რევოლუციური აღმოჩენა სტომატოლოგიაში: კერატინი კბილის ემალს აღადგენს

გააზიარე

ლონდონის კინგსის კოლეჯის მეცნიერებმა სტომატოლოგიაში რევოლუციური მკურნალობის მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც კბილის ემალის აღსადგენად და კარიესის შესაჩერებლად კერატინს იყენებს. კერატინი თმასა და კანში, ასევე, მატყლში არსებული ცილაა.

კვლევის თანახმად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნერწყვში არსებული მინერალები კბილის ზედაპირზე არსებულ კერატინთან ურთიერთქმედებისას ქმნიან დამცავ ფენას, რომელიც მინანქრის მსგავსია. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან კბილის მინანქარს, ძვლებისა და თმისგან განსხვავებით, დაზიანების შემდეგ აღდგენა არ შეუძლია. 

კვლევის ავტორის, დოქტორი შერიფ ელშარკავი, თქმით, “სხვადასხვა ტიპის საკვები, პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა და ასაკის მატება დროთა განმავლობაში აზიანებს მინანქარს, რაც კბილის მგრძნობელობასა და ტკივილს, საბოლოოდ კი მის დაკარგვასაც კი იწვევს, ხოლო კერატინზე დაფუძნებული მკურნალობა არამხოლოდ იცავს კბილებს ამ პროცესისგან, არამედ შესაძლოა მათი ფუნქციის აღდგენასაც კი შეუწყოს ხელი.”

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კერატინი ქმნის მკვრივ მინერალურ ფენას, რომელიც იცავს კბილებს და ბლოკავს ნერვულ არხებს, რაც ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ სტრუქტურულად იცავს კბილს, არამედ ამცირებს მის მგრძნობელობასაც. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ კერატინი უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული, ფტორის შემცველი კბილის პასტები.

კერატინით მკურნალობა შესაძლოა კბილის ყოველდღიური პასტის ან სტომატოლოგის მიერ გამოყენებული გელის სახით იყოს ხელმისაწვდომი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კერატინზე დაფუძნებული პროდუქტები საზოგადოებისთვის ორ-სამ წელიწადში გახდება ხელმისაწვდომი.

კინგსის კოლეჯის მეცნიერთა გუნდის განცხადებით, თმისა და მატყლისგან მიღებული ეს მასალა ეკოლოგიურად სუფთა და არატოქსიკურია.

ეს აღმოჩენა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ბიოლოგიური ნარჩენები სასარგებლო სამედიცინო რესურსად იქცეს და როგორ შეუძლია ბიოტექნოლოგიას ნებისმიერი მასალის გამოყენება სამკურნალოდ.

წყარო: Wiley Advanced

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები