back to top

რეგენერაციული თერაპია ინსულტით გამოწვეული ტვინის შეუქცევადი დაზიანებების წინააღმდეგ

გააზიარე

ინსულტი, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვი იბლოკება და ნეირონები კვდება, ინვალიდობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი 6 ადამიანიდან 1 ცხოვრების რაღაც ეტაპზე ინსულტის რისკის ქვეშაა.

ადამიანის ტვინი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე რთული ორგანოა, რომელიც გვაძლევს საუბრის საშუალებას, მეხსიერებას და აბსტრაქტულ აზროვნების უნარს. თუმცა, ამ კომპლექსურობას აქვს თავისი ფასი: მაგალითად, ტვინის ქსოვილს ძალიან შეზღუდული უნარი აქვს რეგენერაციის. კანისგან ან ღვიძლისგან განსხვავებით, მკვდარი ნეირონები იშვიათად ახერხებს რეგენერაციას, რის გამოც ტვინის დაზიანებები ხშირად ასაკთან დაკავშირებული მრავალი დაავადების, მათ შორის ინსულტის, საწყისია.

ინსულტის ყველაზე გავრცელებული ფორმის, იშემიური ინსულტის დროს, ტვინის უბნისკენ სისხლის მიმოქცევა წყდება. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო მიღწევებმა გააუმჯობესა გადარჩენის მაჩვენებელი, დღესდღეობით არ არსებობს მკურნალობა, რომელსაც შეუძლია ინსულტით გამოწვეული ნეირონული დაზიანების აღდგენა. რეაბილიტაცია ნაწილობრივ აღადგენს ფუნქციებს, მაგრამ ბევრი გადარჩენილი რჩება მუდმივი მოტორული და კოგნიტური დაზიანებით.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, უჯრედულმა თერაპიამ ახალი გზები გახსნა რეგენერაციულ მედიცინაში. ამ თერაპიების მიზანია დაზიანებული ქსოვილის შეცვლა ან “შეკეთება” ახალი უჯრედების შეყვანით, რომლებსაც შეუძლიათ გადარჩენა, მომწიფება და დაკარგული ფუნქციების შესრულება.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო 1980-იანი წლების ბოლოს შვედეთში, როდესაც მკვლევარებმა წარმატებით გადაუნერგეს ნერვული ღეროვანი უჯრედები პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს. დაზიანებული ნეირონების შეცვლამ ბევრ პაციენტს აღუდგინა მოტორული ფუნქცია ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს იყო პირველი მყარი მტკიცებულება, რომ ცოცხალი უჯრედების გამოყენებით ადამიანის ტვინის ფუნქციების აღდგენა შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმატება ინსპირაცია გახდა, ინსულტი განსხვავებულ გამოწვევას წარმოადგენს:

  1. დაზიანების მასშტაბი: იშემიური დაზიანება, როგორც წესი, უფრო ფართოა.
  2. დაზიანებული უჯრედების მრავალფეროვნება: ზიანდება არა ერთი ტიპის უჯრედი, არამედ ნეირონების, გლიური უჯრედების და სისხლძარღვების მრავალი პოპულაცია.
  3. ფუნქციური ინტეგრაცია: გადარგული უჯრედებისთვის გადარჩენა საკმარისი არ არის. ისინი ფუნქციურად უნდა ინტეგრირდნენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უნდა გააგზავნონ თავიანთი აქსონები (ნერვული იმპულსების გადამცემი გაგრძელებები) და დაამყარონ შესაბამისი სინაფსები გადარჩენილ ნეირონებთან. ეს გავს ჩამონგრეული ხიდზე მოძრაობის აღდგენას: კავშირები სწორად უნდა დამყარდეს ინფორმაციის ნაკადის უზრუნველსაყოფად.

ამ უნიკალური გამოწვევის დასაძლევად, მეცნიერები იყენებენ გენეტიკურ ინჟინერიას, თანამედროვე ბიოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციურ ტექნოლოგიას. ის უჯრედების მოდიფიცირების საშუალებას იძლევა იმგვარად, რომ ისინი უფრო ეფექტური და დაზიანებულ ქსოვილში უკეთ ინტეგრირებადი გახდნენ.

მაგალითად, მკვლევრებს შეუძლიათ გადანერგილ უჯრედებში ჩართონ გენი, რომელიც აკოდირებს BDNF (ტვინიდან მიღებული ნეიროტროფული ფაქტორი) ცილას. ეს ნეიროტროფული ფაქტორი ხელს უწყობს ტვინის განვითარებას და აძლიერებს აქსონების ზრდასა და სინაფსების წარმოქმნას. ამ მიდგომის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ნეირონების ფუნქციურ ინტეგრაციას დაზიანებულ ტვინში, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია იმისათვის, რომ ტრანსპლანტაციამ არა მხოლოდ შეავსოს სიცარიელე, არამედ აღადგინოს ნეირონული კომუნიკაცია.

მედიცინის ისტორია შეუძლებლის წინააღმდეგ მიღწეული მცირე გამარჯვებებისგან შედგება. სულ რამდენიმე ათწლეულის წინ ინსულტით დაზიანებული ტვინის განკურნების იდეა წარმოუდგენელი იქნებოდა, თუმცა დღეს რეალობაა.

წყარო: MedicalExpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები