საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში შობადობის მაჩვენებელმა ბოლო 32 წლის მინიმუმს მიაღწია — ქვეყანაში 37 867 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 4.1%-ით ნაკლებია. პარალელურად, გარდაცვლილთა რაოდენობამ 44 319 შეადგინა, რამაც ქვეყანაში – 6 452-იანი უარყოფითი ბუნებრივი მატება განაპირობა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2014 წლის პიკური პერიოდის შემდეგ შობადობა ყოველწლიურად მცირდება, ხოლო დედის საშუალო ასაკი პირველი შვილის დაბადებისას 27.4 წლამდე გაიზარდა. საგულისხმოა, რომ ბუნებრივი მატების კლება თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლის გარდა ყველა რეგიონში დაფიქსირდა.
ამ საგანგაშო დემოგრაფიული მაჩვენებლების სიღრმისეული ანალიზისთვის, თუ რა იწვევს შობადობის ასეთ მკვეთრ კლებას და რა გავლენა ექნება ამ პროცესებს ქვეყნის მომავალზე, კომენტარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და გეოგრაფიის სპეციალისტს, იოანე მახარაძეს ვთხოვეთ. ის დეტალურად განგვიმარტავს იმ გეოპოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებმაც საქართველო ბუნებრივი მატების 32-წლიან მინიმუმამდე მიიყვანა.
“დღეს საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქვეყანაში არსებული საგანგაშო მდგომარეობის ნათელი სიმპტომია. საქართველოში 37 000-მდე ბავშვი დაიბადა, ხოლო 44 000 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ნეგატიური ტენდენცია, როდესაც გარდაცვლილთა რიცხოვნობა აჭარბებს დაბადებულებისას, არა მხოლოდ გრძელდება, არამედ მათ შორის სხვაობა საგრძნობლად იზრდება. თუ წინა ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა ძირითადად მექანიკური მოძრაობის (ემიგრაციის) ხარჯზე იკლებდა, ახლა ამ პროცესს ბუნებრივი კლებაც დაემატა.
აღნიშნულ მდგომარეობას არ აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, რომლის გამოსწორებაც სიტუაციას მკვეთრად გააუმჯობესებდა. პრობლემა კომპლექსურია და შესაბამისი გამოსავლის გეგმის ძიებას მოითხოვს. შობადობის შემცირების საფუძველი შეიძლება იყოს როგორც დემოგრაფიული, ისე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები. მაგალითად, ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონე და უძრავ ქონებაზე მკვეთრად გაზრდილი ფასები ბევრ ახალგაზრდას აიძულებს, თავი შეიკავოს დაოჯახებისგან ან მრავალშვილიანობისგან, რადგან ვერ ხედავენ ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიას.
დაბალ შობადობას მნიშვნელოვნად განაპირობებს უარყოფითი მიგრაციული სალდოც. ქვეყნიდან მასობრივად გასული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ფერტილურ ასაკშია. ისინი ან საერთოდ არ ოჯახდებიან, ან ოჯახდებიან საზღვარგარეთ, რის გამოც მათი შვილები საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებში აღარ ხვდებიან. ამას ემატება გლობალური სოციალურ-კულტურული ცვლილებებიც – გვიანი ქორწინება და აქცენტი პროფესიულ განვითარებაზე, რაც თითქმის ყველა განვითარებულ ქრისტიანულ სახელმწიფოში შობადობის კლებას იწვევს. თუმცა, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველო მოსახლეობის შევსებას იმიგრაციის ხარჯზე ვერ ახერხებს.
დღეისათვის საქართველო მოსახლეობის დაბერების ფაზაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო სტრუქტურაში ასაკოვანი ადამიანების წილი იზრდება, ახალგაზრდების კი – მცირდება. ქვეყანა შეზღუდული დემოგრაფიული აღწარმოების ეტაპზეა, სადაც სიკვდილიანობის მაღალი დონე სწორედ ასაკობრივი ხვედრითი წილის ზრდითა და გულ-სისხლძარღვთა თუ ონკოლოგიური დაავადებების გავრცელებით არის განპირობებული.
საბოლოო ჯამში, საქართველო ღრმა დემოგრაფიულ კრიზისშია, რაც ქვეყნის რეგიონების უმრავლესობაში დეპოპულაციის პროცესს ამწვავებს. აუცილებელია სახელმწიფო დონის კომპლექსური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რათა შობადობა გაიზარდოს და კრიზისი შემსუბუქდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა მალე დადგება ისეთი კრიტიკული გამოწვევების წინაშე, როგორიცაა სამუშაო ძალის მკვეთრი ნაკლებობა და სოციალური სისტემების კოლაფსი.”, – იოანე მახარაძე

