როგორ მოქმედებს მარიხუანა ქალის ნაყოფიერებაზე? THC-ის გავლენა კვერცხუჯრედებზე და IVF-ის შედეგები

გააზიარე

კანაფის ლეგალიზაციისა და მოხმარების ზრდასთან ერთად, მისი გავლენა ჯანმრთელობაზე სულ უფრო აქტუალური ხდება. უახლესი კვლევის თანახმად, კანაფის მთავარი ფსიქოაქტიური ნივთიერება, THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი), პირდაპირ მოქმედებს ქალის ნაყოფიერებაზე – ის ცვლის კვერცხუჯრედების მომწიფების პროცესსა და მათ გენეტიკურ სტრუქტურას.

იმის გათვალისწინებით, რომ ქალის მოუმწიფებელი კვერცხუჯრედები (ოოციტები) უნიკალური მგრძნობელობით გამოირჩევიან და მათი რაოდენობა შეზღუდულია, კანაფის მოხმარების პოტენციური რისკის უგულებელყოფა შეუძლებელია. ამიტომ, ამ კვლევის შედეგები უმნიშვნელოვანესია რეპროდუქციული მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, რომლებიც ორსულობას გეგმავენ.

აქამდე ჩატარებული კვლევები ძირითადად მამაკაცის სპერმაზე ან ორსულობის შედეგებზე იყო ფოკუსირებული, რის გამოც THC-ის უშუალო გავლენა ოოციტებზე დღემდე შეუსწვლელი რჩებოდა. ახალმა კვლევამ ეს დანაკლისი შეავსო: მეცნიერებმა IVF(ინ ვიტრო განაყოფიერება)-ზე მყოფი ქალების ფოლიკულურ სითხეში THC და მისი მეტაბოლიტები აღმოაჩინეს, რითაც დადასტურდა მისი პირდაპირი ზემოქმედება კვერცხუჯრედებზე. 

ამის შემდეგ შეფასდა გენების აქტივობისა და ქრომოსომების ცვლილებები. აღმოჩნდა, რომ THC-ის კლინიკურად რელევანტურმა კონცენტრაციებმა შეცვალა იმ გენების აქტივობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქრომოსომების სწორ გაყოფაზე, იმუნურ რეაქციებსა და უჯრედულ სიგნალიზაციაზე. ასევე კვლევის ფარგლებში შეისწავლეს IVF-ით მიღებული ემბრიონის ხარისხი.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ THC-ის ზემოქმედების ქვეშ მყოფ კვერცხუჯრედებში გაიზარდა ქრომოსომული ანომალიების რიცხვი და დაირღვა spindle-ის ფორმირება. ეს ძაფისებრი სტრუქტურა უზრუნველყოფს ქრომოსომების სწორ განლაგებას, რაც ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობისთვის გადამწყვეტია. ამას ადასტურებს ისიც, რომ ქალებში, რომლებიც კანაფს მოიხმარდნენ, IVF-ის დროს გენეტიკურად ჯანსაღი ემბრიონები გაცილებით დაბალი რაოდენობით ფიქსირდებოდა, რაც პირდაპირ ამცირებს დაორსულების შანსს.

ძირითადი მიგნებები:

THC ფოლიკულურ სითხეში: IVF-ზე მყოფ პაციენტთა 6%-ის ფოლიკულურ სითხეში THC და მისი მეტაბოლიტები აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს კანაფის მოხმარებისგან თავის შეკავება ურჩიეს. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი მომხმარებელი არ ასაჯაროებს ამ ინფორმაციას და ნივთიერება უშუალოდ ხვდება კვერცხუჯრედის გარემოში.

ოოციტის მომწიფება: THC-ის ზემოქმედებამ in vitro მომწიფების დრო დააჩქარა, რაც მეიოზის ნაადრევ განახლებაზე მიუთითებს.

გენების ექსპრესიის ცვლილებები: THC-მ 300-ზე მეტი გენის აქტივობა შეცვალა. ეს გენები აკონტროლებენ ისეთ მნიშვნელოვან პროცესებს, როგორიცაა უჯრედული სიგნალიზაცია, ანთება და ემბრიონის იმპლანტაცია.

ქრომოსომული დარღვევები: THC-ის ზემოქმედებამ 9%-ით გაზარდა ანეუპლოიდიის (ქრომოსომების არანორმალური რაოდენობა) რისკი, რაც ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობას საფრთხეს უქმნის და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გენეტიკური დაავადება, როგორიცაა დაუნის სინდრომი.

spindle-ის დეფექტები: THC-ის ზემოქმედებისას მეიოზური spindle-ის (სტრუქტურა, რომელიც ქრომოსომებს სწორად ანაწილებს) აბნორმალური ფორმირების მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა.

კვლევის შედეგები აჩვენებს მოლეკულურ დარღვევებსაც, როგორიცაა შეცვლილი კანაბინოიდური რეცეპტორების სიგნალიზაცია და ანთებითი პროცესები, რომლებიც გადამწყვეტია ემბრიონის ადრეული განვითარებისთვის. 

კანაფის მავნე ზემოქმედება კვერცხუჯრედის დონეზე ხაზს უსვამს იმას, რომ ფერტილობის შესახებ კონსულტაციების დროს აუცილებლად უნდა განიხილებოდეს კანაფის მოხმარების საკითხი. ყველა ქალი, რომელიც გადის IVF-ის პროცედურას ან გეგმავს დაორსულებას, ინფორმირებული უნდა იყოს ამ რისკების შესახებ.

მომავალმა კვლევებმა უნდა დაადგინოს თუ როგორ მოქმედებს კანაფის მოხმარების დრო, დოზა და ფორმა ფერტილობაზე, ასევე ვრცელდება თუ არა ეს მავნე გავლენა შთამომავლობაზე. ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი და ფართომასშტაბიანი კვლევები.

ამ დროისთვის, ეს კვლევა ყველაზე მკაფიო მტკიცებულებაა იმისა, რომ კანაფი ქალის ნაყოფიერებისთვის უვნებელი არ არის. ამიტომ, მზარდი მოხმარების ეპოქაში, მეტი სიფრთხილე და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო რეპროდუქციული პოტენციალის დასაცავად.

წყარო: nature communications



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები