დღეს, პირველ აპრილს, როდესაც ტექნოლოგიური სამყარო Apple-ის დაარსების მორიგ იუბილეს აღნიშნავს, სიმბოლური იქნება იმ ტრანსფორმაციული გზის გახსენება, რომელიც კომპანიამ ბოლო წლებში გაიარა, მაგრამ არა მაინც და მაინც ტრადიციული პერსპექტივიდან, არამედ იმ კუთხით, თუ რა როლი ითამაშა კომპანიის მიერ შემუშავებულმა ინოვაციებმა მედიცინისა და ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში.
Apple დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სმარტფონებისა და ლეპტოპების წარმოებას. ვახსენებთ Apple-ს და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ გიგანტზე, რომელმაც სამომხმარებლო ელექტრონიკა პროფესიულ სამედიცინო ინსტრუმენტად აქცია.
ამ ევოლუციის საწყისი წერტილი 2014 წლიდან იწყება, როდესაც HealthKit პლატფორმის წარდგენით Apple-მა პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ჯანდაცვის მიმართულებით ციფრული ეკოსისტემის შესაქმნელად. HealthKit, თავისი არსით, არის ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა და პროგრამული ინტერფეისი, რომელიც მომხმარებლის სხვადასხვა სამედიცინო აპლიკაციიდან მიღებულ ინფორმაციას ერთ უსაფრთხო სივრცეში აერთიანებს.
თუმცა, ნამდვილი გარდატეხა მაინც 2015 წელს Apple Watch-ის გამოჩენას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ახალ სმარტ საათს განიხილავდა, როგორც დახვეწილ აქსესუარს, ამ გაჯეტის გულისცემის ოპტიკურმა სენსორმა მედიცინისთვის მანამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობები გააჩინა.
2015 წელსვე ამოქმედდა ResearchKit, ღია კოდის მქონე პლატფორმა, რომელმაც სამეცნიერო კვლევების მეთოდოლოგია შეცვალა. iPhone-ი გადაიქცა მონაცემთა შემგროვებელ მოწყობილობად, რითაც მეცნიერებს საშუალება მიეცა, ათიათასობით მოხალისის მონაწილეობით ჩაეტარებინათ კვლევები პარკინსონის დაავადების, ასთმისა და დიაბეტის მიმართულებით.
კომპანიამ კიდევ უფრო გაამყარა თავისი პოზიციები 2018 წელს, Apple Watch Series 4-ის გამოსვლით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მასობრივი მოხმარების საათმა ელექტროკარდიოგრამის (ECG) ჩაწერის ფუნქცია შეიძინა – ეს ფუქნცია FDA-ს მიერ იქნა ავტორიზებული.
მომხმარებელმა მიიღო ინსტრუმენტი, რომელსაც წინაგულების ფიბრილაციის, ინსულტის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევის, ადრეულ ეტაპზე დაფიქსირება შეეძლო. ამას მოჰყვა 2020 წელს სისხლში ჟანგბადის დონის (SpO2) საზომი სენსორის ინტეგრირება, რაც პანდემიის პერიოდში რესპირატორული ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
დღეს Apple-ის გავლენა მედიცინაზე კიდევ უფრო ფართოვდება. კომპანია აღარ შემოიფარგლება მხოლოდ მონაცემთა პასიური შეგროვებით, ის ქმნის ეკოსისტემას, სადაც პაციენტი და ექიმი ერთიან ციფრულ სივრცეში თანამშრომლობენ.
ამგვარად, Apple-ის იუბილეზე მისი, როგორც ჯანდაცვის სექტორში ინოვატორის აღიარება, ტექნოლოგიური განვითარების ტრაექტორიის სწორი გააზრებისთვის აუცილებელია.

