იმუნური სტატუსის შეფასება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში

გააზიარე

იმუნოსუპრესია (იმუნური სისტემის დასუსტება) მსოფლიოს მასშტაბით უარყოფითად მოქმედებს კრიტიკულად დაავადებული პაციენტების გამოსავალზე. ამ მდგომარეობის მიზეზები მრავალფეროვანია: კიბო, ტრანსპლანტაცია, ქიმიოთერაპია, ან თავად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიღებული მძიმე ტრავმა/ინფექცია. მიუხედავად მისი სასიკვდილო პოტენციალისა, ICU-ში იმუნოსუპრესიას ნაკლები ყურადღება ექცევა ან არ ხდება მისი ზუსტი კლასიფიცირება, რაც ხელს უშლის მიზანმიმართულ მკურნალობას.

ჟურნალ “The Lancet eClinicalMedicine”-ში გამოქვეყნებული ყოვლისმომცველი მიმოხილვა გვთავაზობს იმუნოსუპრესიის სტანდარტიზებულ კლასიფიკაციას, რომელიც ემყარება კლინიკურ და ლაბორატორიულ ბიომარკერებს. ამ კვლევის მთავარი მიზანია, პერსონალიზებული თერაპიის დანერგვითა და ინფექციის პრევენციით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტების მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანი ცვლილების მომატანი  იქნება ინტენსიურ თერაპიაში.

იმუნოსუპრესიის მქონე კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებს მნიშვნელოვნად მაღალი რისკი აქვთ მეორადი ინფექციების, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანგრძლივი მკურნალობისა და სიკვდილიანობის მატების კუთხით. მაგალითად, ICU-ში მყოფ ჰემატოონკოლოგიის პაციენტებში, ხშირია მძიმე სოკოვანი და ვირუსული ინფექციები. მსგავსი შემთხვევები ადასტურებს, რომ ამ პაციენტებში იმუნური დისფუნქციის მართვა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმუნური დარღვევის სიმძიმე და ტიპი ფართოდ ვარირებს, რაც კრიტიკულად მოქმედებს ინფექციის რისკსა და პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებაზე. პრობლემა ის არის, რომ ინტენსიური თერაპიის არსებული შეფასების სისტემები სათანადოდ არ ითვალისწინებს ამ იმუნური დისფუნქციის მრავალფეროვნებას.

იმუნოსუპრესიის კლასიფიკაცია: ახალი სტრუქტურული ჩარჩო 

ახალი სისტემა იმუნოსუპრესიას სამ კატეგორიად (მსუბუქ, ზომიერ და მძიმე) ყოფს. შეფასებისთვის გამოიყენება ისეთი მარკერები, როგორიცაა ლიმფოციტების რაოდენობა, მონოციტური HLA-DR ექსპრესია და მიღებული კორტიკოსტეროიდების დოზები. მაგალითად:

მსუბუქი: იმუნური ფუნქცია ოდნავაა დაქვეითებული (ერთ კომპონენტში) და არ არის სიცოცხლისთვის სფართხის შემცველი.

ზომიერი: გავლენას ახდენს მრავალ იმუნურ მექანიზმზე, რის გამოც მნიშვნელოვნად იზრდება მძიმე ინფექციების რისკი.

მძიმე: დაქვეითებულია, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი იმუნიტეტი, რაც უშუალოდ იწვევს სასიკვდილო ინფექციებს.

იმუნოსუპრესიის ეს კლასიფიკაცია ითვალისწინებს, რომ იმუნური სტატუსი კრიტიკულ მდგომარეობაში მერყეობს, ამიტომაცაა საჭირო მუდმივი მონიტორინგი, რათა მკურნალობა მორგებული იყოს პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტების მკურნალობა მოითხოვს მულტიდისციპლინურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს მათ ძირითად დაავადებას, წამლების შესაძლო ურთიერთქმედებას და უკვე არსებულ ინფექციებს. გადამწყვეტი როლი ენიჭება ინფექციის საპრევენციო ზომებს, როგორიცაა იზოლაცია, HEPA (High Efficiency Particulate Air) ფილტრების გამოყენება და მიზანმიმართული პროფილაქტიკა ბაქტერიული, სოკოვანი თუ ვირუსული გამომწვევების წინააღმდეგ. 

პერსპექტიული იმუნოთერაპიები როგორიცაა: ინტერლეიკინ-7, ინტერფერონ-გამა და იმუნური საგუშაგო (checkpoint) ინჰიბიტორები,  დიდ იმედს იძლევა იმუნური ფუნქციის აღდგენაში, განსაკუთრებით სეფსისისგან დაზარალებულ პაციენტებში. მაგრამ ამ საშუალებების უსაფრთხო გამოყენება მოითხოვს, რომ მკურნალობის წინ ზუსტად შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა იმუნური ბიომარკერების გამოყენებით.

იმუნოსუპრესიის ცვალებადი ბუნების უკეთ გააზრება გააუმჯობესებს კლინიკურ გადაწყვეტილებებს და ხელს შეუწყობს ზუსტი მედიცინის ინტეგრირებას კრიტიკულ მოვლაში. ამ მიდგომით, შესაძლებელი გახდება ინფექციით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება რესურსების ოპტიმალური გამოყენების ფონზე.

წყარო: The Lancet eClinicalMedicine



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები