაკაცებში. კერძოდ, ქალებში კუნთების უკეთესი ინსულინმგრძნობელობა დაკავშირებული იყო ღვიძლის ინსულინრეზისტენტობის დაბალ მაჩვენებელსა და კუნთებში ცხიმის ნაკლებ შემცველობასთან – კავშირები, რომლებიც მამაკაცებში არ დაფიქსირებულა. სქესის მიხედვით გამოკვეთილი ეს თავისებურებები პოტენციურად საინტერესოა, თუმცა სანამ მასშტაბური კვლევებით არ დადასტურდება, ისინი მხოლოდ წინასწარ ვარაუდებად უნდა მივიჩნიოთ.

თუმცა, კუნთების ინსულინრეზისტენტობის “უსაფრთხოდ” შეფასება არასწორია. ჩონჩხის კუნთები ინსულინით სტიმულირებული გლუკოზის ათვისების ძირითადი ადგილია, ხოლო კუნთების რეზისტენტობა მეტაბოლური დარღვევების მნიშვნელოვან მახასიათებლად რჩება. კვლევის შედეგი უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ ჯგუფში ეს მაჩვენებელი უფრო სუსტად იყო დაკავშირებული რისკის მარკერებთან, ვიდრე ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობა.

რატომ არის ცხიმოვან ქსოვილსა და ღვიძლს შორის კავშირი სარწმუნო

როდესაც ცხიმოვანი ქსოვილი ინსულინის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება, ინსულინი ვეღარ ახერხებს ეფექტიანად დათრგუნოს ცხიმოვანი უჯრედებიდან ცხიმოვანი მჟავების გამოყოფა. ღვიძლში ცხიმოვანი მჟავების გაზრდილმა მიწოდებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მასში ცხიმის დაგროვებას და მეტაბოლური დარღვევები გამოიწვიოს.

ცხიმოვანი ქსოვილი ასევე გამოიმუშავებს სასიგნალო მოლეკულებს და მონაწილეობს ანთებით და ჰორმონულ რეგულაციაში. მისი გავლენა ნაწილობრივ დამოკიდებულია ცხიმის ტიპსა და ლოკალიზაციაზე: ვისცერული და ექტოპიური ცხიმი, როგორც წესი, ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტაბოლურ რისკთან, ვიდრე მთლიანი ცხიმოვანი მასა, როგორც ერთიანი კატეგორია.

ამიტომ, ტერმინი „ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობა“ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სხეულში არსებულ ნებისმიერ ცხიმს ერთნაირი ბიოლოგიური ეფექტი აქვს.

რას არ აჩვენებს კვლევა

მნიშვნელოვანია რამდენიმე შეზღუდვის გათვალისწინება:

ანალიზი იყო cross-sectional (ერთმომენტიანი), რის გამოც შეუძლებელია იმის დადგენა, იწვევს თუ არა ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობა ღვიძლის გაცხიმოვნებას, გლუკოზის რეგულაციის დარღვევას ან სხვა მეტაბოლურ ცვლილებებს.

ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილების კლასიფიკაცია ძირითადად ეყრდნობოდა სუროგატულ ინდექსებს და არა თითოეული მონაწილის ქსოვილის პირდაპირ გაზომვას. მაგალითად, ATIRI ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობას უზმოზე ინსულინისა და ცირკულირებადი ცხიმოვანი მჟავების მიხედვით აფასებს; ეს არ არის ცხიმოვან ქსოვილში ინსულინის მოქმედების პირდაპირი კლინიკური საზომი.

კვლევაში გამოყენებული იყო მონაწილეთა მედიანური ზღვრები და არა დადგენილი დიაგნოსტიკური მაჩვენებლები.

შერჩეულ ჯგუფში შედიოდნენ ჭარბი წონისა თუ სიმსუქნის მქონე შუახნისა და უფროსი ასაკის ადამიანები, ამიტომ შედეგები შეიძლება არ ვრცელდებოდეს ახალგაზრდებზე, ნორმალური წონის მქონე პირებსა თუ სხვა პოპულაციებზე.

კვლევის მიზანი არ ყოფილა იმის დადგენა, უნდა შეირჩეს თუ არა კონკრეტული დიეტა, ვარჯიშის პროგრამა ან მედიკამენტი ადამიანის კონკრეტული ქსოვილის ინსულინრეზისტენტობის თავისებურებების მიხედვით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი 

თუკი ამ კვლევის შედეგები უფრო მასშტაბურმა და პერსპექტიულმა სამეცნიერო სამუშაოებმაც დაადასტურა, ეს მკვლევრებს უბიძგებს, ინსულინრეზისტენტობა განიხილონ არა როგორც ერთგვაროვანი მდგომარეობა, არამედ როგორც ქსოვილთათვის დამახასიათებელი ურთიერთდაკავშირებული თავისებურებების ერთობლიობა. ამან კი, საბოლოო ჯამში, შესაძლოა ხელი შეუწყოს კვების, ვარჯიშისა და მედიკამენტოზური მკურნალობისადმი უფრო პერსონალიზებული მიდგომების შემუშავებას.

ამ ეტაპზე ყველაზე საფუძვლიანი და კონკრეტული დასკვნა ასეთია: კვლევაში მონაწილე 229 ზრდასრულ ადამიანში ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობა უფრო მჭიდროდ და თანმიმდევრულად უკავშირდებოდა არასასურველ მეტაბოლურ მაჩვენებლებს, ვიდრე კუნთოვანი ქსოვილისა. კვლევა ამ მიმართულებით შემდგომი ძიების საფუძველს იძლევა, თუმცა იგი ვერ ამტკიცებს, რომ მეტაბოლური დარღვევების პირველადი მიზეზი მაინცდამაინც ცხიმოვანი ქსოვილია ან კუნთოვანი ქსოვილის ინსულინრეზისტენტობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

წყარო: Diabetes Research and Clinical Practice



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები