როგორც წესი, ადამიანებმა იციან, რომ მოწევა და მზეზე ხანგრძლივი ყოფნა კიბოს იწვევს, თუმცა ცოტა თუ აცნობიერებს, რომ ალკოჰოლიც მსგავს საფრთხეებს შეიცავს. მკვლევართა თქმით, ამერიკელთა 70%-მა არ იცის, რომ ღვინის, ლუდის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების დალევა სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის.
მსოფლიო მასშტაბით, კიბოს ახალი შემთხვევების და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 5% უშუალოდ ალკოჰოლს უკავშირდება. კვლევები აჩვენებს, რომ ზომიერი რაოდენობით სმის დროსაც კი რისკი იზრდება, ხოლო ხშირმა და ჭარბმა მოხმარებამ, შესაძლოა, კიბოს განვითარებისა და ამ დაავადებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ალბათობა მკვეთრად გაზარდოს.
როგორ ზრდის ალკოჰოლის მიღება კიბოს განვითარების რისკს?
დადგენილია, რომ ალკოჰოლის მოხმარება ორგანიზმში უარყოფით ცვლილებებს იწვევს:
- ტოქსიკური ნივთიერებები: ეთანოლი ორგანიზმში ისეთ ნაერთებად იშლება, რომლებმაც შესაძლოა, კიბოს უჯრედების წარმოქმნას შეუწყოს ხელი.
- დნმ-ის დაზიანება: ალკოჰოლი აღიზიანებს ქსოვილებს, რაც დნმ-ის აღდგენის პროცესის დარღვევას იწვევს. ამის გამო კიბოს უჯრედებს განვითარების საშუალება ეძლევათ.
- ჰორმონული ცვლილებები: ქალებში ალკოჰოლს შეუძლია ესტროგენის დონის მომატება, რაც ძუძუს კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.
- საკვები ნივთიერებების დაკარგვა: ალკოჰოლი აფერხებს ვიტამინების, მაგალითად, ფოლიუმის მჟავას შეწოვას, რომელიც დნმ-ის აღდგენაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
- წონის მატება: ალკოჰოლი მაღალკალორიულია, ჭარბი წონა კი მრავალი სახის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორია.
კიბოს ფორმები, რომლებიც ალკოჰოლს უკავშირდება
კვლევების თანახმად, ალკოჰოლი ზრდის კიბოს, სულ მცირე, შვიდი სახეობის განვითარების რისკს:
- ღვიძლის კიბო – ჭარბი სმა ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს აორმაგებს.
- პირის ღრუს და ყელის კიბო – ჭარბად მსმელებს ამ ტიპის კიბო ხუთჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ. თუ ადამიანი თან სვამს და თან ეწევა, რისკი კიდევ უფრო იზრდება.
- საყლაპავის კიბო – ასოცირდება აგრესიულ ბრტყელუჯრედოვან კარცინომასთან.
- მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო – ჭარბად მსმელებში ამ კიბოს განვითარების რისკი 44%-ით მაღალია.
- ძუძუს კიბო – ქალებში კიბოს რისკი ყოველ კვირაში დალეული ერთი ჭიქა სასმლითაც კი მატულობს.
რამდენი არის ბევრი?
ჯანდაცვის ექსპერტები ალკოჰოლური სასმელების ზომიერი რაოდენობით მიღებად მიიჩნევენ დღეში ერთ ჭიქას ქალებისთვის და ორს – მამაკაცებისთვის. თუ ადამიანი დღეში ოთხ ჭიქაზე მეტს სვამს, კიბოთი დაავადების რისკები მნიშვნელოვნად იზრდება. სტანდარტულ პორციად მოისაზრება: 350 მლ ლუდი, 150 მლ ღვინო ან 45 მლ მაღალალკოჰოლური სასმელი.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ალკოჰოლის რაოდენობის შემცირებას შეუძლია კიბოს რისკის შემცირება, თუმცა, საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.
წყარო: webmd