რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სკრინინგის მასშტაბური აქციები ჩატარდება. ინიციატივას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ორგანიზებენ.
პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულიად უფასოდ ჩაიტარონ სხვადასხვა მიმართულების კვლევები. კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტებისა და აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, გამოკვლევებს ადგილზე, თანამედროვე სამედიცინო მეთოდების გამოყენებით, კვალიფიციური პერსონალი ჩაატარებს.
სპეციალისტების განმარტებით, სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მსგავსი აქციები დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა, სწორედ ამ დროს კი სამედიცინო ჩარევა და მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.

