back to top

პირველ რიგში, არ ავნო.

გააზიარე

ესთეტიკური მედიცინა მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მიმდინარეობაა, რომელიც სილამაზის შექმნასა და შენარჩუნებასთან ერთად აერთიანებს სამედიცინო პროგრესს. შესაბამისად, იგი ექვემდებარება იმავე უმაღლეს ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს, რასაც ნებისმიერი სამედიცინო მიმდინარეობა. ამიტომ ყველაზე მნიშნველოვანი პრინციპი, რომელიც მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტებმა არის ჰიპოკრატეს ძველი დევიზი – „Primum non nocere“ – „პირველ რიგში, არ ავნო“ – ეს კი ნიშნავს, რომ ექიმის ყველა გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს პაციენტის ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამჟამად არ არსებობს რეგულაციები, რომლებიც ექიმის კვალიფიკაციის კონტროლსა და მონიტორინგს უზრუნველყოფდა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშნველოვანია, რომ თითოეულმა პროფესიონალმა თავად აიღოს პასუხისმგებლობა, მუდმივად აიმაღლოს კვალიფიკაცია, შეიძინოს ის ცოდნა, რომელიც პაციენტის უსაფრთხოების და ნდობის გარანტი იქნება. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ იყო ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი, მხოლოდ რამდენიმეთვიანი კურსის გავლას არ ნიშნავს, არამედ ეს არის შესაბამისი სამედიცინო განათლება, რომელიც უამრავ წელს მოიცავს. სწორედ ის ექიმი, რომელსაც შესაბამისი ცოდნა და ეთიკური პასუხისმგებლობა გააჩნია, არასოდეს დააზარალებს პაციენტს ზედმეტი ან არაკვალიფიციური ჩარევით.

ჩვენი მიზანია, არა პაციენტის სურვილების დაკმაყოფილება, არამედ სწორად შერჩევა იმ პროცედურების, რომელიც მას რეალურად სჭრიდება, რაც მიიღწევა პირველ რიგში კონსულტაციით – ანამნეზის სწორი შეკრება, დიაგნოსტირება და თითოეული პაციენტის ინდივიდუალური შეფასება.

არანაკლებ მნიშნველოვანია პრეპარატების სწორად შერჩევა. ბაზარზე არსებული მრავალფეროვნებიდან უპირატესობა უნდა მიენიჭოს  იმ პროდუქტებს, რომელთა ეფექტიანობა და უსაფრთხოება მრავალი კლინიკური კვლევითაა დამოწმებული.

ჩვენს მიერ განხორციელებული პროცედურები არ უნდა გახდეს პაციენტის იდენტობის შეცვლის გზა – უპირველს ყოვლისა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს პაციენტის ბუნებრიობის შენარჩუნება და თვითშეფასების ამაღლება. მას უნდა სწორი მოლოდინები შევუქმნათ და ავუხსნათ ყველა შესაძლო რისკი, მივიღოთ მისი გაცნობიერებული თანხმობა.

პაციენტის მომართვიანობის მთავარი საფუძველი ნდობაა, ის ექიმს ანდობს საკუთარ გარეგნობას, რაც პირდაპირ კავშირშია მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან და თვითშეფასებასთან. და თუ ჩვენ ყოფელთვის „არ ავნოს“ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ და გადაწყვეტილებებს არა მხოლოდ ფინანსური სარგებლის მოტივით, არამედ  პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ, შედეგი იქნება ჯანმრთელი, ბუნებრივად ლამაზი და კმაყოფილი პაციენტი.

ესთეტიკური მედიცინა ხომ ხელოვნებისა და მეცნიერების ნაზავია, და მაინც მედიცინის ეთიკური პრინციპი „არ ავნო“ ჩვენი პროფესიული პრინციპი და პაციენტის მიმართ უდიდესი პატივისცემაა, პატივისცემა, რომელიც უკან გვიბრუნდება მადლიერებით და კიდევ უფრო მეტი პაციენტით.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები