სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში რობოტიზაცია სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, თუმცა, როდესაც საქმე მიკროქირურგიასა და სუპერმიკროქირურგიას ეხება, სიზუსტის სტანდარტები კიდევ უფრო მაღალია. ნიდერლანდურმა კომპანია Microsure-მა, რომელიც ამ მიმართულების ერთ-ერთი პიონერია, ახალი თაობის მიკროქირურგიული რობოტული სისტემა MUSA 3 შექმნა. ეს ტექნოლოგია სპეციალურად იმისთვისაა შეიქმნილი, რომ მაღალკვალიფიციურ ქირურგებს ურთულესი და უმცირესი მასშტაბის ოპერაციების დროს მაქსიმალური სიზუსტის მიღწევაში დაეხმაროს.
ტექნოლოგიური წინსვლის პარალელურად, კომპანია აქტიურად მუშაობს ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობაზე. MUSA 3-ის მიერ CE მარკირების (ევროპული შესაბამისობის სერტიფიკატი) მიღება უმნიშვნელოვანესი რამაა, რომელიც ამ ინოვაციურ პლატფორმას გზას უხსნის ევროპის წამყვან კლინიკებსა და საავადმყოფოებში გამოსაყენებლად.
MUSA 3 ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია ქირურგის სამუშაო კონსოლი და რობოტული მკლავების მქონე მოძრავი პლატფორმა. ქირურგი ოპერაციას ატარებს ერგონომიულ პოზიციაში ჯდომისას, როდესაც ციფრული ან ჰიბრიდული მიკროსკოპის ეკრანს უყურებს. სპეციალური ჯოისტიკების დახმარებით, ქირურგის მოძრაობები რეალურ დროში გადაეცემა რობოტულ მკლავებს. სისტემა ავტომატურად ფილტრავს ადამიანის ხელის ბუნებრივ კანკალს (ტრემორს) და ახდენს მოძრაობის მასშტაბირებას, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს, მიკროსკოპულ დონეზეც კი უპრეცედენტო სიზუსტით იმოქმედოს.
ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა მისი განსაკუთრებული მოქნილობაა. MUSA 3 საშუალებას აძლევს ექიმებს, რთულად მისადგომ და ვერტიკალურად ორიენტირებულ ჭრილობებზე იმუშაონ ისე, რომ არ დასჭირდეთ ხელების საყრდენ ზედაპირზე დასვენება სტაბილურობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, უნიკალური ერთჯერადი ადაპტერების წყალობით, რობოტი თავსებადია თავად ქირურგების მიერ უკვე აპრობირებულ და ნაცნობ მიკროინსტრუმენტებთან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სისტემის ფუნქციონალურობას და ადაპტაციის უნარს სხვადასხვა სამედიცინო ბრენდთან.
აღსანიშნავია, რომ Microsure-ის წინა მოდელი, MUSA 2, ჯერ კიდევ 2019 წელს გახდა მსოფლიოში პირველი CE სერთიფიკატის მფლობელი მიკროქირურგიული რობოტი. მან წარმატებით გაიარა მრავალი კლინიკური კვლევა, მათ შორის მკერდის კიბოსთან ასოცირებული ლიმფედემის მკურნალობისას. სწორედ MUSA 2-ის პრაქტიკული გამოყენებისას მიღებულმა გამოცდილებამ და ქირურგების უკუკავშირმა დაუდო საფუძველი MUSA 3-ის შექმნას, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მედიცინის რეალურ გამოწვევებს. მიმდინარე ლოკალური მარეგულირებელი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეს რობოტი მზად იქნება ქირურგიულ პრაქტიკაში ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად.

