back to top

შიდსის მსოფლიო დღე 2025: ინტერვიუ ნატალია ზაქარეიშვილთან

გააზიარე

ყოველწლიურად, 1 დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. დღე, რომელიც ეძღვნება აივ-ით მცხოვრები ადამიანების მიმართ სოლიდარობას, დაავადების გავრცელების პრევენციას და ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული პროგრესის ხაზგასმას. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინამ აივ ინფექცია მართვად ქრონიკულ მდგომარეობად აქცია, გლობალურად, ინფექციის ახალი შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა კვლავ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდგომარეობა ისეთ რეგიონებში, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია, სადაც გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) მონაცემებით, აივ ინფექციის ზრდის ტემპი მსოფლიოში ყველაზე სწრაფია.

წლევანდელი კამპანია, სახელწოდებით „დაბრკოლებების გადალახვა“, მოგვიწოდებს, მოვხსნათ ის ბარიერები (სტიგმა, დისკრიმინაცია, იურიდიული და ფინანსური შეზღუდვები), რომელიც მოწყვლად ჯგუფებს აივ ინფექციის პრევენციულ და სამკურნალო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს.

წინამდებარე ინტერვიუში, ნატალია ზაქარეიშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პროგრამის ანალიტიკოსი, საუბრობს სწორედ ამ საკითხებზე. ის აქცენტს აკეთებს აივ ინფექციის პრევენციის მთავარ გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის ფინანსური კრიზისის გავლენაზე სერვისებზე და იმ სტრუქტურულ მიზეზებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეპიდემიის ზრდას აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ასევე, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ცვლილებების ფონზე გაზრდილ საჭიროებებსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) როლს სტიგმისგან თავისუფალი და ინტეგრირებული ჯანდაცვის სერვისების დანერგვაში.

მიმდინარე წლის შიდსის მსოფლიო დღის ფოკუსში არის „დაბრკოლებების გადალახვა“. რა არის ის ძირითადი გლობალური გამოწვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის აივ ინფექციის პრევენციას, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში? და რა გავლენას ახდენს დაფინანსებასთან დაკავშირებული კრიზისი პრევენციული სერვისების ხელმისაწვდომობაზე?

სანამ უშუალოდ გამოწვევებზე საუბარს დავიწყებდეთ, აუცილებელია მიმოვიხილოთ შიდსის გლობალური, რეგიონული და საქართველოში არსებული მდგომარეობა. მონაცემების გარეშე შეუძლებელია პრობლემის მასშტაბის შეფასება და, შესაბამისად, საჭირო სერვისების დანერგვა. გლობალურად, UNAIDS-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში აივ-ით 40.8 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რაც ამ გამოწვევის უზარმაზარ მასშტაბზე მიუთითებს. მიუხედავად მკურნალობისა და პრევენციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა, 2024 წელს 1.3 მილიონი ახალი ინფექცია დადასტურდა, ხოლო გასულ წელს 630 000 ადამიანი გარდაიცვალა შიდსით. ეს ციფრები მდგომარეობის სიმძიმეზე მეტყველებს.

არსებული ტენდენციის დაუყოვნებელი და რადიკალური ცვლილების გარეშე, პროგნოზი სავალალოა – 2030 წლისთვის 3,3 მილიონი ადამიანი შეემატება აივ-ით ინფიცირებულთა რიგებს.

რაც შეეხება აივ პრევენციას, ვთანხმდებით, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხარჯთეფექტური საშუალებაა ინფექციის თავიდან ასაცილებლად. წლევანდელი შიდსის მსოფლიო დღის ფოკუსიდან – „დაბრკოლებების გადალახვა“ – გამომდინარე, პრევენციის ძირითადი გლობალური გამოწვევებია სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობა და, განსაკუთრებით, სტიგმა და დისკრიმინაცია, რაც სერიოზული პრობლემაა მსოფლიოსთვის. სწორედ ეს ბარიერები, მათ შორის არასათანადო ინფრასტრუქტურა და ადამიანის უფლებების შეზღუდვა, უშლის ხელს მოსახლეობას სერვისების მიღებაში, მაშინაც კი, როდესაც ისინი არსებობს.

დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში კი განსაკუთრებით მწვავედ დგას ფინანსური რესურსების ნაკლებობა, რაც ზღუდავს პრევენციული სერვისების მიწოდებას და იწვევს მედიკამენტებისა თუ სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს. გლობალური დაფინანსების კრიზისი პირდაპირ ამძაფრებს ამ გამოწვევებს, რადგან ბიუჯეტის შემცირება ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სათემო პროგრამების საქმიანობას. ასევე, მცირდება სასკოლო და ახალგაზრდული პროგრამები, რომელთა როლი ცნობიერების ამაღლებაში უმნიშვნელოვანესია, და მცირდება Outreach (გასვლითი საველე მუშაობის ) სერვისები.

ძირითადი გლობალური გამოწვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის აივ ინფექციის პრევენციას, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, სამი მთავარი მიმართულებით იყოფა.

სოციო-კულტურული და სამართლებრივი ბარიერები მოიცავს სტიგმასა და დისკრიმინაციას, რაც ხელს უშლის საკვანძო პოპულაციებს (ნარკოტიკების მომხმარებლები, სექს-მუშაკები, მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან) ტესტირებასა და პრევენციულ სერვისებზე წვდომაში. პროგრესს ასევე აფერხებს საკვანძო პოპულაციების კრიმინალიზაციის სამართლებრივი და პოლიტიკური ბარიერები, ისევე როგორც გენდერული უთანასწორობა.

ჯანდაცვის სისტემის და სერვისების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს გამოწვევას არასაკმარისი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, კვალიფიციური კადრების ნაკლებობისა და სერვისების ფრაგმენტაციის გამო. პრობლემურია აგრეთვე პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკისა (PrEP) და სხვა თანამედროვე პრევენციული საშუალებების შესახებ დაბალი ცოდნა და ცნობიერება როგორც საზოგადოებაში, ისე ჯანდაცვის მიმწოდებლებს შორის.

დაფინანსებასთან დაკავშირებული კრიზისის გავლენა კრიტიკულ საფრთხეს უქმნის პრევენციულ სერვისებს. შემცირებული ინვესტიციები იწვევს პროგრამების მასშტაბის შეზღუდვას, თემზე დაფუძნებული ინიციატივების რესურსების შემცირებას და ტექნოლოგიური ინოვაციების (მაგალითად, ინექციური PrEP) დანერგვის შეფერხებას. დაფინანსების კრიზისი პირდაპირ რისკის ქვეშ აყენებს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო.

საბოლოოდ, დაფინანსების კრიზისი ნიშნავს ნაკლებ პრევენციას, ნაკლებ ტესტირებას და ნაკლებ სიცოცხლის გადამრჩენ სერვისებს.

აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია (EECA) ერთადერთი რეგიონია, სადაც შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა კვლავ იზრდება. რა სტრუქტურული ფაქტორები ხსნის იმ გარემობას, რომ არ მცირდება აივ ინფექციის შემთხვევები ამ რეგიონში? განმარტებისთვის, რამდენად სერიოზულია საფრთხე აღნიშნულ რეგიონში ეპიდემიოლოგიურად?

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში აივ ინფექციასთან დაკავშირებული მონაცემები განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან მთელ რიგ გამოწვევებთან ერთად, ახალი ინფექციების რაოდენობა ზრდადია. 2010 წლიდან ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები კულტურულად განსხვავდებიან, მათთვის საერთოა აივ ინფიცირების ზრდადი სტატისტიკა.

ძირითადი პრობლემა მკურნალობის ნაკლებობაა: რეგიონში აივ პოზიტიურ პირთა 50%-ს არ აქვს მკურნალობაზე წვდომა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მაგალითად, საქართველო, როგორც ამ რეგიონის ნაწილი, გამონაკლისია – ჩვენთან მკურნალობაზე წვდომა 100%-ია. ეს რეგიონია ერთადერთია მსოფლიოში, სადაც აივ ინფექციასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მატულობს, რაც სისტემურ პრობლემას ასახავს. აღნიშნული გამოწვევები არა მხოლოდ ინფექციის გავრცელების, არამედ მთლიანად დაავადების მართვის კუთხით არსებობს.

ამ რეგიონზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას საკვანძო ჯგუფებს (ე.წ. Key Populations), რომლებიც აივ-ით ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან. მათ შორის არიან ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, სექს-მუშაკები, მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან (MSM) და სხვ.

სტრუქტურულ მიზეზებს შორის გამოირჩევა სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ნარკოტიკების უსაფრთხო გამოყენების პროგრამების არასტაბილური დაფინანსება და, ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი, სტიგმა და დისკრიმინაცია. სამედიცინო პერსონალის მხრიდან სტიგმატიზება ერთ-ერთი ყველაზე დიდ პრობლემად რჩება, რადგან სწორედ ამ სტიგმის გამო უამრავი ადამიანი ამბობს უარს სკრინინგზე და შემდგომში მკურნალობაზე. საქართველოშიც, სადაც აივ-ზე კონსულტაცია და ტესტირება უფასოა, უამრავი მოქალაქე სწორედ ამ სოციალური ბარიერის გამო ერიდება სერვისის მიღებას.

EECA რეგიონში აივ ეპიდემიის ზრდის ტემპი მსოფლიოში ყველაზე სწრაფია. ეს განპირობებულია ღრმად ფესვგადგმული სტრუქტურული ფაქტორებით, რომლებიც უშუალოდ ზღუდავს საკვანძო ჯგუფების სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

რეპრესიული სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო ერთ-ერთი მთავარი ბარიერია. რეგიონის ბევრ ქვეყანაში კვლავაც კრიმინალიზებულია ნარკოტიკების მოხმარება, სექს-მუშაობა და ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები. ეს ქმნის შიშის გარემოს, აიძულებს საკვანძო ჯგუფებს მიიმალონ, რაც პრევენციული და სამკურნალო სერვისების მიწოდებას შეუძლებელს ხდის.

პრობლემას ამძაფრებს მაღალი სოციალური სტიგმა და დისკრიმინაცია. აივ-ის, ჰომოსექსუალობისა და ნარკოტიკების მოხმარების მიმართ არსებული საზოგადოებრივი სტიგმა იწვევს თვითიზოლაციას. ამას ემატება დისკრიმინაცია ჯანდაცვაში, როდესაც აივ-ით მცხოვრებ პირებს ან საკვანძო პოპულაციებს ხშირად უარს ეუბნებიან სერვისების მიწოდებაზე, რაც ამცირებს ტესტირებისა და მკურნალობაში ჩართულობის მაჩვენებლებს.

გარდა ამისა, არსებობს პრევენციის პროგრამების დაბალი დაფარვა და შეზღუდვები. რეგიონის ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში PrEP (პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა) ფინანსური თუ ტექნიკური ბარიერების გამო შეზღუდულია ან საერთოდ არ არის დანერგილი.

კრიტიკული გავლენა აქვს სამხედრო კონფლიქტებსა და მიგრაციას. უკრაინის ომმა და ჰუმანიტარულმა კრიზისმა შეაფერხა ტესტირებისა და მკურნალობის სერვისები, გამოიწვია მილიონობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე (ART) ხელმისაწვდომობასა და თერაპიისადმი ერთგულებას, რაც ზრდის ვირუსის გადაცემის რისკს და სიკვდილიანობას.

სერიოზულია ეპიდემიოლოგიური საფრთხის სურათი:

  • EECA არის ერთადერთი რეგიონი, სადაც ეპიდემია ვერ კონტროლდება და გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.
  • მკურნალობით მოცვის დაბალი მაჩვენებელია: აივ-ით მცხოვრები ადამიანების მხოლოდ 50% არის ჩართული მკურნალობაში და მხოლოდ 42%-ს აქვს ვირუსის სუპრესია, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება გლობალურ მიზნებს.
  • რეგიონში მძვინვარებს ტუბერკულოზის (ტბ) თანა-ეპიდემია, განსაკუთრებით მულტირეზისტენტული ტბ, რომელიც აივ-ით ინფიცირებულთა სიკვდილობის უდიდეს მიზეზად რჩება.

საქართველოში ამჟამად აივ ინფექციის კონცენტრირებული ეპიდემიაა, რისი დომინანტური მიზეზიც სქესობრივი გზით დაავადების გადაცემაა. როგორ შეცვალა ამ ფაქტორმა ქვეყნის პრევენციული სერვისების პრიორიტეტები?

საქართველოში აივ ინფექციის კონცენტრირებული ეპიდემიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექცია კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებში, ე.წ. Key Populations-ში, არის თავმოყრილი. მიუხედავად ამისა, სიტუაცია გამოწვევად რჩება. ამ დროს პრევენციული ღონისძიებების არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოში ასეთი სერვისები არსებობს – აივ ტესტირება და კონსულტირება უფასოა – მაგრამ სტიგმისა და ცნობიერების ნაკლებობის გამო, მათ მიღებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, უარს ამბობენ.

სქესობრივი გზით გადაცემის დომინანტურმა როლმა ქვეყნის პრევენციული სტრატეგია უფრო მეტად ორიენტირებული გახადა კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე: სექსუალური უმცირესობები, სექსმუშაკები, ახალგაზრდა მოსახლეობა. პრიორიტეტი მიენიჭა უსაფრთხო სექსის პრაქტიკის პოპულარიზაციას, კონდომის ხელმისაწვდომობას, საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლებსა და სათემო ცენტრებში, ასევე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (SRH) ინტეგრირებულ სერვისებს.

დიახ, საქართველოში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში, აივ-ის გავრცელების დომინანტური გზა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებიდან სქესობრივ გადაცემაზე გადავიდა. ეს ეპიდემიოლოგიური ცვლილება მოითხოვს სტრატეგიულ ადაპტაციას:

სწორედ ამ მიზეზებით აიხსნება, რომ უამრავი ადამიანის შემთხვევაში დიაგნოზი ჯერ კიდევ არ არის დასმული, ან გვიანი დიაგნოზის გამო მკურნალობა ფერხდება. არსებობს საშიშროება, რომ კონცენტრირებული ეპიდემია უფრო გავრცელდეს და დიდ გამოწვევად იქცეს. აქედან გამომდინარე, პრევენციის საკითხი დგას მწვავედ – საჭიროა კონსულტირების და პრევენციის დროული ჩატარება.

სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებისას, უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებების დაცვა, რაც ხარისხიანი მომსახურების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ხარისხიანი სერვისის მიწოდება არ გულისხმობს მხოლოდ ინფრასტრუქტურის ან ადამიანური რესურსის არსებობას. მთავარი ინდიკატორია მიმღებლობა და ეთიკურად გამართული, სწორი დამოკიდებულება პაციენტების მიმართ.

ასევე, ეპიდემიის ეფექტიანად მართვისთვის კარგი წინაპირობაა, რომ აივ-თან დაკავშირებული მომსახურებები ინტეგრირებული იყოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან. საქართველოში პრევენციული სტრატეგია არსებობს: ფუნქციონირებს გლობალური ფონდი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული შიდსის ცენტრი.

ტრადიციულად, საქართველო წარმატებით ახორციელებდა ზიანის შემცირების პროგრამებს (ნემსებისა და შპრიცების გაცვლა, ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპია) ინექციურ მომხმარებლებში ინფექციის გადაცემასთან საბრძოლველად.

თუმცა, სქესობრივი გზით გადაცემის ზრდის ფონზე, პრიორიტეტები შეიცვალა. ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლა არის PrEP-ის (ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღება აივ-უარყოფითი მაღალი რისკის ქვეშ მყოფთათვის) ეროვნულ პრევენციულ პროგრამებში ინტეგრირება.

პრევენციული მუშაობის აქცენტი ნარკომომხმარებლებიდან გადავიდა მსმ-ებზე და მრავალ სქესობრივ პარტნიორთან მყოფ ჰეტეროსექსუალურ პირებზე.

სქესობრივი გზით გადაცემის ზრდამ მოითხოვა აივ ტესტირების გაფართოება და დიფერენცირება: დაინერგა დეცენტრალიზებული ტესტირება (თემზე დაფუძნებულ ცენტრებში ან მობილურ ამბულატორიებში) და თვით-ტესტირება.

მოკლედ, ეპიდემიოლოგიურმა ცვლილებამ აიძულა საქართველო, გადასულიყო უპირატესად ზიანის შემცირებიდან (Harm Reduction) უფრო კომბინირებულ პრევენციულ სტრატეგიაზე (Combined Prevention), რომელიც მოიცავს ბიოსამედიცინო საშუალებებს (PrEP), ქცევით და სტრუქტურულ ინტერვენციებს (სტიგმის შემცირება).

მაღალი რისკის პოპულაცია კვლავ აწყდება სერვისებზე ხელმისაწვდომობის სერიოზულ ბარიერებს. რა არის ყველაზე მწვავე გამოწვევები დღეს ამ მიმართულებით?

ყველაზე მწვავე გამოწვევებია სტიგმა და დისკრიმინაცია სამედიცინო დაწესებულებებში, სერვისების არათანაბარი გავრცელება რეგიონებში, სამართლებრივი დაბრკოლებები, და ინფორმაციის შეზღუდულობა. გარდა ამისა, დაფინანსების შემცირების გამო, გასვლითი საველე მუშაობის (outreach) პროგრამები არ არის სტაბილური, რაც ამ ჯგუფების პრევენციული და საკონსულტაციო მხარდაჭერის შესაძლებლობას ამცირებს.

თვით-სტიგმა: შიში იმისა, რომ მათი სტატუსი (მაგ., ნარკოტიკების მომხმარებელი ან სექს-მუშაკი) გახდება საჯარო, ხშირად ხელს უშლის ამ პირებს, მიმართონ ტესტირების ან სამკურნალო სერვისებს, რადგან ელიან განსჯას.

დისკრიმინაცია ჯანდაცვის დაწესებულებებში: სამედიცინო პერსონალის მხრიდან გულგრილობა, უპატივცემულობა ან პირდაპირი უარი სერვისის მიწოდებაზე.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხი, განსაკუთრებით აივ-ის კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონტექსტში. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები (მაგ. MSM/ტრანსგენდერი პირები), სექს-მუშაკები და ნარკოტიკების მომხმარებლები (საკვანძო პოპულაციები) ნამდვილად აწყდებიან ყველაზე სერიოზულ ბარიერებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

მნიშვნელოვან ბარიერებს ქმნის აგრეთვე სამართლებრივი დაბრკოლებები, ინფორმაციის შეზღუდულობა და დაფინანსების ნაკლებობა. აღნიშნული პრობლემები არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, არამედ გლობალური მასშტაბის პრობლემაა.

დისკრიმინაციული კანონები: კანონები, რომლებიც ზღუდავენ ტრანსგენდერი პირების უფლებებს ან არ უზრუნველყოფენ საკმარის დაცვას დისკრიმინაციისგან, იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესს და ხელს უშლის მათ, მიმართონ ჯანდაცვის სერვისებს.

აგრეთვე, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის შიში, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში ან სოფლად.

მოზარდებსა და ახალგაზრდებში საფრთხის შემცველი ქცევები იზრდება, რა პრობლემები რჩება აივ ინფექციის პრევენციაში და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სრჯ) ახალგაზრდებზე მორგებულ პროგრამებში?

ახალგაზრდობა არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ხშირად ყველაზე მეტად არის მოწყვლადი აივ ინფექციის მიმართ. თუ მოზარდებსა და ახალგაზრდებში საფრთხის შემცველი ქცევები იზრდება, ეს ნიშნავს, რომ არსებული პრევენციული და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სრჯ) პროგრამები სრულად ვერ აღწევს მათთან ან ვერ პასუხობს მათ საჭიროებებს.

პრობლემებია: ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამები ან საერთოდ არ ფინანსდება, ან ფინანსდება შეზღუდულად. ასევე, პრობლემაა ინფორმაციის შეზღუდული მიწოდება სკოლებში, სტიგმა სექსუალურ თემებზე საუბრისას, და ხელმისაწვდომობის დაბალი დონე სამედიცინო სერვისებზე. ახალგაზრდებისთვის სპეციალურად მორგებული მომსახურება, როგორიცაა კონფიდენციალური კონსულტაცია და სწრაფი ტესტირება, ხშირად არ არის საკმარისად განვითარებული.

აივ ინფექციის პრევენციასა და ახალგაზრდებზე მორგებულ სრჯ პროგრამებში რჩება ძირითადი პრობლემები. არასრული სქესობრივი განათლება: სკოლებზე დაფუძნებული სქესობრივი განათლება ხშირად არ არის ყოვლისმომცველი (Comprehensive Sexuality Education – CSE). ის შეიძლება იყოს თავშეკავებაზე ფოკუსირებული ან ზედმეტად ბიოლოგიური, სათანადოდ არ მოიცავდეს კონტრაცეფციასა და დაცულ სექსს, გენდერული თანასწორობის საკითხებს, სტიგმასა და დისკრიმინაციას აივ-ის კონტექსტში. თუ ფორმალური განათლება არასაკმარისია, ახალგაზრდები ინფორმაციას იღებენ არასწორი ინფორმაციის წყაროებიდან (ინტერნეტი, მეგობრები), რაც იწვევს მცდარ წარმოდგენებსა და რისკების შეუფასებლობას.

გარდა ამისა, არსებობს განსჯის შიში: ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევიან ან ნარკოტიკებს მოიხმარენ, ეშინიათ სტიგმის. ეს შიში ხელს უშლის მათ მიმართონ აივ პრევენციის სერვისებს ან სრჯ კლინიკებს, ან გაესაუბრონ მშობლებს/მასწავლებლებს ჯანმრთელობის პრობლემებზე. კონფიდენციალობის დაცვის პრობლემაც მნიშვნელოვანია: ახალგაზრდები ხშირად ერიდებიან კლინიკებს, რადგან ეშინიათ, რომ მათ შესახებ ინფორმაცია მშობლებს ან სკოლას გაუზიარდება.

ჯანდაცვის სერვისები ხშირად არ არის ახალგაზრდებზე მორგებული (Youth-Friendly). კლინიკების მდებარეობა, სამუშაო საათები და ატმოსფერო შეიძლება იყოს არამიმზიდველი ან დამაშინებელი, ხოლო პერსონალი შეიძლება არ იყოს საკმარისად მომზადებული მოზარდებთან კომუნიკაციისთვის. აგრეთვე, პრობლემაა სერვისების ფრაგმენტაცია: აივ პრევენცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) მკურნალობა და ზოგადი სრჯ მომსახურება ხშირად იზოლირებულად მიეწოდება. ახალგაზრდა შეიძლება ეძებდეს კონტრაცეფციას, მაგრამ ვერ მიიღოს რჩევა აივ/სგგი-ის პრევენციის შესახებ, ან პირიქით.

ამ პრობლემების დასაძლევად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლების სავალდებულო დანერგვას, ახალგაზრდებზე მორგებული და კონფიდენციალური კლინიკების ქსელის გაფართოებას და სტიგმასთან ბრძოლას საზოგადოებრივ დონეზე.

აივ-ინფექციის პრევენციისკენ გადადგმული ნაბიჯი უმოკლესი გზაა შიდსისგანთავისუფალი თაობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი დღეს სერიოზული შეფერხების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საერთაშორისო დახმარების პროგრამების დაფინანსების უპრეცედენტო შემცირებამ განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა აივ-ის პრევენციის პროგრამებს.

სამედიცინო დაწესებულებებში სტიგმა კვლავ დიდი დაბრკოლებაა. სტიგმის რომელი ფორმებია ყველაზე მავნე საქართველოში და როგორ ზრუნავს  გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მათ შემცირებაზე?

სამედიცინო დაწესებულებებში არსებული სტიგმა ნამდვილად წარმოადგენს უდიდეს ბარიერს საქართველოში აივ ინფექციისა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სრჯ) სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის, განსაკუთრებით საკვანძო და მოწყვლადი პოპულაციებისთვის.

ყველაზე მავნეა აივ დადებითი პირების დისკრიმინაცია სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას. დამოკიდებულების პრობლემასთან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა პირადი მონაცემების დაცვის დარღვევის შემთხვევები და სტიგმა ახალგაზრდებსა და საკვანძო ჯგუფებში.

საქართველოში (და ზოგადად EECA რეგიონში) ყველაზე მავნე და დესტრუქციული სტიგმის ფორმები, რომლებიც უშუალოდ აფერხებს სერვისებზე წვდომას, არის “სერვისის მიწოდებაზე უარის თქმის” სტიგმა (Overt Discrimination), რომელიც არის ყველაზე პირდაპირი და მავნე ფორმა, როდესაც ჯანდაცვის პერსონალი ფიზიკურად ან სიტყვიერად უარს ამბობს სერვისის მიწოდებაზე.

მეორე ფორმაა “შინაგანი” ან “მოლოდინის” სტიგმა (Anticipated Stigma). ეს არის შიში, რომელსაც პაციენტი განიცდის სამედიცინო სერვისში მიმართვის წინ და სერვისის მიწოდების დროს. წარსული ცუდი გამოცდილების ან საზოგადოებრივი განწყობების საფუძველზე, მათ აქვთ მოლოდინი, რომ გაასამართლებენ ან უარყოფენ. ეს სტიგმა უბიძგებს ადამიანებს დამალონ თავიანთი სტატუსი ან საერთოდ უარი თქვან სერვისზე.

UNFPA-ს სტიგმის დაძლევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მაგალითად, სწორედ UNFPA-ის ტექნიკური დახმარებით ჩატარდა საქართველოში სტიგმის ინდექსის კვლევა. შესაბამისად, ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემუშავდა პოლიტიკა. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალთან მუშაობა, მათი უნარების, ცოდნის განვითარება და გაძლიერება. მიმაჩნია, რომ ინფორმირებულობის მაღალი დონე არის საუკეთესო ინსტრუმენტი ამა თუ იმ პრობლემის დასაძლევად.

UNFPA საქართველოში, ძირითად პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს სტიგმისა და დისკრიმინაციის შესამცირებლად, განსაკუთრებით სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სრჯ) სერვისებში. მათი ძირითადი სტრატეგიებია: ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების ინფორმირებულობის ამაღლება სტიგმის მავნე ზემოქმედების შესახებ და მათი აღჭურვა დისკრიმინაციისგან თავისუფალი და პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების უნარებით; ახალგაზრდებზე მორგებული სერვისების განვითარება, რაც გულისხმობს სერვისების გაახალგაზრდავებას და უსაფრთხო სივრცის შექმნას, სადაც მოზარდები თავს დაცულად იგრძნობენ განსჯის გარეშე; და საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიები საზოგადოებაში სტიგმის შესამცირებლად და პოზიტიური სექსუალური და რეპროდუქციული ნორმების დასამკვიდრებლად. ამ ძალისხმევის ფარგლებში, UNFPA უზრუნველყოფს პროფესიონალთა ტრენინგებს, სათემო ცენტრების მხარდაჭერას, ფართო საინფორმაციო კამპანიებს და ხელს უწყობს სრჯ და აივ პრევენციის სერვისების ინტეგრირებას.

გენდერული უთანასწორობა და გენდერული ნიშნით ძალადობა (GBV) კვლავ ზრდის აივ ინფექციის რისკებს ქალებისა და გოგონებისთვის. როგორ ვლინდება ეს პრობლემა საქართველოში და რა კუთხით მოითხოვს გადაუდებელ ყურადღებას?

საქართველოში ქალები განსაკუთრებით დაუცველები არიან სექსუალური ძალადობის, პარტნიორული ძალადობის და მამაკაცებზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო. ეს ზრდის აივ ინფექციის რისკებს, რადგან ართულებს კონტროლირებულ და უსაფრთხო სექსუალურ პრაქტიკას.

გენდერული უთანასწორობა და გენდერული ნიშნით ძალადობა ზრდის აივ ინფექციის რისკებს რამდენიმე ძირითადი გზით. პირველია რისკების მართვის უუნარობა: კულტურული ნორმები და გენდერული უთანასწორობა ხშირად ზღუდავს ქალის უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილება სექსუალური აქტივობისა და უსაფრთხოების შესახებ. ქალმა შეიძლება ვერ მოსთხოვოს პარტნიორს პრეზერვატივის გამოყენება ან ტესტირების ჩატარება შურისძიების, ძალადობის ან მიტოვების შიშის გამო.

მეორე ფაქტორია ფიზიკური და სექსუალური ძალადობა: გაუპატიურება და სხვა ფორმის სექსუალური ძალადობა არა მხოლოდ პირდაპირ ზრდის აივ-ის გადაცემის რისკს (დაზიანების გამო), არამედ წარმოშობს ფსიქიკურ ტრავმას, რომელიც ართულებს შემდგომ პრევენციულ ზომებზე ფიქრს და მიღებას.

მესამე ბარიერია დახმარებაზე უარის თქმა: ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად ექმნებათ დაბრკოლებები ჯანდაცვისა და სამართლებრივ სერვისებზე წვდომისას, რადგან ეშინიათ დამატებითი სტიგმატიზაციისა ან ძალადობრივი პარტნიორის მხრიდან რეაქციის.

ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული ძალადობის პრევენციაზე, ინფორმაციის მიწოდებასა და ქალთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე მიმართული პროგრამების მხარდაჭერა.

როგორ უჭერს UNFPA საქართველოს სტიგმისგან თავისუფალი, ინტეგრირებული აივ ინფექციის და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (SRHR) სერვისების შექმნაში?

UNFPA მხარს უჭერს საქართველოს სტიგმისგან თავისუფალი, ინტეგრირებული აივ ინფექციის და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სრჯ) სერვისების შექმნაში რამდენიმე ძირითადი მიმართულებით.

ორგანიზაცია აფართოებს საყოველთაო ტესტირების შესაძლებლობებს, განათლებას და კონსულტაციას. ის უზრუნველყოფს სტიგმის შემცირების ტრენინგებს ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებისთვის, მათ შორის ექთნებისა და ექიმებისთვის, რათა გაზარდონ მათი ცოდნა აივ-ის შესახებ სტიგმისა და დისკრიმინაციის მავნე ზემოქმედების შესახებ. UNFPA ასევე აფინანსებს სათემო ცენტრებს და ახორციელებს მიზანმიმართულ outreach პროგრამებს, რათა მაღალი რისკის ჯგუფებმა მიიღონ სტიგმისგან თავისუფალი სერვისები.

მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა. UNFPA მხარს უჭერს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც იცავს მოწყვლად ჯგუფებს დისკრიმინაციისგან და უზრუნველყოფს მათთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე.

გარდა ამისა, ორგანიზაცია მნიშვნელოვნად აძლიერებს სათემო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (CSOs), რომლებიც მუშაობენ უშუალოდ საკვანძო პოპულაციებთან.

რა გზავნილის გაზიარება გსურთ საქართველოში აივ ინფექციით ყველაზე მეტად დაზარალებული თემებისთვის შიდსის მსოფლიო დღეს?

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აივ ინფექცია აღარ არის სასიკვდილო განაჩენი. ეს არის მართვადი ქრონიკული მდგომარეობა. თქვენი ხმა, თქვენი გამოცდილება და თქვენი სიცოცხლე არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

გადამწყვეტია: იცოდეთ თქვენი აივ სტატუსი, იყოთ ინფორმირებული, იყოთ დაცული და სრულად გამოიყენოთ არსებული სერვისები. ნუ მისცემთ სტიგმას უფლებას, გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი. დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა და იცხოვრეთ სრულყოფილი ცხოვრებით. გახდით ინფორმირებული, დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა და იცხოვრეთ სრულფასოვნად.

აივ/შიდსზე რეაგირების თვალსაზრისით ამ რთულ ეტაპზე, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აგრძელებს  მხარდაჭერას აივ-ის პრევენციის პროგრამების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიმართულებით, რაც გულისხმობს განსაკუთრებულ აქცენტს მოზარდ გოგონებზე, ახალგაზრდა ქალებსა და მოწყვლად მოსახლეობაზე, აივ ინფექციის მკურნალობასთან და მასთან დაკავშირებულ სერვისებთან ერთად.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები