სერ პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

გააზიარე

ჰოლივუდისა და ბრიტანული თეატრის ლეგენდა, სერ პატრიკ სტიუარტი 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი სიცოცხლის ბოლო პერიოდში ერთდროულად ორ მძიმე ნეიროდეგენერაციულ პათოლოგიას — ალცჰაიმერის დაავადებასა და ლევის სხეულების დემენციას (LBD) ებრძოდა. სტიუარტმა ეს დიაგნოზები სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ შეინახა.

ალცჰაიმერის ასოციაციის განმარტებით, როდესაც ერთ პაციენტს ალცჰაიმერი და ლევის სხეულების დემენცია ერთდროულად უვითარდება, ექიმები „შერეული დემენციის“ დიაგნოზს სვამენ. მიუხედავად მსგავსი კლინიკური ნიშნებისა, ეს ორი პათოლოგია თავის ტვინს სხვადასხვა ბიოლოგიური მექანიზმითა და სპეციფიკური ცილების ანომალური დაგროვებით აზიანებს

მაიოს კლინიკის (Mayo Clinic) სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ალცჰაიმერისგან განსხვავებით, ლევის სხეულების დემენცია საწყის ეტაპზე მეხსიერების დაკარგვით არ ხასიათდება. ალფა-სინუკლეინის დაგროვება ტვინის სხვადასხვა უბანს აზიანებს, რის გამოც პაციენტებს უვითარდებათ მხედველობითი ჰალუცინაციები, დეპრესია, კოგნიტიური დარღვევები, ძილის პრობლემები და პარკინსონის დაავადების მსგავსი მოძრაობის შეზღუდვა (კუნთების შებოჭილობა, ტრემორი).

დიდი ბრიტანეთის ალცჰაიმერის საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, მიშელ დაისონმა აღნიშნა, რომ პატრიკ სტიუარტის სიკვდილი მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებს, რაოდენ დამანგრეველ გავლენას ახდენს დემენცია პაციენტებსა და მათ ოჯახებზე.

ლეგენდარულ მსახიობს ჰოლივუდის ვარსკვლავები და კოლეგები ემშვიდობებიან. მსახიობმა სერ იან მაკკელენმა, რომელიც სტიუარტთან ერთად „იქს-ადამიანებსა“ და თეატრალურ დადგმებში თამაშობდა, მეგობარს საკუთარი თაობის ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი არტისტი უწოდა.

„ვარსკვლავური გზის“ მსახიობმა უილიამ შეტნერმა დაწერა, რომ სტიუარტს ყველა როლში შეუდარებელი ინტელექტი, ღირსება და ღრმა ადამიანობა შეჰქონდა, ჰიუ ჯეკმანმა კი აღნიშნა, რომ მსოფლიომ სცენისა და ეკრანის ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი დაკარგა.

პატრიკ სტიუარტმა კარიერა 1966 წელს შექსპირის სამეფო დასში დაიწყო, მსოფლიო აღიარება კი კაპიტან ჟან-ლუკ პიკარისა და პროფესორ ჩარლზ ქსავიერის (პროფესორი X) როლებით მოიპოვა. მაყურებელი მსახიობს ეკრანზე უკანასკნელად მარველის მომავალ ფილმში (Avengers: Doomsday) იხილავს, სადაც მან პროფესორ ქსავიერის როლი კიდევ ერთხელ შეასრულა.

წყარო: BBC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები