ევროპამ 2025 წელი ორმაგი, გარდამტეხი ინიციატივით დაიწყო: ევროპული ჯანდაცვის მონაცემთა სივრცითა (EHDS) და ევროპული ჯანმრთელობის ტექნოლოგიების შეფასებით (EU HTA).
ევროპული ჯანდაცვის მონაცემთა სივრცე (EHDS) საფუძვლიანად ცვლის პაციენტისა და სამედიცინო სისტემის ურთიერთობას. ეს ინიციატივა ანგრევს ბიუროკრატიულ ბარიერებს და მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ციფრულად მართონ და გასცენ ნებართვა თავიანთი მონაცემების გამოყენებაზე ევროკავშირის მასშტაბით.
ევროპული ჯანმრთელობის ტექნოლოგიების შეფასება (EU HTA) უზრუნველყოფს სტანდარტიზაციას იმ პროცესისთვის, თუ როგორ ფასდება და მტკიცდება ახალი მედიკამენტების ღირებულება და ეფექტურობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად შეაფასოს პრეპარატი, EU HTA ქმნის ერთიან ევროპულ ჩარჩოს მისი კლინიკური სარგებლის შედარებისთვის უკვე არსებულ სტანდარტულ მკურნალობასთან.
როგორც EHDS, ისე EU HTA ეფუძნება 2011 წლის ჯვარედინი საზღვრის ჯანდაცვის დირექტივას. ის მიზნად ისახავს ორი უმთავრესი სისტემური გამოწვევის აღმოფხვრას. პირველი მათგანი ეხება არსებულ ფრაგმენტაციას, რის გამოც წამლებზე ხელმისაწვდომობა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მკვეთრად, 20-დან 95%-მდე მერყეობს. EU HTA კი უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, მიუხედავად იმისა, ევროკავშირის რომელ ქვეყანაში იმყოფებიან.
მეორე კრიტიკული პრობლემა კვლევების შეფერხებაა, რაც მონაცემთა იზოლირებული ბაზებით არის გამოწვეული. ინფორმაციის ამგვარი გაფანტულობა მნიშვნელოვნად აფერხებს სამეცნიერო წინსვლასა და მედიკამენტების უსაფრთხოების ეფექტურ მონიტორინგს.
ამ ინსტრუმენტების წყალობით იქმნება მსოფლიოში უმსხვილესი ფსევდონიმიზირებული (იდენტიფიცირების გარეშე) ჯანდაცვის მონაცემთა ნაკრები, რომელიც 450 მილიონ მოქალაქეს მოიცავს.
შედეგად მოსალოდნელია დაახლოებით €11 მილიარდის ეკონომია, თერაპიებზე სწრაფი და თანაბარი წვდომა, რაც ევროკავშირის ჯანდაცვის სისტემას გლობალურ ოქროს სტანდარტად აქცევს.
EHDS-ის გამოყენება
ევროპული ჯანდაცვის მონაცემთა სივრცის (EHDS) გამოყენების პირველი ნაწილი (Primary Use), უშუალოდ უკავშირდება პაციენტის ყოველდღიურ სამედიცინო მომსახურებას.
EHDS-ის წყალობით, პაციენტები იღებენ ელექტრონულ ჩანაწერებზე მყისიერ წვდომას, რომელიც ხელმისაწვდომია ევროკავშირის მასშტაბით. ეს უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რადგან გამოირიცხება განმეორებითი ტესტები და მცირდება სამედიცინო შეცდომები, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს პერსონალიზებული მკურნალობის გეგმებს. გარდა ამისა, ელექტრონული რეცეპტების გამოყენება შესაძლებელია ევროკავშირის ნებისმიერ აფთიაქში, ხოლო ექიმებს შეუძლიათ პაციენტთა მონაცემების წევრ ქვეყნებს შორის გაცვლა ზუსტი და დროული მკურნალობისთვის.
EHDS-ის ფარგლებში, პაციენტებს აქვთ საკუთარ მონაცემებზე სრული კონტროლი. მათ შეუძლიათ მონაცემების მართვა (დაამატონ შენიშვნები, შეზღუდონ წვდომა და შეასწორონ შეცდომები), მონიტორინგი (თვალყური ადევნონ, თუ ვინ ნახულობს მათ ჩანაწერებს) და აქვთ უფლება, უარი თქვან (Opt-out) მონაცემთა კვლევისა და სტატისტიკისთვის მეორად გამოყენებაზე.
მონაცემთა კონფიდენციალურობას მკაცრად იცავს ევროკავშირის ორი ძირითადი სამართლებრივი აქტი: GDPR და მონაცემთა აქტი. ეს გარანტიაა, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ დაცულ გარემოში, ფსევდონიმიზირებული სახით (რათა პირის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყოს) და გადმოწერის/ჩამოტვირთვის გარეშე (რაც მონაცემთა მასიურ კოპირებას გამორიცხავს).
EHDS-ის ეს სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდება. ნორმატიული წესები 2027 წლამდე დამტკიცდება. უშუალოდ მონაცემთა გაცვლა კი შემდეგნაირად დაიწყება: პაციენტის შეჯამებისა და ელექტრონული რეცეპტების გაცვლა 2029 წლიდან დაიწყება, ხოლო ლაბორატორიული და გამოსახულებითი მონაცემების გაცვლა 2031 წლიდან ამოქმედდება.
EHDS-ის მეორადი გამოყენება
EHDS-ის მონაცემთა გამოყენების მეორე ნაწილი (Secondary Use), მიზნად ისახავს მეცნიერებისა და ინოვაციების ხელშეწყობას ევროპაში. 450 მილიონი ადამიანის ფსევდონიმიზირებული მონაცემების ნაკრები ხსნის უპრეცედენტო შესაძლებლობებს: დაავადებების ნიმუშების იდენტიფიცირება, ახალი თერაპიების, მათ შორის იშვიათი დაავადებების მკურნალობის, დაჩქარებული ტემპით შემუშავება. მოსალოდნელია, რომ ეს ინიციატივა გამოიწვევს ციფრული ჯანდაცვის ბაზრის ზრდას 20-30%-ით, რაც უზრუნველყოფს ტელემედიცინისა და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
პოტენციური საფრთხე:
EHDS-ის წარმატებული დანერგვისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევა იქნება საჭირო, მათ შორის უმთავრესია თავსებადობა (Interoperability). აუცილებელია კოდების, აღრიცხვისა და ენების ჰარმონიზაცია წევრ ქვეყნებს შორის, რათა შესაძლებელი იყოს მონაცემების შეუფერხებლად გაცვლა. ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია მხოლოდ ვალიდური სამკურნალო/კვლევითი მონაცემების გამოყენება და ადმინისტრაციული და ფინანსური (ბილინგის) ჩანაწერების არასაჭირო გავლენის გამორიცხვა.
პაციენტთა წარმომადგენლების ხედვით, მონაცემთა გაერთიანება გააუმჯობესებს წამლის უსაფრთხოებას (ურთიერთქმედების გამოვლენას) ევროკავშირის მასშტაბით. თუმცა, უსარგებლო მონაცემები (Junk Data) დიდ საფრთხეს ქმნის: მიკერძოებამ და ხარვეზებმა შეიძლება საპირისპირო შედეგი მოგვცეს, რადგან „პაციენტები არ გააზიარებენ მონაცემებს, თუ იგრძნობენ, რომ ეს მათთვის წამგებიანია“. ამიტომ, აუცილებელია, პაციენტთა ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთონ ამ ინსტურმენტების სწორად გამოყენებასა და მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებაში.
EU HTA: წამლებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) წამლებს ევროკავშირის მასშტაბით ამტკიცებს, ხელმისაწვდომობა წევრ ქვეყნებში კვლავ არათანაბარია. მაგალითად, ჰემატოლოგიური დაავადებების 142 დამტკიცებული მედიკამენტის ხელმისაწვდომობა ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ია, ზოგან კი 95%.
EU HTA-ის მიზანია სამედიცინო ტექნოლოგიების შეფასების გაუმჯობესება. ეს გულისხმობს შედარებითი ეფექტურობის შეფასების (ახალი მედიკამენტის სტანდარტულ მკურნალობასთან შედარება) ევროპულ დონეზე გადატანას. პროექტი 2025 წელს იწყება ონკოლოგიასა და Advanced Therapy Medicinal Products (ATMPs) მიმართულებით.
გარდა ამისა, EU HTA-ის დანერგვა საკმაოდ რთულია 27 ეროვნული სისტემის მასშტაბით მუშაობის კომპლექსურობისა და საზოგადოების (პაციენტებისა და ექსპერტების) ადრეული ჩართულობის კუთხით. ეს ინტეგრაცია ადვილად ვერ მიიღწევა, რადგან ჯანდაცვის სისტემები ევროკავშირის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება.
სამწუხაროდ, ამ მასშტაბური პროცესის დაწყება ნელია და წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს ჩამორჩება. მაგალითად, 2025 წლისთვის 25 ონკოლოგიური შეფასება იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 10-ის განხორციელებაა მოსალოდნელი. ეს შენელება ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია სიფრთხილით ეკიდება ახალ, ერთიან ევროპულ შეფასების პროცესს, ვინაიდან მათ სჭირდებათ მეტი დრო, რათა სრულად მოერგონ ახალ რეგულაციურ მოთხოვნებს.
2025 წელი ევროპის ჯანდაცვისთვის კარდინალური ცვლილებების დასაწყისია. ინვესტიციები მონაცემთა ხარისხსა და ეთიკურ მენეჯმენტში უზრუნველყოფს ევროკავშირის ჯანდაცვის სექტორის ტრანსფორმაციას ერთიან, პაციენტზე ორიენტირებულ სისტემად.
წყარო: Association of the Scientific Medical Societies in Germany (AWMF)

