ჟურნალ Carcinogenesis-ში გამოქვეყნებული ახალი მასშტაბური მიმოხილვის მიხედვით, ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტები, დიდი ალბათობით, ფილტვისა და პირის ღრუს კიბოს გამომწვევი მიზეზია.
ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული აღნიშნული კვლევა მცდელობაა იმის განსაზღვრისთვის, თუ რა საფრთხეს უქმნის ელექტრონული სიგარეტი ადამიანის ჯანმრთელობას თამბაქოს მოწევისგან დამოუკიდებლად. მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა, რომელიც სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მათ შორის ონკოლოგებს, ეპიდემიოლოგებსა და ქირურგებს აერთიანებდა, მრავალი სამეცნიერო პერსპექტივა გააანალიზა: კლინიკური დაკვირვებებიდან დაწყებული, ლაბორატორიული და ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დამთავრებული.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ აქამდე ელექტრონული სიგარეტი ძირითადად განიხილებოდა როგორც გზა თამბაქოსკენ, თუმცა ნაკლები ყურადღება ეთმობოდა იმას, თავად ამ მოწყობილობებს შეუძლიათ თუ არა კიბოს გამოწვევა. ანალიზის შედეგად ელექტრონული სიგარეტის აეროზოლებში მრავალი კანცეროგენული ნაერთი, მათ შორის აქროლადი ორგანული ქიმიკატები და ლითონები აღმოჩნდა.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა დნმ-ის დაზიანება, ქსოვილების ანთება და უჯრედული ცვლილებები, რაც სიმსივნურ პროცესებს პირდაპირ უკავშირდება. კვლევის ავტორების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრული მაჩვენებლების დასადგენად ათწლეულების მანძილზე დაკვირვებაა საჭირო, არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები უკვე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლები კიბოს განვითარების გაზრდილი რისკის წინაშე დგანან.
განსაკუთრებით საყურადღებოა ე.წ. „ორმაგი მოხმარების“ პრობლემა, როდესაც ადამიანები სრულად ვერ ანებებენ თავს სიგარეტს და პარალელურად ელექტრონულ სიგარეტსაც იყენებენ. ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ ასეთ პაციენტებში ფილტვის კიბოს განვითარების რისკი ოთხჯერ იზრდება. მეცნიერები პარალელს ავლებენ თამბაქოს ისტორიასთან და აღნიშნავენ, რომ მოწევასა და კიბოს შორის კავშირის ოფიციალურ აღიარებას თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა.
მკვლევართა გუნდი მოუწოდებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორს, არ გაიმეორონ წარსულის შეცდომები და არ დაელოდონ ათწლეულებს გადამწყვეტი ზომების მისაღებად, რადგან ელექტრონული სიგარეტების მზარდი პოპულარობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უკვე სერიოზულ გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.
წყარო: Carcinogenesis

