სხეულის ბუნებრივი კონდიციონერი — როგორ ვიცავთ თავს გადახურებისგან

გააზიარე

სახე გიხურდებათ, ოფლიანობას იწყებთ და ყველაზე მეტად სადმე გრილ ადგილას გადანაცვლება გინდათ.

ერთი შეხედვით, მიზეზი მარტივია: გვცხელა იმიტომ, რომ გარემოში მაღალი ტემპერატურაა. უბრალოდ, ამისთვის გარეთ აუცილებლად 35 გრადუსი სულაც არ უნდა იყოს.

შეიძლება ზამთარში დარბაზში იდგეთ, კონდიციონერი მუშაობდეს და რამდენიმე წუთიანი ვარჯიშის შემდეგ მაინც ოფლად იწურებოდეთ. შეიძლება თბილ ოთახში სხვები თავს კომფორტულად გრძნობდნენ, თქვენ კი ფანჯრის გაღება გინდოდეთ.

საქმე ისაა, რომ სითბო მხოლოდ გარედან არ მოდის… მას ჩვენი სხეულიც მუდმივად წარმოქმნის.

ჩვენ თვითონაც სითბოს წყარო ვართ

ჩვენს ორგანიზმში სიცოცხლის შესანარჩუნებლად განუწყვეტლივ მიმდინარეობს ქიმიური პროცესები. საკვებიდან მიღებულ ენერგიას უჯრედები მოძრაობისთვის, ორგანოების მუშაობისთვის, ახალი ნივთიერებების წარმოსაქმნელად და უამრავი სხვა საქმისთვის იყენებს.

ამ პროცესებში ენერგიის ნაწილი სითბოდ გამოიყოფა. ამიტომ, სითბოს მაშინაც ვქმნით, როცა უბრალოდ ვსხედვართ. გული მუშაობს, ტვინი ენერგიას მოიხმარს, ღვიძლში ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს და უჯრედები ერთი წამითაც არ ჩერდება.

ფიზიკური აქტივობისას ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს. როცა დარბიხართ ან სიმძიმეს წევთ, კუნთები გაცილებით აქტიურად მუშაობს. მეტი ენერგია იხარჯება და მეტი სითბოც წარმოიქმნება.

შესაბამისად, შეიძლება დარბაზში საკმაოდ გრილოდეს, თქვენ კი მაინც გცხელოდეთ.

სხეულისთვის პრობლემა ისაა, რომ ეს სითბო სადღაც უნდა წავიდეს…

ადამიანის ორგანიზმს შიდა ტემპერატურის შედარებით ვიწრო დიაპაზონში შენარჩუნება სჭირდება. თუ სითბოს უფრო სწრაფად ვქმნით ან გარემოდან ვიღებთ, ვიდრე მის დაკარგვას ვახერხებთ, სხეულის ტემპერატურა მოიმატებს.

სწორედ ამიტომ ორგანიზმს საკუთარი გაგრილების სისტემა აქვს.

ტვინში თერმოსტატი გვაქვს?

სხეულის ტემპერატურის რეგულაციაზე საუბრისას ხშირად ჰიპოთალამუსს ახსენებენ. ეს ტვინის პატარა უბანია, რომელსაც ზოგჯერ ორგანიზმის თერმოსტატსაც ადარებენ.

რეალური სისტემა, რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია.

კანსა და სხეულის შიგნით ტემპერატურის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები გვაქვს. ტვინი მათგან მუდმივად იღებს ინფორმაციას, ჰიპოთალამუსს კი ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს იმ პროცესების მართვაში, რომლებიც სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში გვეხმარება.

როდესაც ზედმეტი სითბო გროვდება, გაგრილების მექანიზმები აქტიურდება.

ერთ-ერთი პირველი ცვლილება კანში ხდება. სისხლძარღვები ფართოვდება და ზედაპირთან მეტი თბილი სისხლი მიდის. ასე სხეულს გარემოში სითბოს გაცემა უადვილდება.

სწორედ ამიტომ შეიძლება სიცხეში ან ვარჯიშის შემდეგ სახე ისე გაგვიწითლდეს, თითქოს ვიღაცამ უხერხული შეკითხვა დაგვისვა.

შემდეგ კი საქმეში ჩვენი ბუნებრივი კონდიციონერის მთავარი ნაწილი ერთვება… ოფლიანობა!

რატომ გვაგრილებს ოფლი?

ოფლიანობა შეიძლება სიცხის ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო ნაწილად გვეჩვენებოდეს, მაგრამ მის გარეშე ცხელ გარემოში სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება გაცილებით რთული იქნებოდა.

საოფლე ჯირკვლები კანის ზედაპირზე სითხეს გამოყოფს!

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: მხოლოდ ის ფაქტი, რომ კანი ოფლით დასველდა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სხეული ეფექტიანად გრილდება, მთავარი ოფლის აორთქლებაა.

წყლის თხევადი მდგომარეობიდან ორთქლად გადასაყვანად ენერგიაა საჭირო. როდესაც ოფლი კანის ზედაპირიდან ორთქლდება, ამისთვის საჭირო სითბოს ნაწილს ჩვენი სხეულისგან იღებს. შედეგად კანი და მასთან ერთად ორგანიზმიც გრილდება.

ამიტომ არის გაოფლიანებულ კანზე ნიავი განსაკუთრებით სასიამოვნო. ჰაერის მოძრაობა ოფლის აორთქლებას აჩქარებს.

ამავე მიზეზით გვეხმარება ვენტილატორიც. ის ჰაერს კონდიციონერივით არ აგრილებს. ოთახის ტემპერატურა შეიძლება საერთოდ არ შეიცვალოს, ჩვენ კი თავი მაინც უკეთ ვიგრძნოთ, რადგან მოძრავი ჰაერი სხეულს სითბოს დაკარგვაში ეხმარება.

და სწორედ აქ ჩნდება საინტერესო კითხვა: თუ ოფლიანობა ასე კარგად გვაგრილებს, რატომ არის ნოტიო სიცხე ასეთი აუტანელი?

რატომ არის ნოტიო სიცხე განსაკუთრებით მძიმე?

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ერთი და იგივე ტემპერატურა ყოველთვის ერთნაირად არ იგრძნობა.

ერთ დღეს 30 გრადუსი შეიძლება შედარებით ასატანი იყოს, მეორე დღეს კი იმავე ტემპერატურაზე რამდენიმე წუთში ოფლად იწურებოდეთ.

ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ჰაერის ტენიანობაა.

როდესაც ჰაერი უკვე დიდი რაოდენობით წყლის ორთქლს შეიცავს, კანის ზედაპირიდან ოფლის აორთქლება რთულდება.

ორგანიზმი ოფლის გამოყოფას მაინც აგრძელებს. შეიძლება უხვადაც ვოფლიანობდეთ, მაგრამ თუ ოფლი კანიდან ეფექტიანად ვერ ორთქლდება, გაგრილების ეფექტიც მცირდება.

ამიტომ ნოტიო სიცხეში შეიძლება ერთდროულად ძალიან ბევრს ვოფლიანობდეთ და მაინც გვიჭირდეს გაგრილება.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ მხოლოდ თერმომეტრის მაჩვენებელი ვერ გვეუბნება, რამდენად რთული იქნება ორგანიზმისთვის კონკრეტული გარემო. მნიშვნელობა აქვს ტენიანობას, ჰაერის მოძრაობას, მზის პირდაპირ გამოსხივებას, ტანსაცმელსა და ფიზიკურ აქტივობასაც.

სხეულისთვის მთავარი ისაა, რამდენ სითბოს ვიღებთ და ვქმნით და რამდენის დაკარგვას ვახერხებთ.

ოფლიანობას თავისი ფასი აქვს

გაგრილების ამ სისტემას რესურსიც სჭირდება. ოფლთან ერთად წყალსა და ელექტროლიტებსაც ვკარგავთ. თუ დაკარგულ სითხეს არ შევავსებთ, შეიძლება გაუწყლოება განვითარდეს.

აქ ერთგვარი დამაბნეველი წრე იკვრება.

სიცხის გამო ვოფლიანობთ, ოფლიანობით წყალს ვკარგავთ, მნიშვნელოვანი გაუწყლოება კი ორგანიზმს ტემპერატურის ეფექტიანად რეგულირებას კიდევ უფრო ურთულებს.

სწორედ ამიტომ სიცხეში წყლის მიღება მხოლოდ წყურვილის მოკვლა არ არის. სითხე სხეულის გაგრილების სისტემის ნორმალურად მუშაობისთვისაც გვჭირდება.

როდის ხდება სიცხე საშიში?

უმეტეს შემთხვევაში ჩვენი სხეული ტემპერატურის რეგულირებას საკმაოდ კარგად ახერხებს. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც სითბოს უფრო სწრაფად ვიღებთ ან ვქმნით, ვიდრე მის დაკარგვას ვახერხებთ.

გადახურებას შეიძლება ახლდეს სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი და ძლიერი ოფლიანობა.

უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სითბური დაკვრა.

ეს უკვე უბრალოდ “ძალიან ცხელა” აღარ არის. სითბური დაკვრის დროს სხეულის ტემპერატურა სახიფათოდ იმატებს და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაც შეიძლება დაირღვეს.

სითბური დაკვრა გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა.

როგორც ვხედავთ, სისტემას, რომელიც ყოველდღიურად თითქმის შეუმჩნევლად გვიცავს, თავისი შესაძლებლობების ზღვარიც აქვს.

და ალბათ სწორედ ესაა ყველაზე საინტერესო: ოფლი, გაწითლებული სახე და სიცხეში აჩქარებული გულისცემა შეიძლება უსიამოვნოდ გვეჩვენებოდეს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი იმ სისტემის მუშაობის შედეგია, რომელიც ჩვენს სხეულს გადახურებისგან იცავს.

სანამ ჩვენ კონდიციონერს ვეძებთ, ორგანიზმი საკუთარ “კონდიციონერს” უკვე ამუშავებს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები