8-საათიანი ძილის წესი მითია — რამდენი ხნით უნდა გვეძინოს რეალურად?

გააზიარე

ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში ზუსტად 8 საათი უნდა ეძინოს. ეს იდეა სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს, როდესაც „8 საათი სამუშაო, 8 საათი დასვენება, 8 საათი ძილი“ ერთგვარ სტანდარტად იქცა. თუმცა, ჟურნალ Brain Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი სამეცნიერო მიმოხილვა აჩვენებს, რომ 8-საათიანი წესი ყველასთვის იდეალური სულაც არ არის.

იმის გასარკვევად, თუ რამდენი საათი სძინავს ადამიანს ბუნებრივად, მეცნიერებმა ისეთი ტომები და საზოგადოებები შეისწავლეს, რომლებსაც ხელოვნურ განათებაზე წვდომა არ აქვთ (მაგალითად, ტანზანიაში, ნამიბიასა და ბოლივიაში). აღმოჩნდა, რომ ინდუსტრიალიზაციამდელ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს საშუალოდ 5.7-დან 7.1 საათამდე სძინავთ. აღსანიშნავია, რომ მათ ეს დრო სრულიად ჰყოფნით — დღის განმავლობაში არ იძინებენ და მაღვიძარას გარეშე, გამთენიისას ბუნებრივად იღვიძებენ.

თანამედროვე საზოგადოებებში ჩატარებულმა მასშტაბურმა სამედიცინო კვლევებმაც დაადასტურა, რომ ჯანმრთელობისთვის ე.წ. „ოქროს შუალედი“ 8 საათზე ნაკლებია. თავის ტვინისა და სხეულის სხვადასხვა ორგანოს დაბერების პროცესზე დაკვირვებით დადგინდა, რომ ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა, სქესისა და კონკრეტული ორგანოს მიხედვით, 6.4-დან 7.8 საათამდე მერყეობს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ძილის როგორც მკვეთრი უკმარისობა, ისე გადაჭარბება ჯანმრთელობის გაუარესებასთან (გულის დაავადებებთან, სიმსუქნესა და კოგნიტურ დაქვეითებასთან) არის დაკავშირებული.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ძილის ხანგრძლივობა მკაცრად ინდივიდუალურია და „საშუალო სტატისტიკური ადამიანი“ არ არსებობს. აშშ-ის ძილის ეროვნული ფონდის რეკომენდაციით, 26-დან 64 წლამდე ასაკის ზრდასრულებისთვის 7-დან 9 საათამდე ძილია სასურველი, თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის 6 ან თუნდაც 10 საათი სრულიად ნორმალურია. შესაბამისად, უნივერსალური 8-საათიანი წესი რეალობას არ ასახავს.

გარდა ხანგრძლივობისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძილის გრაფიკს. ხელოვნური განათება ჩვენს ბიოლოგიურ საათს ცვლის, რის გამოც ადამიანების უმეტესობა გამთენიისას ბუნებრივად ვეღარ იღვიძებს. ამასთან, თანამედროვე ცხოვრების რიტმის გამო, განსაკუთრებით კი სტუდენტებსა და ცვლებში მომუშავე ადამიანებში, გრაფიკი ხშირად არარეგულარულია. მკვლევრების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური რეჟიმი მნიშვნელოვანია, სამუშაო დღეებში დაკლებული ძილის შაბათ-კვირას ანაზღაურება ბევრად სჯობს საერთოდ გამოუძინებლობას.

მეცნიერების მთავარი რჩევა მარტივია: არ ღირს ზუსტად 8-საათიან ჩარჩოზე ფიქრით სტრესის მიღება. უბრალოდ იძინეთ იმდენი, რამდენიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება და ნუ ინერვიულებთ, თუ ზოგჯერ სრულფასოვნად გამოძინებას ვერ ახერხებთ.

წყარო: Brain Medicine

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები