ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესზე წარდგენილმა 30-წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმში არსებული ფარული ანთებითი პროცესები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ისეთივე სერიოზული რისკ-ფაქტორია, როგორც, მაგალითად, მაღალი ქოლესტერინი.
კვლევამ, რომელშიც 12 000-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა, ახსნა, თუ რატომ გვხვდება ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევების ნახევარი იმ ადამიანებში, რომლებსაც სტანდარტული რისკ-ფაქტორები არ აღენიშნებათ.
ანთებითმა პროცესებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ინფარქტის რისკი მაშინაც კი, როდესაც ქალს აქვს ნორმალური წნევა, არ მოიხმარს თამბაქოს და არ აწუხებს ჭარბი ქოლესტერინი. პრობლემის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ანთებით პროცესებს არ გარეგანი ნიშნები ახასიათებს და მისი აღმოჩენა მხოლოდ სპეციალური სისხლის ტესტით (hsCRP) არის შესაძლებელი.
კვლევის ძირითადი მიგნებები
მეცნიერები 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ქალებს, რომლებსაც თავდაპირველად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არანაირი სტანდარტული რისკ-ფაქტორი არ აღენიშნებოდათ.
კვლევამ ორგანიზმში არსებულ ფარულ ანთებით პროცესებთან პირდაპირი კავშირი აჩვენა. იმ ჯგუფში, რომელშიც ინფარქტის ან ინსულტის შემთხვევები დაფიქსირდა, ანთების მაჩვენებელი (hsCRP) მნიშვნელოვნად მაღალი იყო. მიღებული მონაცემების თანახმად, მაღალი ანთებითი დონის მქონე პაციენტებში სათანადო თერაპიამ შესაძლოა სერიოზული გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკი 38%-ით შეამციროს.
რატომ არის ეს კვლევა მნიშვნელოვანი?
დღეისათვის ბევრ ქვეყანაში ანთების დონის განსაზღვრა სტანდარტული სამედიცინო შემოწმების ნაწილი არ არის. ამის გამო, პაციენტები, რომლებსაც ქოლესტერინის „იდეალური“ მაჩვენებლები აქვთ, ხშირად ვერ იღებენ საჭირო პრევენციულ მკურნალობას, რადგან მათი რეალური ჯანმრთელობის რისკი შეუმჩნეველი რჩება.
კვლევის ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ hsCRP ტესტირება რუტინული სკრინინგის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, განსაკუთრებით ქალებისთვის. ეს ექიმებს საშუალებას მისცემს, დროულად მართონ ის ფარული საფრთხეები, რომელთა აღმოჩენაც ტრადიციული ანალიზებით შეუძლებელია.
წყარო: European Heart Journal

