ადამიანის მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ზუსტი პროცესია. მისი ფუნქციური სრულყოფილება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად ახერხებს ორგანიზმი ემბრიონული განვითარების პერიოდში უჯრედების იმ ფილიგრანული კონფიგურაციის შექმნას, რომელიც ჩვენს „სუპერ-მხედველობას“ განსაზღვრავს. ეს პროცესი მოლეკულური სიგნალების უზუსტეს თანმიმდევრობას ეყრდნობა, რაც საბოლოოდ ბადურის ყველაზე მგრძნობიარე წერტილის, ფოვეოლას (foveola), სტრუქტურულ ფორმირებას განაპირობებს.
სწორედ ეს მიკროსკოპული არეალი განსაზღვრავს ჩვენს უნარს, აღვიქვათ სამყარო მაღალი გარჩევადობით. ფოვეოლა ბადურის ცენტრალური ნაწილის, მაკულის, მცირე ჩაღრმავებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს უმცირესი დეტალები დავინახოთ და სახის გამომეტყველება ზუსტად ამოვიცნოთ. ფოვეოლაში ექსტრემალურად მაღალი სიმჭიდროვითაა განლაგებული M/L ტიპის კოლბები (მწვანე და წითელი ფერის აღმქმელი უჯრედები), მაშინ როცა „ლურჯი“ (S) კოლბები, ჩხირები და სისხლძარღვები ამ არეში პრაქტიკულად არ გვხვდება.

ახალი კვლევა ამ უნიკალური არქიტექტურის ჩამოყალიბების პროცესს ხსნის. მეცნიერებმა შეძლეს იმ მოლეკულური სიგნალების იდენტიფიცირება, რომლებიც ემბრიონულ პერიოდში მხედველობის უჯრედების სპეციალიზაციასა და მათ ფუნქციურ დიფერენციაციას განსაზღვრავს.
უჯრედული გარდასახვის საიდუმლო
ტრადიციული ხედვით, ბადურის უჯრედების სპეციალიზაცია ხაზოვან და შეუქცევად პროცესად მიიჩნეოდა. მეცნიერები თვლიდნენ, რომ განვითარების საწყის ეტაპზევე ხდებოდა მკაცრი დაყოფა: უჯრედი იღებდა ან S-ტიპის (ლურჯი), ან M/L-ტიპის (მწვანე/წითელი) იდენტობას. ამ მოდელის მიხედვით, მას შემდეგ, რაც უჯრედი „ლურჯ“ ტრაექტორიას აირჩევდა, მისი სხვა ტიპის რეცეპტორად გარდაქმნა შეუძლებელი იყო.
თუმცა, ნაყოფის ბადურის უჯრედულმა ანალიზმა ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა. აღმოჩნდა, რომ ემბრიონული განვითარების მე-11 კვირაზე, მომავალი ფოვეოლას ჩანასახოვან არეში S-კოლბები მასობრივად ჩნდება. ეს მონაცემები აშკარა შეუსაბამობაშია ზრდასრული ადამიანის ბადურის არქიტექტურასთან, რომლის ცენტრალური არეალიც „ლურჯი“ კოლბებისგან სრულიად თავისუფალია.
ამ პარადოქსულმა მოცემულობამ წარმოშვა ლოგიკური კითხვა: რა მექანიზმით ქრება აღნიშნული უჯრედები ცენტრალური არეალიდან? ადრეული ჰიპოთეზა ამ პროცესს ფიზიკური მიგრაციით ხსნიდა და მიიჩნეოდა, რომ S-კოლბები პერიფერიისკენ ინაცვლებდნენ. თუმცა, უახლესმა მონაცემებმა უჯრედული პლასტიურობის უნიკალური შემთხვევა გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ ნაცვლად გადაადგილებისა, ფოტორეცეპტორები განიცდიან მოლეკულურ რეპროგრამირებას და საბოლოოდ M/L კოლბებად ყალიბდებიან.
ფოტორეცეპტორების დინამიკა
ნაყოფის ბადურის მოლეკულურმა კვლევამ გამოავლინა კოლბების სამი განსხვავებული პოპულაცია: S-ტიპის, M/L-ტიპის და ე.წ. კო-ექსპრესიული უჯრედები, რომლებიც ერთდროულად ორივე ტიპის ოპსინს გამოიმუშავებენ. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს გარდამავალ რგოლს უჯრედული ტრანსფორმაციის პროცესში.
განვითარების ქრონოლოგია აჩვენებს, რომ მე-10 კვირას ფოვეოლას ჩანასახოვან არეში პირველი S-კოლბები ჩნდება, თუმცა უკვე მე-14 კვირისთვის სურათი რადიკალურად იცვლება: ფოვეოლის ცენტრში დიფერენცირებული M/L კოლბები იკავებენ დომინანტურ პოზიციას, ხოლო მათ გვერდით კო-ექსპრესიული უჯრედების მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება.
პროცესის დასრულებისას, ზრდასრულობის ეტაპზე, ფოვეოლას ცენტრალური ზონა უკვე ექსკლუზიურად M/L კოლბებითაა დაკომპლექტებული. იმის გათვალისწინებით, რომ განვითარების 23-ე კვირამდე უჯრედული სიკვდილის (აპოპტოზის) არანაირი ნიშანი არ გამოვლენილა, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადრეული S-კოლბები კი არ “კვდებიან” ან ფიზიკურად ინაცვლებენ, არამედ საკუთარ დიფერენციაციის ტრაექტორიას იცვლიან და M/L ტიპის რეცეპტორებად გარდაიქმნებიან.
რეტინოის მჟავა და ჰორმონალური რეგულაცია
ფოვეოლას უნიკალური სტრუქტურის ჩამოყალიბება ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც კოორდინირებულად მართავენ ფოტორეცეპტორების დიფერენციაციას. პირველი მათგანია რეტინოის მჟავის (RA) ლოკალური დეგრადაცია, რომელსაც ფერმენტი CYP26A1 ახორციელებს. ცენტრალურ ბადურაში ამ ფერმენტის მაღალი აქტივობა იწვევს რეტინოის მჟავის ინტენსიურ დაშლას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია „ლურჯი“ კოლბების საწყისი ფორმირების შესაზღუდად.
ექსპერიმენტულმა მოდელებმა დაადასტურა, რომ რეტინოის მჟავის მაღალი კონცენტრაცია ასტიმულირებს S-ტიპის რეცეპტორების განვითარებას, ხოლო მისი დეფიციტი, რომელიც ფოვეოლას არეში ხელოვნურადაა შექმნილი, გზას უხსნის M/L ტიპის უჯრედების დომინირებას.
პროცესის მეორე გადამწყვეტი რგოლია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი (TH), კერძოდ კი მისი აქტიური ფორმა – T3. აღმოჩნდა, რომ ეს ჰორმონი S-იდენტობის გამომხატველ გენებს თრგუნავს და უჯრედების ტრანსფორმაციას M/L ტიპის რეცეპტორებად უწყობს ხელს. ჰორმონალური სიგნალების ხანგრძლივი ზემოქმედება „ბლოკავს“ უჯრედებს მათ საბოლოო მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს ფოვეოლის ფუნქციურ სტაბილურობას. ამ მოლეკულური „ინჟინერიის“ წყალობით, ორგანიზმი ახერხებს ბადურის ცენტრში შექმნას უჯრედული კონფიგურაცია, რომელიც ჩვენი მხედველობის გამორჩეულ სიმახვილეზეა პასუხისმგებელი.

თერაპიული პერსპექტივა
ბადურის ორგანოიდების, ლაბორატორიულ პირობებში კულტივირებული „მინი-ორგანოების“, გამოყენებით, მეცნიერებმა შეძლეს ფოვეოლას ფორმირების პროცესის სრული მოლეკულური იმიტაცია. ეს მიღწევა ჩვენს მიდგომას ოფთალმოლოგიური დაავადებების მკურნალობისადმი ფუნდამენტურად ცვლის. კერძოდ, მოლეკულური მექანიზმების გაშიფვრა გზას უხსნის მიზნობრივ ჰორმონალურ თერაპიას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღენაკლულ ახალშობილებში მხედველობის პათოლოგიების პრევენციისთვის.
მიღებული ცოდნა პირდაპირ აისახება ბადურის ორგანოიდების ხარისხზე, რაც მათ სამომავლო ტრანსპლანტაციისთვის იდეალურ მასალად აქცევს. აღნიშნული გარღვევა საფუძველს უყრის პერსონალიზებულ მედიცინას, სადაც მაკულარული დეგენერაციით გამოწვეული დაზიანებების გამოსწორება უკვე რეალურ სამეცნიერო პერსპექტივად გვევლინება.
წყარო: PNAS

