სამუშაო ძალის მიგრაცია ჯანდაცვის სფეროში: ზრდის ტენდენციები, გამოწვევები და გადაჭრის გზები

გააზიარე

2025 წლის 17 სექტემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა გამოაქვეყნა უპრეცედენტო ანგარიში ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პერსონალის მიგრაციის შესახებ. ონლაინ ღონისძიებაზე ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ სამედიცინო მუშაკთა მიგრაციის დინამიკა, გაეზიარებინათ დეტალური რეგიონული მონაცემები და კონკრეტული მაგალითები, რომლებიც არსებულ გამოწვევებსა და მათზე პოლიტიკურ რეაგირებას ასახავს.

მიგრაციის მზარდი და ცვალებადი ტენდენციები

ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულში სამედიცინო პერსონალის მიგრაცია ევროპაში მკვეთრად გააქტიურდა. 2014-დან 2023 წლამდე, ევროპის ქვეყნებში საზღვარგარეთ განათლებამიღებული ექიმების რაოდენობა 58%-ით გაიზარდა და თითქმის 300 000-ს მიაღწია. ექთნების შემთხვევაში ეს ტენდენცია კიდევ უფრო აშკარაა – მათი რიცხვი ამავე პერიოდში 67%-ით გაიზარდა. ამ მატების დიდი ნაწილი გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოზე მოდის, სადაც უცხოელი ექიმების 62% და ექთნების 88% არის დასაქმებული.

მიგრაციის მზარდ ნაკადებზე ყოველწლიური მონაცემებიც მეტყველებს: 2015-დან 2023 წლამდე ევროპაში უცხოელი ექიმების რიცხვი თითქმის გასამმაგდა (17,000-დან 52,000-მდე), ხოლო ექთნების შემთხვევაში კი ხუთჯერ მოიმატა. ეს ტენდენცია აშკარად მიუთითებს, რომ კადრების მზარდი დეფიციტის ფონზე, ევროპის ჯანდაცვის სისტემები სულ უფრო და უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებულნი უცხოელ კადრებზე.

მიგრაციის კომპლექსური სურათი და რეგიონული თავისებურებები

მიგრაციის დინამიკა მრავალმხრივი და კომპლექსურია. მიუხედავად იმისა, რომ ხუთ მთავარ ქვეყანაში (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესპანეთი, ირლანდია, საფრანგეთი) უცხოელი სამედიცინო მუშაკების უმეტესობამ განათლება ევროპის ფარგლებს გარეთ მიიღო (კერძოდ, ინდოეთში, პაკისტანში, ნიგერიაში, ლათინურ ამერიკაში, სირიაში, რუმინეთში, ტუნისსა და ალჟირში), სხვა ქვეყნების უმეტესობაში შიდაევროპული მიგრაცია ჭარბობს. ეს ნაკადები ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპიდან ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპისკენაა მიმართული, ასევე მიგრაცია შეინიშნება ქვემო-რეგიონებს შორისაც, მაგალითად, ბალტიისპირეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში.

უცხოელი ექიმების ყველაზე მაღალი წილი ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაშია, კერძოდ, ჩრდილოეთ ნაწილში მათი რაოდენობა სრული მედპერსონალის მესამედს უახლოვდება. საერთო ჯამში, უცხოელ პროფესიონალებზე დამოკიდებულება ყველაზე მაღალია ისრაელში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ექიმების 40%-ზე მეტი და ექთნების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთიდანაა ჩამოსული. ეს მზარდი დამოკიდებულება ეჭვქვეშ აყენებს ჯანდაცვის სისტემების მდგრადობას და ქმნის იმის რისკს, რომ ჯანდაცვის სექტორი ზედმეტად დამოკიდებული გახდება უცხოელ კადრებზე.

ქვეყნების მაგალითები: მრავალფეროვანი გამოწვევები და პოლიტიკური რეაგირება

ანგარიშში წარმოდგენილია ცხრა სიღრმისეული კვლევა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ასახავს:

ირლანდია ორმაგი გამოწვევის წინაშეა, რადგან ის სამედიცინო მუშაკების როგორც მიმღები ცენტრი, ისე მათი გადინების წყაროა. ქვეყანაში ექიმების დაახლოებით 40% და ექთნების 50% უცხოელია. ამ გამოწვევების საპასუხოდ, ირლანდიამ არაერთი სტრატეგია განახორციელა, მათ შორის: გაზარდა სასწავლო ადგილების რაოდენობა, შექმნა სამუშაო ჯგუფები კადრების შესანარჩუნებლად, შეწყვიტა პეროსნალისთვის ხელფასის შემცირება და შეიმუშავა სქემები, რომლებიც უცხოელ ექიმებს ნაკლებად ათვისებულ რეგიონებში დასაქმებისკენ უბიძგებს.

მოლდოვის რესპუბლიკა კადრების გადინების სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, რადგან მისი მოსახლეობის დაახლოებით მესამედი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ხოლო სოფლად კვალიფიციური კადრების დიდი დეფიციტია. ამ პრობლემის გადასაჭრელად, სახელმწიფო ცდილობს, კურსდამთავრებულებს გარკვეული ვალდებულება დააკისროს, რათა მათ განაგრძონ სამშობლოში მოღვაწეობა, ასევე მოქმედებს ფინანსური სტიმული იმ ექიმებისთვის, რომლებიც ნაკლებად ათვისებულ რაიონებში დასაქმდებიან.

რუმინეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ (2007 წელს) ექიმების მასშტაბური გადინება განიცადა. მთავრობის საპასუხო პოლიტიკა მოიცავდა ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას, სამედიცინო დაწესებულებების განახლებასა და საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებას, რის შედეგადაც ექიმთა გადინება სამჯერ შემცირდა. მიუხედავად ამისა, კვლავ აქტუალურია სამედიცინო მუშაკების არათანაბარი გეოგრაფიული განაწილების პრობლემა: კადრები თავმოყრილია სამედიცინო სასწავლებლებთან, სხვა რაიონებში კი მათი სიმცირეა.

ტაჯიკეთის ჯანდაცვის სფერო რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რომლებიც სოფლად ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას, სამედიცინო პერსონალის განაწილებასა და მიგრაციის გავლენას უკავშირდება. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი საზღვარგარეთ ცხოვრობს, რასაც ემატება ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ხელფასები და მედპერსონალის კრიტიკულად მცირე რაოდენობა სოფლებსა და შორეულ რაიონებში. 

ჯანდაცვის სფეროს გამოწვევები: საქართველოს გამოცდილება ევროპულ კონტექსტში

საქართველოს პოსტსაბჭოთა პერიოდი გეოპოლიტიკური არასტაბილურობითა და მოსახლეობის მიგრაციით გამოირჩეოდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ და უვიზო მიმოსვლამ გაზარდა შრომითი მობილობა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია მედპერსონალის მიგრაციაზე.

ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი)-ის 7-8%-ს შეადგენს. ამ თანხის ნახევარზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო დანარჩენი – მოქალაქეების პირადი დანახარჯებითა და კერძო დაზღვევით. საქართველოში ჯანდაცვის სისტემის უმეტესი ნაწილი პრივატიზებულია, დომინირებენ კომერციული საავადმყოფოები, რის გამოც ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა მართვა ფრაგმენტულია, რაც ხელს უწყობს სამედიცინო მუშაკების არათანაბარ განაწილებას.

საქართველოს ჯანდაცვის სფეროში დაახლოებით 22,000 ექიმი და ამდენივე ექთანია, რაც მათ შორის თანაფარდობას 1:1-თან აახლოებს. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამოუვარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის სტანდარტებს, რომელიც 2:1 თანაფარდობას ისახავს მიზნად. ეს დისბალანსი განსაკუთრებით თვალშისაცემია სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში, სადაც სამედიცინო პერსონალის დეფიციტი მწვავე პრობლემას წარმოადგენს.

ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლების (როგორიცაა სტომატოლოგები, ფარმაცევტები და მოკავშირე მუშაკები) შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რაც ხელს უშლის ეფექტური დაგეგამარების სტრატეგიების შემუშავებას. ამას ემატება მედპერსონალის რეგიონული უთანასწორო განაწილება, კადრების დაბერება და ისეთი სისტემური გამოწვევები, როგორიცაა პროფესიული განვითარების შეფერხება.

სამედიცინო განათლებისა და ტრენინგის სფერო

საქართველოში სამედიცინო სასწავლებლების უჩვეულოდ მაღალი სიმჭიდროვეა. ქვეყანაში 25 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელია, რომლებსაც ქართულენოვანთან ერთად ინგლისურენოვანი პროგრამებიც აქვთ და ყოველწლიურად 10 000-მდე უცხოელ სტუდენტს იზიდავენ. უცხოელი სტუდენტების უმეტესობა ინდოეთიდან, აფრიკიდან და ევროპიდან ჩამოდის. ამრიგად, სამედიცინო განათლება ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი გახდა, თუმცა მისი სწრაფი გაფართოება კლინიკური სწავლების შესაძლებლობებს აღემატება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განათლების ხარისხსა და კურსდამთავრებულთა მომზადების დონეს.

ექიმებმა უნდა დაასრულონ 6-წლიანი MD პროგრამა, გაიარონ რეზიდენტურა (რომელიც, როგორც წესი, საკუთარი ხარჯებით ფინანსდება) და მიიღონ სპეციალობის სერტიფიკატი. თუმცა, რეზიდენტურის პროგრამას თან ახლავს სერიოზული პრობლემები, მათ შორის დაბალი ხარისხი, რეზიდენტთა უხელფასო სტატუსი, პროგრამაზე არასაკმარისი ზედამხედველობა და არასწორად შემუშავებული გამოცდები. უწყვეტი სამედიცინო განათლება (CME), რომელიც 2008 წელს გაუქმდა, 2022 წელს ნაწილობრივ აღდგა ზოგიერთი სპეციალობისთვის. მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომლებიც მონაწილეობის არათანაბარ დონესა და ხარისხის კონტროლს უკავშირდება.

საექთნო განათლებაში დომინირებს პროფესიული პროგრამები, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის დიპლომის მქონე ექთნების რაოდენობა დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეფორმები (კლასიფიკაციისა და სერტიფიცირების სისტემა) მიზნად ისახავს ექთნების პროფესიონალიზმის ამაღლებასა და კადრების შენარჩუნებას, დაბალი ხელფასები და არასახარბიელო სამუშაო პირობები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

მიგრაციის დინამიკა

საქართველოდან სამედიცინო მუშაკების, განსაკუთრებით კი ექიმებისა და ექთნების, მიგრაციის ტენდენცია სულ უფრო მზარდია. 2014-2023 წლებში ქართველ ექთნებს შორის ყველაზე პოპულარული მიმართულებები გერმანია, აშშ და ისრაელი იყო. ხშირად მათ მუშაობა უწევთ არა ლიცენზირებულ ექთნებად, არამედ ექთნის დამხმარეებად, რაც უნარებისა და სერტიფიცირების შეუსაბამობითაა გამოწვეული. ქართველი ექიმები კი, როგორც წესი, კარიერის დასაწყისშივე ტოვებენ ქვეყანას, რათა სწავლა ან მუშაობა ინგლისურ ან გერმანულენოვან ქვეყნებში გააგრძელონ. მათ წინაშე დგას ისეთი დაბრკოლებები, როგორებიცაა ენობრივი ბარიერი, ბიუროკრატიული პროცედურები და ფინანსური ხარჯები.

მიგრაციის მთავარი მიზეზებია: კარიერული წინსვლის შეზღუდული შესაძლებლობები, არადამაკმაყოფილებელი სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასები (ექთნები გერმანიაში საშუალოდ ათჯერ მეტს გამოიმუშავებენ, ექიმები კი აშშ-ში – 50-ჯერ მეტს). მიგრაციის ან ქვეყანაში დარჩენის გადაწყვეტილებაზე ასევე გავლენას ახდენს პირადი თუ ოჯახური ფაქტორებიც. 

ხარისხობრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ ნიჭიერი პროფესიონალები ქვეყნიდან სამუშაო ადგილზე არასწორი მოპყრობისა და სისტემური უნდობლობის გამო მიდიან. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ადამიანურ და პროფესიულ დანაკარგს, რომელსაც მიგრაცია იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ემიგრანტი საზღვარგარეთ მუშაობას უნარების განვითარების კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, უკან დაბრუნებული კადრების რიცხვი მინიმალურია და არასაკმარისი იმისათვის, რომ გადინებული სამუშაო ძალა შეავსოს.

ქვეყანაში განხორციელებული ბოლოდროინდელი პოლიტიკური ძალისხმევა მოიცავს მინიმალური ხელფასების დაწესებას, ჯანდაცვის დაწესებულებების აკრედიტაციას, საექთნო პროფესიონალიზმის ასამაღლებლად რეფორმებსა და ციფრული რეესტრის შექმნას. თუმცა, რეფორმების გავლენა მიგრაციასა და კადრების შენარჩუნებაზე ჯერ კიდევ დაუდასტურებელია, რასაც ხელს უშლის მწირი მონაცემთა ბაზა და შესაბამისი სისტემების ფრაგმენტაცია.

კადრების მართვას ართულებს ისიც, რომ კერძო სექტორი დასაქმებისა და გადამზადების მთავარი მონაწილეა, ამიტომაც საჭიროა მისი მეტი ანგარიშვალდებულება და თანამშრომლობა სამუშაო პირობებისა და პროფესიული განვითარების გასაუმჯობესებლად.

ძირითადი რეკომენდაციები და სამომავლო გეგმები

ანგარიშის თანახმად, მიგრაცია ორმხრივი პროცესია: მას თან ახლავს როგორც შესაძლებლობები, ისე გამოწვევები. ამიტომაც, საჭიროა მისი გონივრულად მართვა. რეკომენდაციები კი ასეთია:

“წყარო” ქვეყნებში (საიდანაც კადრები გაედინება) სამედიცინო მუშაკების შენარჩუნება შესაძლებელია სამუშაო პირობების, ხელფასების, კარიერული ზრდისა და განათლების გაუმჯობესების გზით.

კადრების “მიმღებ” ქვეყნებში დამოუკიდებლობის მიღწევა განხორციელებადი იქნება სასწავლო პროგრამების გაფართოებითა და სამუშაო ადგილების უკეთესი დაგეგმარებით, რაც შეამცირებს საერთაშორისო დაქირავებაზე გრძელვადიან დამოკიდებულებას.

საჭიროა ჯანმოს გლობალური ეთიკური კოდექსის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო პერსონალის საერთაშორისო დაქირავების სამართლიან და ეთიკურ პრაქტიკას.

ქვეყნებს შორის მონაცემების შეგროვებისა და თანამშრომლობის გაუმჯობესების გზით, უფრო ეფექტურად მოხდება მიგრაციის ნაკადებისა და კადრების საჭიროებების მონიტორინგი.

იმის გათვალისწინებით, რომ 2030 წლისთვის ევროპაში 1.3 მილიონი სამედიცინო პერსონალის დეფიციტია მოსალოდნელი, კოორდინირებული პოლიტიკური რეაგირების აუცილებლობა სულ უფრო იზრდება. ჯანმოს ევროპის ოფისის ჯანდაცვის სისტემების დეპარტამენტის დირექტორმა, დოქტორმა ნატაშა ზაპარდე-მუსკატმა, არსებული ვითარების სიმწვავევეზე ისაუბრა: “კრიტიკულ ეტაპზე ვართ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროფესიონალები არასდროს გვყოლია ამდენი, ჩვენს რეგიონს 2030 წლისთვის თითქმის 1.3 მილიონი მედპერსონალის დეფიციტი ელის. ეს ნაკლებობა გამოწვეულია არა მხოლოდ მოვლის სერვისებზე მზარდი და ცვალებადი მოთხოვნით, არამედ დაბერებული კადრებით, პროფესიული გადაწვითა და მძიმე სამუშაო პირობებით.“

ეს ანგარიში უმნიშვნელოვანესი რესურსია მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად და აჩვენებს, რომ მიზანმიმართული და კომპლექსური ჩარევებით შესაძლებელია მასშტაბური ცვლილებების მიღწევა. თანამშრომლობითა და დაქირავებისას ეთიკური ნორმების დაცვით ევროპა უზრუნველყოფს ჯანდაცვის სფეროს მდგრადობასა და სიძლიერეს.

წყარო: WHO

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები