ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ JAMA Psychiatry-ში, სემგალუტიდის შემცველ მედიკამენტებს, როგორიცაა ოზემპიკი (Ozempic) და ვეიგოვი (Wegovy), აქვთ პოტენციალი, მნიშვნელოვნად შეამცირონ გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებების რისკი შიზოფრენიის სპექტრის აშლილობების მქონე იმ პირებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს.
პაციენტები, რომლებიც შიზოფრენიის სამკურნალოდ იღებენ მეორე თაობის ანტიფსიქოზურ საშუალებებს (SGAs), მაგალითად, კლოზაპინს ან ოლანზაპინს, განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის, ტიპი 2 დიაბეტისა და გულის დაავადებების მიმართ. ეს გვერდითი მოვლენები ხშირად იწყება მკურნალობის დაწყებიდან მალევე და ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ ამ პოპულაციის სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 15 წლით ნაკლებია მთლიან მოსახლეობასთან შედარებით.
დანიაში ჩატარებულმა რანდომიზებულმა კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც 73 ზრდასრული მონაწილეობდა, აჩვენა, რომ სემგალუტიდის (პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება GLP-1RA კლასს და არეგულირებს შიმშილის გრძნობას) მიღებამ, პლაცებოსთან შედარებით, გასაოცარი შედეგები გამოიღო 6.5 თვის განმავლობაში.
მკურნალობის შემდეგ, კვლევის მონაწილეების თითქმის ნახევარმა მიაღწია სისხლში შაქრის ჯანსაღ დონეს. ეფექტი პლაცებოს ჯგუფის მხოლოდ 3%-ს შეეხო. გარდა ამისა, ამ ჯგუფმა საშუალოდ 9.2 კგ-ით მეტი დაიკლო, დაკარგა 6.1 კგ სხეულის ცხიმი და შეამცირა წელის გარშემოწერილობა 7.0 სმ-ით.
აღსანიშნავია, რომ სემგალუტიდის მიღებამ არა მხოლოდ მეტაბოლური სარგებელი მოიტანა, არამედ არ გააუარესა პაციენტების ფსიქიატრიული სიმპტომები, რაც ხშირად პრობლემაა ანტიფსიქოზური მედიკამენტების შეცვლის ან დიეტის დაწყების მცდელობისას. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ეს მიგნებები მხარს უჭერს GLP-1RA პრეპარატების გამოყენებას, როგორც ადრეულ ინტერვენციას მოწყვლად პაციენტებში კარდიომეტაბოლური რისკის შესამცირებლად.
გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ზოგადად მსუბუქი და დროებითი იყო. მეცნიერები მომავალში უფრო ფართო და ხანგრძლივ კვლევებს გეგმავენ, რათა დაადასტურონ ეს შედეგები და შეაფასონ, შეუძლია თუ არა აღნიშნულ მეთოდს გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და დამოკიდებულებითი ქცევის შემცირება.
წყარო: JAMA

