დაბერება, შესაძლოა, ორგანიზმის წინასწარ გაწერილი პროგრამა იყოს

გააზიარე

ნიუ-იორკში მდებარე როკფელერის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა უპრეცედენტო მასშტაბის კვლევამ დაბერების პროცესის შესახებ აქამდე არსებული წარმოდგენები შეცვალა. ახალი მიგნებების თანახმად, დაბერება ქაოსური მოლეკულური დეგრადაცია კი არ არის, არამედ ორგანიზმის უჯრედული სისტემის ეტაპობრივი, წინასწარ დაპროგრამებული გარდაქმნაა. ადამიანებში ეს პროცესი, სავარაუდოდ, 30 წლამდე ასაკში იწყება.

უჯრედულმა ბიოლოგმა ჯუნიუე ცაომ (Junyue Cao) და მისმა გუნდმა სიცოცხლის 5 სხვადასხვა ეტაპზე მყოფი თაგვების 14 ორგანოს 21 მილიონი უჯრედი და თითოეულ მათგანში 20 000-მდე გენის ექსპრესია შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ დაბერების პროცესი ორგანიზმში არსებულ ყველა უჯრედზე ერთნაირად არ მოქმედებს. უჯრედების მხოლოდ 25% განიცდის მკვეთრ ცვლილებას, დანარჩენი კი სიცოცხლის ბოლომდე სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაბერება ხაზოვანი პროცესი არ არის და ის მკაფიოდ გამოხატულ ფაზებად იყოფა (ადამიანის ასაკთან მიახლოებული ეკვივალენტით):

  • ადრეული ეტაპი (20-დან 30 წლამდე): ორგანიზმში იწყება გარკვეული ცხიმოვანი და კუნთოვანი უჯრედების, ასევე ტვინის ქსოვილების აღდგენაზე პასუხისმგებელი უჯრედების კარგვა.

  • შუა ეტაპი (30-დან 40-50 წლამდე): მკვეთრად მცირდება ქსოვილების შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი უჯრედები. მათ შორისაა ის უჯრედები, რომლებიც სისხლძარღვებს, თირკმელებსა და ნაწლავებს იცავს.

  • გვიანი ეტაპი (50 წლიდან ზევით): უჯრედების კარგვის პროცესს მათი უკონტროლო გამრავლება ანაცვლებს. ჩნდება სტრესის ქვეშ მყოფი ე.წ. „ეგოისტი“ იმუნური უჯრედები, რომლებიც დროთა განმავლობაში ორგანიზმში ანთებით პროცესებს, გულის დაავადებებს, ართრიტსა და კიბოს იწვევს.

ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ სიბერე დნმ-ისა და ცილების თანმიმდევრული დაზიანების შედეგი იყო. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პროცესს კონკრეტული გენომური პროგრამა მართავს. კვლევის ავტორები ამას შემოდგომაზე ხის ფოთოლცვენას ადარებენ — როგორც სინათლის ცვლილება აძლევს ხეს ფოთლების დაყრის სიგნალს, ისე ორგანიზმში არსებული მოლეკულური სიგნალები რთავენ დაბერების კონკრეტულ ეტაპებს. მეცნიერებმა უკვე გამოავლინეს 280 000-მდე გენომური რეგიონი, რომლებიც ამ პროცესის დროს სპეციფიკურ უჯრედებში აქტიურდება ან ითიშება.

ეს მიგნება დაბერების საწინააღმდეგო თერაპიების შექმნის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ფარმაკოლოგებს უკვე შეუძლიათ, ფოკუსირება არა ზოგად მოლეკულურ დაზიანებებზე, არამედ უშუალოდ იმ მოწყვლად უჯრედებსა და გენეტიკურ კოდზე მოახდინონ, რომლებიც სიბერის პროგრამას მართავენ. თუმცა, როგორც ავტორები აღნიშნავენ, ვინაიდან ორგანიზმის რეგენერაციის უნარი საშუალო ასაკამდე ბევრად ადრე მცირდება, პრევენციული ჩარევების დაწყება ნაადრევ ეტაპზევე იქნება საჭირო.

წყარო: QuantaMagazine

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები