ბიოდანამატების დახლი სავსეა დაპირებებით – რას ამბობს რეალურად მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა

გააზიარე

დიეტურ დანამატებზე ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი იხარჯება. აგრესიული მარკეტინგი თავდაჯერებულია, დაპირებები – ყოვლისმომცველი, ხოლო თავად პროდუქტის მიზიდულობა – სრულიად გასაგები; ვის არ მოუნდებოდა დღეში ერთი მარტივი აბის მიღება, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს, გონებას ამახვილებს და სიცოცხლეს წლებს მატებს? თუმცა, სამეცნიერო ლიტერატურის სიღრმისეული მიმოხილვა გვაჩვენებს, რომ ეს ილუზორული სიმარტივე კლინიკურ მტკიცებულებებს ხშირად მთლიანად მოკლებულია.

მარკეტინგი თუ მეცნიერება?

ბოლო წლებში ბიოდანამატების მოხმარება დრამატულად გაიზარდა. ნებისმიერ აფთიაქში დახლები გავსებულია ვიტამინებით, მინერალებითა და მცენარეული ექსტრაქტებით. თითოეული მწარმოებელი აცხადებს, რომ მათი პროდუქტი ზუსტად იმ სამიზნე პრობლემებს აგვარებს, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად იჩენს თავს – იქნება ეს ენერგიის დეფიციტი, კოგნიტური ფუნქციების შესუსტება, ოსტეოპოროზის რისკი, კარდიოვასკულური პათოლოგიები თუ ხანგრძლივი სიცოცხლე. თუმცა, მარკეტინგული ნარატივი სამეცნიერო რეალობას იშვიათად ემთხვევა.

იმ პირებისთვის, რომლებიც უკვე იღებენ ადეკვატურ და ბალანსირებულ საკვებს, კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ამ პროდუქტების უმეტესობას თითქმის არანაირი გაზომვადი სარგებელი მოაქვს. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი უბრალოდ ირაციონალური ფინანსური ხარჯია, უარეს შემთხვევაში კი – სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. 

გარკვეული მიკრონუტრიენტების მაღალმა დოზებმა შესაძლოა პირდაპირი ტოქსიკურობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი რეცეპტით გაცემულ მედიკამენტებთან შედის არაპროგნოზირებად ფარმაკოლოგიურ ურთიერთქმედებაში, რასაც პაციენტები და კლინიცისტებიც კი ხშირად წინასწარ ვერ განსაზღვრავენ. 

თუმცა, აღნიშნული სამედიცინო საკითხი სწორედ გერიატრიულ პოპულაციაში იძენს განსაკუთრებულ სპეციფიკას, სადაც მკურნალობის ტაქტიკა პრინციპულად იცვლება. ეს განპირობებულია არა ზოგადად ბიოდანამატების თერაპიული ეფექტურობის მატებით, არამედ ხანდაზმულ ასაკში მალნუტრიციისა და ორგანიზმის გამოხატული გამოფიტვის ექსპონენციალური ზრდით. მსგავს კრიტიკულ სიტუაციებში კი, წინასწარ დადასტურებულ, ობიექტურ ჩანაცვლებით თერაპიას პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება ფუნდამენტურად შეუძლია.

მთავარი სამედიცინო დილემა ეფუძნება არა ზედაპირულ კითხვას ბიოდანამატების საყოველთაო ეფექტურობის ან უსარგებლობის შესახებ, არამედ სიღრმისეულ კლინიკურ შეფასებას: აქვს თუ არა ამ კონკრეტულ ადამიანს რეალური დეფიციტი, რა ეტიოლოგიური ფაქტორები იწვევს მას და წარმოადგენს თუ არა ბიოდანამატი ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე რაციონალურ გზას?

რატომ იზრდება ასაკთან ერთად დეფიციტის რისკი?

ასაკოვან პირებში ფიზიოლოგიურად მადა პროგრესულად მცირდება, პარალელურად კი ქრონიკული პათოლოგიები გროვდება. პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუარესება – კბილების დაკარგვა, ღრძილების დაავადებები და ცუდად მორგებული პროთეზები – მნიშვნელოვნად ართულებს ღეჭვის პროცესს და ზღუდავს რაციონის მრავალფეროვნებას, რაც, სამწუხაროდ, იშვიათად განიხილება მალნუტრიციის პირდაპირ რისკ-ფაქტორად. გარდა ამისა, გერიატრიული პაციენტების უმრავლესობა ერთდროულად რამდენიმე პრეპარატს იღებს; ზოგიერთი მედიკამენტი კი ნეგატიურ გავლენას ახდენს ორგანიზმში საკვები ნივთიერებების შეწოვაზე, მეტაბოლიზმსა თუ გამოყოფაზე, რაც ნუტრიციულ ბალანსს კიდევ უფრო არღვევს.

აღნიშნულ ნუტრიციულ გამოწვევას მკაფიოდ გამოხატული სოციოკულტურული ასპექტიც ახლავს. ხანდაზმული პაციენტები ხშირად განიცდიან არაპროფესიული, კეთილმოსურნე, თუმცა კლინიკურად საზიანო დიეტური რჩევების ზეგავლენას, რაც გამოიხატება ენერგეტიკული კალორაჟის რადიკალური შემცირებით, წონის იძულებითი კლებითა და მყარი კონსისტენციის პროდუქტების გამორიცხვით. მსგავსი პოპულისტური მიდგომები ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის ორგანიზმის მუდმივ ბიოლოგიურ მოთხოვნილებასთან შეუცვლელი ამინომჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიმართ. დროთა განმავლობაში, მონოტონური, არაბალანსირებული რაციონი – რომელიც ძირითადად თხევადი საკვებით, ბულიონებითა და ნახშირწყლოვანი ორცხობილებით შემოიფარგლება – ქმნის კუჭის სავსეობის შეგრძნებას, თუმცა უჯრედულ დონეზე არსებულ მეტაბოლურ დეფიციტს ფაქტობრივად ვერ აღმოფხვრის.

რა თქმა უნდა, აღნიშნული გარემოებები სრულიადაც არ მიუთითებს იმაზე, რომ ყველა გერიატრიული პაციენტი რუტინულად დანამატების მიღებას საჭიროებს. ეს რეალურად მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ ბიოდანამატების ჩართვა თერაპიულ სქემაში უნდა იყოს ექსკლუზიურად მიზანმიმართული და პერსონალიზებული. მსგავსი სამედიცინო გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ლაბორატორიულად დადასტურებულ ჰიპოვიტამინოზს, მკაფიო კლინიკურ რისკ-ფაქტორებს, პაციენტის მიმდინარე მედიკამენტოზურ ანამნეზსა და ნუტრიციული დეფიციტის ობიექტურ შეფასებას.

ვიტამინი B12

ყველა იმ ნუტრიციულ დეფიციტს შორის, რომლებიც გერიატრიულ პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად ვლინდება, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) წარმოადგენს ყველაზე მყარ და აშკარა არგუმენტს მიზანმიმართული ჩანაცვლებითი თერაპიის სასარგებლოდ.

ასაკის მატებასთან ერთად B12-ის ჰიპოვიტამინოზის სიხშირე იზრდება, რაც მნიშვნელოვანწილად ფიზიოლოგიური ცვლილებებით არის განპირობებული: კუჭის ლორწოვანი გარსი პროგრესულად ნაკლებ მარილმჟავას გამოიმუშავებს, კუჭის მჟავე არე კი აუცილებელი წინაპირობაა საკვები მატრიქსიდან ვიტამინის გამოსათავისუფლებლად და შემდგომი შეწოვისთვის. ეს ნიშნავს, რომ ხანდაზმულმა პაციენტმაც კი, რომელიც B12-ით მდიდარი პროდუქტებით სრულფასოვნად იკვებება, შესაძლოა ის ადეკვატურად ვერ შეითვისოს – ეს არის პათოფიზიოლოგიური პრობლემა, რომელიც ნორმალური სეკრეტორული ფუნქციის მქონე ახალგაზრდებს მსგავსი ხარისხით უბრალოდ არ აწუხებთ.

B12-ის ქრონიკული დეფიციტის კლინიკური შედეგები საკმაოდ მძიმეა. მათ შორისაა მეგალობლასტური ანემია, მუდმივი დაღლილობა, ნევროლოგიური დარღვევები (რომლებიც ვლინდება პერიფერიული ნეიროპათიით, ხელებისა და ფეხების პარესთეზიით ან ჩხვლეტით) და – რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია – კოგნიტური დისფუნქცია. თუმცა, ამ სპეციფიკურ სიმპტომებს კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად ვერ ამჩნევენ, ან მცდარად მიაწერენ უშუალოდ ფიზიოლოგიური დაბერების შეუქცევად პროცესს და არა ნუტრიციულ დეფიციტს, რომლის კორექტირებაც აბსოლუტურად შესაძლებელია.

გერიატრიულ პოპულაციაში ხშირად გამოწერილი მედიკამენტების ორი კლასი ამ რისკს კიდევ უფრო ამწვავებს. მეტფორმინი, რომელიც ტიპი 2 დიაბეტის მართვის ოქროს სტანდარტია, ხანგრძლივი მოხმარებისას ასოცირდება ვიტამინ B12-ის შრატისმიერი დონის პროგრესულ შემცირებასთან – რისკთან, რომლის პერიოდულ მონიტორინგსაც ახლა დიდი ბრიტანეთის სამედიცინო გაიდლაინებიც (MHRA) მკაცრად უწევს რეკომენდაციას. პარალელურად, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (PPI), რომლებიც მჟავა რეფლუქსისა და გასტროეზოფაგური დაავადების სამკურნალოდ ინიშნება და ურეცეპტოდ ფართოდაა ხელმისაწვდომი, ბლოკავენ კუჭის წვენის სეკრეციას, რითაც დროთა განმავლობაში ვიტამინის შეწოვის პროცესს კრიტიკულად აქვეითებენ.

B12-ის მაღალდოზირებული ორალური ფორმები ეფექტურია პაციენტების უმრავლესობაში, თუმცა მალაბსორბციის მძიმე სინდრომის დროს შესაძლოა კუნთშიდა ინექციების დანიშვნა გახდეს საჭირო. კლინიკურ პრაქტიკაში B12-ის სტატუსის ლაბორატორიული სკრინინგი საკმაოდ მარტივია და ეს საკითხი რუტინულად უნდა განიხილებოდეს ყველა ასაკოვან პაციენტთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც აღნიშნულ მედიკამენტოზურ თერაპიას გადის.

ფოლატი

ფოლატი – ვიტამინი B9 – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერითროციტების ფორმირებისა და დნმ-ის სინთეზისთვის. ფოლატის დაბალი პლაზმური კონცენტრაცია იწვევს ჰომოცისტეინის დონის მატებას – ეს არის სისხლში არსებული ამინომჟავა, რომელიც პირდაპირ ასოცირდება კარდიოვასკულურ პათოლოგიებსა და კოგნიტურ დისფუნქციასთან. ეს კორელაცია აბსოლუტურად რეალურია, თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში ფრთხილ ინტერპრეტაციას საჭიროებს: მომატებული ჰომოცისტეინი გაზრდილი რისკის ვალიდური მარკერია, თუმცა დღემდე მყარად დადასტურებული არ არის, რომ ფოლატის დანამატების იზოლირებული მიღება ეფექტურად აგვაცილებს თავიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ან ნევროლოგიურ პროგრესირებას. ეს კავშირი ბევრად უფრო კომპლექსურია და მარტივი მიზეზ-შედეგობრივი მოდელით ვერ აიხსნება. 

ფოლატმა ან B ჯგუფის სხვა ვიტამინებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი კლინიკური სარგებელი მოუტანონ სპეციფიკურ პოპულაციებს – დაბალი ფოლატის ან B12-ის, გამოხატული ჰიპერჰომოცისტეინემიის ან მსუბუქი კოგნიტური დარღვევების მქონე პაციენტებს. თუმცა, არსებობს კრიტიკული კლინიკური გაფრთხილება, რომელიც პრაქტიკაში ხშირად ყურადღების მიღმა რჩება: B12-ის დეფიციტი აუცილებლად უნდა შეფასდეს მანამ, სანამ ფოლატის მიღება დამოუკიდებლად დაიწყება. ეს იმიტომ ხდება, რომ ფოლატს შეუძლია სრულად გამოასწოროს B12-ის დეფიციტით გამოწვეული ჰემატოლოგიური ანომალიები – მოახდინოს ერითროციტების მორფოლოგიის ნორმალიზება და შეამციროს ანემიური მარკერები – მაშინ, როდესაც B12-ის ჰიპოვიტამინოზით განპირობებული ნერვული სისტემის ფარული დემიელინიზაცია და დაზიანება უსიმპტომოდ პროგრესირებს.

ვიტამინი D

D ვიტამინმა უდიდესი კვლევითი ინტერესი და ბიოდანამატების მომხრეთა შორის თითქმის ფანატიკური აღიარება მოიპოვა. თუმცა, თანამედროვე კლინიკური რეალობა ბევრად უფრო თავშეკავებულ მიდგომას საჭიროებს.

ამ ნუტრიენტის დეფიციტი ნამდვილად მაღალი სიხშირით ვლინდება სპეციფიკურ გერიატრიულ ჯგუფებში. კერძოდ, ეს ეხება ასაკოვან პირებს, რომლებიც მზის სხივების ზემოქმედების დეფიციტს განიცდიან, არიან მიჯაჭვულნი საწოლს ან იმყოფებიან სპეციალიზებულ თავშესაფრებში. პარალელურად, რისკ-ფაქტორს წარმოადგენს კანის მუქი შფერილობა, რაც ვიტამინის ბიოლოგიური სინთეზისთვის გაცილებით ხანგრძლივ ულტრაიისფერ დასხივებას მოითხოვს. კლინიკურ სურათს მკვეთრად აუარესებს მწირი ნუტრიციული რაციონი, რომელიც საერთოდ არ შეიცავს ცხიმიან თევზს, კვერცხს ან სპეციალურად ვიტამინიზებულ საკვებს. ამ კონკრეტულ პოპულაციაში მიზანმიმართული ფარმაკოლოგიური კორექციის დანიშვნა აბსოლუტურად დასაბუთებულია და იგი პაციენტის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

თუმცა, დაშვება, რომ ვიტამინ D-ს მაღალი დოზები ყოველთვის უკეთეს პროგნოზს ნიშნავს – ან რომ დანამატები საყოველთაოდ ამცირებს ოსტეოპოროზული მოტეხილობების სიხშირეს – მყარი მტკიცებულებებით ჯერჯერობით არ დასტურდება. ფართომასშტაბიანმა რანდომიზებულმა კლინიკურმა კვლევამ, რომელიც ჟურნალში, New England Journal of Medicine (NEJM)-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ვიტამინმა D-მ მნიშვნელოვნად არ შეამცირა მოტეხილობების რისკი ზოგადად ჯანმრთელ, საშუალო და უფროსი ასაკის ზრდასრულ პოპულაციაში, რომელიც წინასწარ, ლაბორატორიულად დადასტურებული დეფიციტის ნიშნით არ ყოფილა შერჩეული.

ეს მიგნება მიუთითებს იმაზე, რომ ვიტამინ D-ს დანამატების თერაპიული ეფექტი უმეტესად იმ პაციენტებში ვლინდება, რომლებსაც აქვთ რეალური ჰიპოვიტამინოზი ან მისი განვითარების მაღალი კლინიკური რისკი.

შესაბამისად, მართებული და გერიატრიულ გაიდლაინებზე დაფუძნებული მიდგომა გულისხმობს დანამატის დანიშვნას მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ამის ობიექტური კლინიკური ჩვენება: დადასტურებული ჰიპოვიტამინოზი, მზის სინათლის მკვეთრი დეფიციტი, ანამნეზში ოსტეოპოროზი, ხშირი დაცემა ან მოტეხილობის მაღალი რისკი და ა.შ.

კალციუმი და მაგნიუმი

ძვლოვანი სტრუქტურების მეტაბოლიზმში, კუნთოვან აქტივობასა და ნერვული იმპულსების გადაცემაში კალციუმსა და მაგნიუმს სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებათ, რის გამოც ასაკოვან პაციენტებში მათი დანიშვნის სიხშირე მაღალი რჩება.

მკაცრი კლინიკური პრინციპი ორივე მიკროელემენტისთვის გულისხმობს იმას, რომ ნუტრიციული წყაროები ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ფარმაცევტული ანალოგები, თუკი ყოველდღიური რაციონის ადეკვატური დაბალანსება სრულფასოვნად ხერხდება. რძის პროდუქტებს, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს, თხილეულს და ა.შ პაციენტების უმრავლესობისთვის კალციუმისა და მაგნიუმის ოპტიმალური რაოდენობის მიწოდება თავისუფლად შეუძლიათ. 

ბიოდანამატების ჩართვა მიზანშეწონილი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკვებიდან მიღება ობიექტურად არასაკმარისია, ან როდესაც ისეთი სისტემური პათოლოგიები, როგორიცაა პროგრესირებადი ოსტეოპოროზი, დამატებით თერაპიულ მხარდაჭერას მოითხოვს. თუმცა, კალციუმის დანამატების ჭარბ დოზირებას კლინიცისტი მაქსიმალურად უნდა მოერიდოს – თანამედროვე მედიცინაში არსებობს საფუძვლიანი შეშფოთება ძალიან მაღალი დოზების კარდიოვასკულურ სისტემაზე შესაძლო ნეგატიური ეფექტების შესახებ, თუმცა ეს მიმართულება კვლავ აქტიური კვლევების საგანს წარმოადგენს.

მაგნიუმის პრეპარატები ცალკე განხილვის საგანია, რადგან დღეს მათი მასშტაბური რეკლამირება ძილის დარღვევების კორექციისთვის ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მაგნიუმის ნაკლებობა უარყოფითად აისახება სომატურ სტატუსსა და დღე-ღამურ რიტმზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მონაცემები უძილობის დროს მაგნიუმის მასობრივ გამოყენებას იმ პირებში, რომელთაც ნორმალური მაჩვენებლები აქვთ, მკაცრად არ ემხრობა. ამ ეტაპისთვის კომერციული სამედიცინო მოლოდინები აშკარად სცილდება რეალურ კლინიკურ მტკიცებულებებს.

მულტივიტამინები

მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინაში მულტივიტამინებს საკმაოდ კომპლექსური პოზიცია უკავიათ. ისინი გლობალურ ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ხშირად რეალიზებად პროდუქტს წარმოადგენენ, რომლებსაც მოსახლეობა ძირითადად ნუტრიციული “დაზღვევის” მიზნით მოიხმარს – იმ მყარი რწმენით, რომ ყოველდღიურ რაციონში არსებული ნებისმიერი დეფიციტი ამ გზით ეფექტურად შეივსება.

მულტივიტამინების ფართო, პოპულისტური მოხმარება ზოგად ხანდაზმულ პოპულაციაში თანამედროვე კლინიკური მტკიცებულებებით ფაქტობრივად არ დასტურდება. ამერიკული მულტიცენტრული ეპიდემიოლოგიური კვლევის ფარგლებში, რომელმაც სამი კოჰორტა შეისწავლა, გამოიკვეთა, რომ ვიტამინების რუტინული მიღება საერთო სიკვდილიანობის რისკს პროპორციულად არ ამცირებდა. ეს ნიშნავს, რომ ადეკვატური კვებითი პროფილის მქონე ასაკოვან პირებში აღნიშნული მულტიკომპლექსები სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებას რეალურად არ განაპირობებენ.

დღეისათვის მეცნიერული ექსპერიმენტები მიმართულია იმის გასარკვევად, ახდენს თუ არა მულტივიტამინი უშუალო გავლენას ორგანიზმის სენესცენციის (დაბერების) მოლეკულურ და უჯრედულ საფუძვლებზე. თუმცა, აისახება თუ არა ეს ჰიპოთეტური ეფექტები რეალურ კლინიკურ გამოსავალზე – პაციენტის მობილობის, დამოუკიდებლობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შენარჩუნებაზე – ამ ეტაპზე გადაჭრით თქმა მაინც შეუძლებელია.

ცილა

გერიატრიულ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და ფართოდ გავრცელებული ნუტრიციული დეფიციტი სულაც არ არის რომელიმე სპეციფიკური ვიტამინი ან მინერალი. ეს არის მაკრონუტრიენტი – ცილა.

ბევრი ასაკოვანი ადამიანი ყოველდღიურად ბევრად ნაკლებ ცილას იღებს, ვიდრე ეს მათ ორგანიზმს სჭირდება. ამის მიღმა რამდენიმე მიზეზი დგას: შემცირებული მადა, ღეჭვის პრობლემები და მცდარი შეხედულება, თითქოს ცილოვანი საკვები მძიმე მოსანელებელია. ამას ემატება ძველი სამედიცინო მითიც, თითქოს ცილა თირკმელებს აზიანებს – რეალურად, ეს შიში მხოლოდ თირკმლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებს ეხება და არა ჯანმრთელ ხანდაზმულებს.

ცილის ხანგრძლივი ნაკლებობის გარდაუვალი შედეგია სარკოპენია — კუნთოვანი მასის განლევა. ეს მდგომარეობა მკვეთრად ზრდის დაცემისა და მოტეხილობების რისკს, იწვევს ასაკობრივ სისუსტეს და ძალიან ართულებს ავადმყოფობის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს. თუმცა, კუნთების ეს განლევა არ არის დაბერების შეუქცევადი თანამგზავრი, რადგან მასზე გავლენის მოხდენა სწორ კვებასა და ვარჯიშს თავისუფლად შეუძლია.

საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, ჯანმრთელმა ხანდაზმულმა ადამიანმა დღეში 1.0-დან 1.2 გრამამდე ცილა უნდა მიიღოს სხეულის ყოველ კილოგრამზე. სხვადასხვა დაავადების, ოპერაციებისა თუ საავადმყოფოდან გამოწერის შემდგომ პერიოდში კი ორგანიზმის მოთხოვნილება კიდევ უფრო იზრდება. თუ ბუნებრივი პროდუქტებით ამ ბალანსის შევსება ვერ ხერხდება, მაშინ იწყება ალტერნატიული წყაროების განხილვა.

რის გამოყენებას უნდა ვერიდოთ?

ზემოთ განხილული მიკროელემენტები წარმოადგენს იმ თერაპიულ შემთხვევებს, როდესაც თანამედროვე მტკიცებულებები მხარს უჭერს მათ მიზანმიმართულ კლინიკურ გამოყენებას სპეციფიკურ გარემოებებში. თუმცა, პრაქტიკაში არსებობს ბიოდანამატების ისეთი კლასებიც, რომელთა მტკიცებულებითი ბაზაც მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება პაციენტთა მხრიდან მათ უკონტროლო, უმეთვალყურეო მოხმარებას.

ამ მხრივ, ყველაზე ფრთხილად რკინის პრეპარატებთან უნდა ვიყოთ. მათი მიღება კატეგორიულად დაუშვებელია სისხლის ანალიზით დადასტურებული დეფიციტისა და ექიმის გარეშე, რადგან ორგანიზმში ზედმეტი რკინა ტოქსიკურია და სხვადასხვა ორგანოს აზიანებს. გარდა ამისა, ასაკოვან პაციენტებში ანემიის მიღმა ხშირად კუჭ-ნაწლავიდან ფარული სისხლდენა იმალება – ასეთ დროს რკინის აბების დამოუკიდებლად სმა მხოლოდ ნიღბავს რეალურ პრობლემას და დროულ დიაგნოსტიკას საგრძნობლად აფერხებს.

არანაკლებ სახიფათოა სხვა პოპულარული დანამატების გადაჭარბებაც, რადგან, მაგალითად, A ვიტამინის დიდმა დოზებმა და ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა ორგანიზმი დააზიანოს. ეს მდგომარეობა ვლინდება ძლიერი თავის ტკივილით, გულისრევით, ღვიძლის დაზიანებითა და ძვლების სტრუქტურის ცვლილებით. ეს საფრთხე ექსკლუზიურად აბების სახით არსებულ სინთეზურ ფორმებს ეხება და არა ნატურალურ საკვებს, რომელსაც ადამიანი ყოველდღიური რაციონიდან იღებს. იგივე ითქმის ბეტა-კაროტინსა და E ვიტამინზეც, რომელთა მაღალი დოზებით მიღება, კვლევების თანახმად, გარკვეულ ჯგუფებში სიკვდილიანობის რისკსაც კი ზრდის. 

ეს რეალურად ნიშნავს, რომ ფართოდ გავრცელებული პოპულისტური დაშვება – თითქოს თუ კონკრეტული კომპონენტი სასარგებლოა საკვებში, მისი ექსპონენციალურად მეტი რაოდენობა აბის ან კაფსულის სახით კიდევ უფრო ეფექტური უნდა იყოს – მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის თვალსაზრისით აშკარად მცდარია.

წყაროები: NIH – Dietary supplements for older adults; Clinical Nutrition – Relationship of Nutritional status and oral health in elderly: Systemic review with meta analysis; Nutritional Supplements for Healthy Aging: A Critical Analysis Review



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები